"ინტერ რაომ" თბილისს ენერგოტარიფის შემცირების მექანიზმის გახანგრძლივება შესთავაზა

რუსული გაზეთ "კომერსანტის" ინფორმაციით, "ინტერ რაომ" საქართველოს ხელისუფლებას მოსახლეობისთვის ენერგოტარიფის შემცირების ამჟამად მოქმედი დროებითი მექანიზმის გრძელვადიანი პერიოდით გახანგრძლივება შესთავაზა.

გაზეთი წერს, რომ ეს გამოიწვევს რუსული ჰოლდინგის მიერ კონტროლირებადი კომპანია "თელასის" შემოსავლების შემცირებას - მისი შემოსავლების სტრუქტურაში მოსახლეობის გადასახადები თითქმის ნახევარს შეადგენდა. თუმცა, ამასთან, "კომერსანტის" ინფორმაციით, "ინტერ რაო" არ აპირებს შეამციროს ქართული ენერგოაქტივების ინვესტირების პროგრამა, რაც შემცირებული შემოსავლების კომპენსაციის მექანიზმების შემოღებას მოითხოვს.

"საქართველოს ენერგოკომპანიამ "თელასმა", რომელიც რუსული ჰოლდინგის, "ინტერ რაოს" კონტროლქვეშაა, თბილისს ელექტროენერგიის ფასების დაწევის კომპრომისული ვარიანტი შესთავაზა.2012 წლის დეკემბრის ბოლოს ქვეყნის პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა და "ინტერ რაოს" თავკაცმა ბორის კოვალჩუკმა ხელი მოაწერეს დროებით მემორანდუმს, 2013 წლის მარტის ბოლომდე ელექტროენერგიის ტარიფების დაწევის თაობაზე. შედეგად, სამი თვის განმავლობაში მომხმარებელთათვის, რომლებიც თვეში 300 კვტ. საათამდე ხარჯავენ, ტარიფი კილოვატზე 0,0354 ლარით შემცირდა.

როგორც "კომერსანტს" არსებულ მდგომარეობაში გარკვეულმა წყარომ განუცხადა, "ინტერ რაოს" სურს, საქართველოს ხელისუფლებასთან თითქმის მსგავსი პირობების შესახებ ხელშეკრულების 2025 წლამდე გახანგრძლივება, რომელიც ახლა მარტის ბოლომდეა დადებული. თუმცა ოფიციალურ თბილისს რუსული ენერგოჰოლდინგის შეთავაზებაზე ჯერ არ უპასუხია", - წერს გაზეთი.

"კომერსანტი" აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართული ოცნება", 2012 წლის არჩევნებში გამარჯვებამდე, მოსახლეობას ენერგოტარიფების ორჯერ შემცირებას შეჰპირდა.

"ეს უნდა შეხებოდა "ინტერ რაოს", მათ შორის "თელასის" ენერგოაქტივებსაც. თუმცა, არჩევნების შემდეგ საქართველოს ახალმა მთავრობამ აღიარა, რომ ვერ მოხერხდებოდა ფასების მკვეთრი შემცირება. რუსეთის ენერგოჰოლდინგთან მოლაპარაკებები 2012 წლის შემოდგომით დაიწყო, თუმცა უკვე დეკემბერში სიტუაცია გაუარესდა: ქრთამის აღებისა და სხვა კანონდარღვევების ბრალდებით, ყოფილი ხელისუფლების რამდენიმე ჩინოვნიკი და "ინტერ რაოს" ქართული ენერგოაქტივების გენერალური დირექტორი დევი კანდელაკი დააკავეს. ამ ეტაპზე ყველა დაკავებული გირაოთია გათავისუფლებული", - წერს გაზეთი.
სტატიაში აღნიშნულია, რომ "თელასისთვის" ენერგოტარიფები საქართველოს ხელისუფლებასთან ჯერ კიდევ 2011 წელს დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრება.

"ძირითადად, სწორედ ის აფიქსირებდა ქართული გენკომპანიებისგან
შესყიდული ფასების დიაპაზონს (0,03-0,036$ 1
კვტ სააათის სანაცვლოდ) და ითვალისწინებდა "თელასის" ინვესტირების პროგრამის დაფინანსებას. მომხმარებლისთვის ფასების შემცირება ამ პროგრამას კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს. "კომერსანტის" წყაროს განცხადებით, საქართველოს მთავრობისთვის "ინტერ რაოს" მიერ შეთავაზებული წინადადება არ მოიაზრებს ინვესტიციების შემცირებას ან სხვა მომხმარებლებისთვის ტარიფების პროპორციულ ზრდას, დაკარგული შემოსავლების დაფარვის მიზნით. წყარო ასევე აცხადებს, რომ იგეგმება "კომპენსაციის სხვა მექანიზმების" გამოყენება, თუმცა, თავს იკავებს დაკონკრეტებისგან", - წერს "კომერსანტი"

გამოცემა აღნიშნავს, რომ წინასწარი შეთანხმება საქართველოს მთავარობასთან შესაძლოა, შეეხოს მომხმარებელთა ნახევარს, ვინც ელექტროენერგიას "თელასისგან" ყიდულობს. ენერგოკომპანიის 2011 წლის მონაცემებით, მოსახლეობის გადასახადებმა შემოსავლების 49% შეადგინა.

"გასაყიდი ფასების შემცირების შედეგად, მომხმარებლები მხოლოდ 0,0994 ლარს გადაიხდიან 1 კვტ საათის სანაცვლოდ თვეში 100 კვტ. საათი ელექტროენერგიის დახარჯვის შემთხვევაში, თვეში 101-დან 300 კვტ. საათი ელექტროენერგიის დახარჯვისას კი, 1 კვტ.საათის სანაცვლოდ 0,1246 ლარს გადაიხდიან", - აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, რუსი ანალიტიკოსის, სერგეი ბეიდანის აზრით, საქართველოს მთავრობის მიერ "ინტერ რაოს" დაკაგული შემოსავლების კომპენსაცია, მაგალითად, პირდაპირი ან არაპირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსების ხარჯზე, არც თუ ისე ადვილი იქნება. თუმცა, ბეიდანისვე თქმით, ჰოლდინგის მთლიან შემოსავალზე ქართული სეგმენტი მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს.

მომზადებულია Коммерсантъ-ის მიხედვით.