ნოდარ ნათაძე - “ისტორია სიმართლეს ვერ იტყვის, თუ ფაქტი არ დადე

ნოდარ ნათაძე - “ისტორია სიმართლეს ვერ იტყვის, თუ ფაქტი არ დადე

“კვირის პალიტრის” წამოწყებას - ეროვნული მოძრაობის უმნიშვნელოვანესი ეპიზოდების გახსენებას - ბევრი გამოეხმაურა. საინტერესო ინფორმაციაც მოგვაწოდეს და წლების განმავლობაში რუდუნებით შედგენილი არქივებიც გვანდვეს.

ჩვენს მკითხველს ამჯერად ეროვნული მოძრაობის სათავეებსა და ეროვნული ხელისუფლების უმძიმეს არჩევანზე ვესაუბრებით.

ნოდარ ნათაძე: “1987 წელს, როდესაც ეროვნული მოძრაობის ტალღა აზვირთდა, ზვიად გამსახურდია დამარცხებული პოლიტიკური ფიგურა იყო, თავისი სატელევიზიო მონანიების გამო. გამსახურდიას იმედით კი არ უყურებდნენ, არამედ სინანულით. მის პოლიტიკურ გამოცოცხლებას ხელი შეუწყო გაზეთ “კომუნისტის” მედროშეობით მის წინააღმდეგ ცილისმწამებლური კამპანიის გაჩაღებამ, რომელსაც ნუგზარ ფოფხაძე ედგა სათავეში.

ეროვნული მოძრაობის ლიდერთა და ლიდერობის პრეტენდენტთა პიროვნული ერთიანობა დიდ პრობლემად იქცა. “ილია ჭავჭავაძის საზოგადოების” ჩამოყალიბების შემდეგ ზვიად გამსახურდიამ საყვედური გამოთქვა, მის სათავეში ჩვენ გვეკუთვნის ყოფნაო. საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი გურამ მამულია იყო. მისი და ზვიად გამსახურდიას ურთიერთობა ძალზე დაიძაბა, რაც იმ ეტაპზე არასასურველი იყო. ზვიად გამსახურდიას სხვაზე უკეთ შეეძლო ხალხის მოზიდვა, გურამ მამულია კი ძალზე შრომისუნარიანი იყო.

1981 წლის 5 ნოემბერს “ილია ჭავჭავაძის საზოგადოებამ” პირველი ლეგიტიმური მიტინგი მოაწყო იპოდრომზე. 5 ათას მომიტინგეში 2 ასეული უშიშროების აგენტი მაინც ერია. ამას იმით ვხვდებოდი, რომ მიტინგისას დროდადრო, 25-30 წუთის ინტერვალით, ყველა მხარეს რაღაც თავისებური ჩუმი სტვენა იწყებოდა, რომელიც სისინს წააგავდა. ეტყობა, ამით ან საკუთარ ურთიერთკავშირს ამოწმებდნენ, ან მიტინგის მონაწილეებს აფრთხილებდნენ, რომ თავი კონტროლის გარეშე დარჩენილად არ ჩაეთვალათ. მიტინგი 4 საათს გაგრძელდა. მიტინგის ორგანიზატორი გურამ მამულია ძალზე ამაყობდა წარმატებით, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ ისევ იპოდრომზე 80-ათასიანი მიტინგი ჩაატარა სხვა ჯგუფმა. მიტინგის მთავარი ფიგურა ზვიად გამსახურდია იყო. ეს გურამ მამულიამ ვერ აიტანა და შურმა დააწერინა ღვარძლიანი წერილი გაზეთ “კომუნისტში”. ეს ან შურით უნდა გაეკეთებინა, ან სუკ-ის ბრძანებით. ამ წერილის გამო გურამ მამულია, როგორც ხელისუფლების რუპორი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან გაირიცხა. სხვათა შორის, ის არ მალავდა ეჭვს, რომ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების სამსახურები “ფაქიზად” მართავდნენ და გამსახურდიაც დაახლოებით ასეთივე ეჭვით პასუხობდა. დიდი ხნის შემდეგ ერთმა ხორციან-სულიანად რუსეთის სამსახურში მდგომმა კაცმა, შემდგომში პარლამენტის წევრმა მითხრა, 1991-92 წლების გადატრიალების წინ გურამ მამულია ელდარ შენგელაიასთან ერთად რუსეთის პარლამენტარებს ევედრებოდა, საქართველოს “ყურადღება” მიაქციეთ, ანუ გამსახურდიას დამხობაში მიიღეთ მონაწილეობაო.

იპოდრომის მიტინგზე ვნახე პირველად გია ჭანტურია, რომელიც გეორგიევსკის ტრაქტატის იუბილეს საწინააღმდეგო პროკლამაციების გამო იყო დაპატიმრებული. გია ჭანტურია ზვიად გამსახურდიას წრეში ტრიალებდა - ცოცხალი, გონებასწრაფი ბიჭი იყო. იმ ახალგაზრდებს შორის, რომლებიც ყველაზე აქტიურნი იყვნენ ეროვნულ მოძრაობაში, ყველაზე პერსპექტიულად გია ჭანტურიას ვთვლიდი. ჩემი აზრით, კონკურენტად მხოლოდ ირაკლი ბათიაშვილი ჰყავდა.

იპოდრომზე გამართულ 80-ათასიან მიტინგში ერთადერთი მკვეთრი დისონანსი, რომელიც მოპირდაპირე მხარემ მაშინვე აიტაცა და შემდეგში არაერთხელ შეუხსენებიათ - ირაკლი წერეთლის სიტყვები იყო - “ქაჯეთის ციხე უნდა ავიღოთო”. ქაჯეთს ცეკას შენობას ეძახდნენ. მაშინ წერეთელს ძალადობისკენ, ხელისუფლების ძალით დამხობისკენ მოწოდება დაბრალდა. ამ მიტინგმა გახსნა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ტრიუმფალური წინსვლის ხანმოკლე ერა, რომლის შემდეგაც მასში არაორგანული ელემენტების შერევისა და ზნეობრივი პრობლემების შედეგად შინაგან წყლულთა და განხეთქილებების გაჩენის პროცესი დაიწყო.

მოგვიანებით გია ჭანტურია მოსკოვს გაემგზავრა. იქიდან ჩამოსვლის შემდეგ ვეღარ ვიცანი. იერგამოცვლილი, დამძიმებული და დადინჯებული მეჩვენა. იმ წრეს, რომელთანაც უპირატესი კონტაქტი მქონდა და რომელიც მერაბ კოსტავას ბინასა და ეზოში იკრიბებოდა, არ ეკარებოდა. ხშირად მესმოდა მასსა და ზვიადს შორის განხეთქილების შესახებ.

მახსენდება 1989 წლის 18 თებერვლის მიტინგი (მაშინ რკინიგზის ინსტიტუტის შენობიდან ბუკიას ბაღისკენ დავიხიეთ), რომელიც სპეცდანიშნულების ქვედანაყოფებმა დაშალეს. დავინახე, რამდენიმე კაცმა სწრაფი ილეთით ძირს დასცა მერაბ კოსტავა და კეფა ქვაზე დაარტყმევინა. დარბევის დროს ქუჩაზე იდგა შს მინისტრის მოადგილე, პირხმელი და ტანდაბალი ანქვაბი (ამჟამად ბაღაფშის მარჯვენა ხელი), რომელიც რუსულად იძლეოდა განკარგულებებს.

ვალტერ შურღაია, უზენაესი საბჭოს წევრი: - ისტორია სიმართლეს ვერ იტყვის, თუ ფაქტები არ დადე. ამის გაკეთება კი ჩვენი ვალია. შთამომავლობამ უნდა იცოდეს, რა მოხდა საქართველოში. ამბობენ ხოლმე, ისტორია იტყვის სიმართლესო, არ დაიჯეროთ. იმის დამტკიცება მინდა, რაც ცუდი ხდება, პუტჩის შედეგია-მეთქი. თუნდაც ლტოლვილების პრობლემა ავიღოთ: თუ ლტოლვილები მართლაც აფხაზეთში დაბრუნდნენ, საქართველოს ახალი დაუძინებელი მტერი გაუჩნდება იმ ქართველების სახით, რომლებიც აფხაზეთში ჩავლენ და მუხლმოყრილნი შეევედრებიან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, მიგვიღეთო.

ჩვენ მოვუწოდებდით, ვევედრებოდით იმ ძალებს, ოპოზიციას რომ უწოდებდნენ თავს, ნუ დაუშვებთ პრეცედენტს, რომ ხელისუფლება ძალით გადადგეს, თორემ ეს ტრადიციად იქცევა-თქო. ასეა, თუ კაცმა ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახა, თუ შეუძლია მეორის, თავისი სისხლისა და ხორცის მოკვლა, მერე ვეღარაფერი დაამუხრუჭებს. იმიტომ თქვა სტალინმა, ერთი კაცის სიკვდილი ტრაგედიაა, ხოლო ბევრისა სტატისტიკაო. ამ უკიდურესობამდე მივედით მაშინ. კიდევ კარგი, ერთი კაცის - სანდრო გირგვლიანის მკვლელობა რომ საზოგადოებამ ტრაგედიად აღიქვა. ეს იმის ნიშანია, რომ ხალხი ცოტა შემოტრიალდა, მაგრამ რა ხდებოდა პუტჩის შემდგომ პერიოდში, რომელსაც ზოგი სამოქალაქო დაპირისპირებას უწოდებს? ეს არ იყო სამოქალაქო ომი და ამის დამტკიცება მინდა.

- ხშირად ამბობენ, ეს “მრგვალი მაგიდის” შიგნით დაწყებული განხეთქილება იყო, რომელმაც დიდი მასშტაბი შეიძინაო.

- არა, ეს არ ყოფილა ერთი პარტიის განხეთქილება. მეც მესმის ჩვენი მოწინააღმდეგეების ლაპარაკი - ჩვენ რა შუაში ვართ, მაგათ ერთმანეთი დახოცესო. რაკი პრემიერ-მინისტრი ორგანიზაციის წევრი იყო, ეს არ ნიშნავს, რომ დაპირისპირება “მრგვალ მაგიდაში” მოხდა. სინამდვილეში ყველაფერი კომუნისტური წყობილების მიერ დატოვებულმა ნომენკლატურამ დაიწყო, რომელიც პრივილეგიების აღდგენას ლამობდა. ე. წ. ინტელიგენცია, რომელსაც ერის მამის როლი უნდა ეტვირთა, დაგვიპირისპირდა, უფრო დიდი ნაწილი კი ჩვენკენ იყო. სად არის აქ ერთპარტიული განხეთქილება? ამ საკითხზე დასაბუთებული, ფაქტებით ლაპარაკია საჭირო, ამაზე საშური საქმე, ვფიქრობ, დღეს არაფერია.

თუ ძველი შეცდომები არ გავაანალიზეთ, ისეთი დაპირისპირებაა საზოგადოებაში, აუცილებლად დადგება კიდევ ერთი საშიში პერიოდი საქართველოში.

1991-92 წლების მოვლენები რომ არ ყოფილიყო, არც აფხაზეთის ტრაგედია იქნებოდა.

- მოდით, იმ შეცდომებზე ვილაპარაკოთ, რომელიც დაპირისპირების მიზეზი გახდა.

- არსებობს გამოთქმა, ნუ ილაპარაკებ საკუთარ ნაკლზე, ამას შესანიშნავად გააკეთებენ შენი მეგობრებიო. ამ “ჩვენმა მეგობრებმა” გვითხრან, რა შეცდომები და დანაშაული გვქონდა. თუ ყურადღება მიაქციეთ, დღეს ყველა ცდილობს იმის დამტკიცებას, რომ პუტჩში არ მონაწილეობდა. ესე იგი მოდის დრო, როდესაც სირცხვილია ეროვნული ხელისუფლების ჩამოგდებით თავმოწონება. მიხვდნენ, რომ თუნდაც მძიმე შეცდომების გამო არ ღირდა ტყვიის გასროლა; მიხვდნენ, რომ ქვეყანა დაღუპეს. წავიკითხე ბუბა კიკაბიძის ინტერვიუ, სადაც აცხადებს, პუტჩში არ ვმონაწილეობდიო. წავიკითხე ჭეშმარიტად დიდი ფეხბურთელის, დათო ყიფიანის მეგობრის ინტერვიუ, რომელშიც ამბობს - დათოს პუტჩში მონაწილეობაც კი დააბრალესო.

- ორივე მონაწილეობდა დაპირისპირებაში?

- (ჩემი რესპონდენტი მრავალმნიშვნელოვნად დუმს.-ავტ.) სწორედ ის უნდა გაირკვეს, მონაწილეობდნენ თუ არა. თუ არ მონაწილეობდნენ, რატომ უნდა ჰქონდეთ ეს ლაქა? მთავარია, ეს ხალხი ნებსით თუ უნებლიეთ აღიარებს, რომ ამ პროცესში მონაწილეობა დიდი ნაკლია. თქვენი გაზეთი ამ მოვლენების გახსენებით დიდ საქმეს აკეთებს და ამას თუ ტელევიზიაც დაეხმარება, კარგი იქნება.

რა შეცდომებზე შემიძლია ლაპარაკი?.. რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას არ ჰქონდა გამოცდილება, მაგრამ ზვიადს ჰქონდა გადაწყვეტილების მიღების უნარი. დღევანდელი გადასახედიდან ზვიადის ყველა გადაწყვეტილება სწორი იყო.

მოსკოვში რომ პუტჩი მოხდა, ზვიადი ყაზბეგში იყო. თბილისი დაბნეულობამ მოიცვა, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმი შეიკრიბა და ამ დროს ზვიადიც ჩამოვიდა. ძალიან მძიმე ვითარება იყო, პუტჩისტებმა განაცხადეს, რომ საბჭოთა კავშირის გაძლიერება უნდოდათ. ეს კი ნიშნავდა სისხლსა და ნგრევას საქართველოში და ჩვენს ისევ დამონებას. ზვიადმა მშვიდად თქვა, პუტჩი უნდა დავგმოთ, მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ის სხვა სახელმწიფოში მოხდა და ვერ ჩავერევითო. ბოლოს კი დასძინა, ერთხელ მაინც მოვიქცეთ ისე, ჩვენი ქვეყანა სხვის ნანგრევებში არ მოყვესო. ასეც გავაკეთეთ. ოპოზიცია კი მოითხოვდა, ხელჩართულ ბრძოლაში ჩავრთულიყავით. იყო მიტინგები და გამოსვლები. განსაკუთრებით ედპ და გიორგი ჭანტურია აქტიურობდნენ. ბრალად გვდებდნენ, სამშობლოს უღალატეთო.

მახსოვს, როდესაც პუტჩისტების თავკაცმა იანაევმა დაურეკა ზვიადს, გვერდით ვედექი. იანაევმა მხარდაჭერა მოითხოვა. ზვიადმა კი უპასუხა, მე ჩემი ქვეყნის დამოუკიდებლობისათვის ვიბრძვიო. მაშინ თბილისს ისე დავბომბავ, მისგან მტვერიც არ დარჩებაო... ამას ვერ შეძლებო, უთხრა ზვიადმა.

როდესაც ეროვნულმა მოძრაობამ პიკს მიაღწია, მაშინ საბჭოთა კავშირის შსს-მ საქართველოს შს მინისტრ გორგოძისგან მოითხოვა, მილიციაში არსებული შეიარაღება მოსკოვში გადაეგზავნათ. დაახლოებით 20 ათასი ერთეული ავტომატური იარაღი გაიგზავნა მოსკოვში. გორგოძე არც შეწინააღმდეგებია რუსებს. გასაგებია, ისიც მოსკოვს ემორჩილებოდა, მაგრამ ასეთ მზაკვრულ ბრძანებას “ხუთიანზე” მაინც ნუ შეასრულებ... ხელისუფლებაში რომ მოვედით და ქვეყნის მშენებლობას ვიწყებდით, ერთი ცალი ავტომატური იარაღი არ გვქონდა, არადა ისეთი არმიის შექმნა გვინდოდა, რომელიც სამშობლოს დაიცავდა. ამიტომ სკოლებსა და ინსტიტუტებში არსებული სასწავლო იარაღების გადაკეთება დავიწყეთ. როდესაც იანაევმა დაგვირეკა და დაგვემუქრა, ზვიადმა უპასუხა - შენი არ მეშინია, ამას ვერ გააკეთებო. ამას ამბობდა კაცი, რომელსაც ზურგს 100 ცალი გადაკეთებული სასწავლო იარაღი უმაგრებდა. ოდნავი შიში და უპრინციპობა რომ გამოეჩინა მაშინ გამსახურდიას, ჩანასახშივე მოკვდებოდა საქართველოს დამოუკიდებლობა.