თბილისი თუ მოსკოვი? - რომელ ქვეყნას აირჩევს სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად

თბილისი თუ მოსკოვი? - რომელ ქვეყნას აირჩევს სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტზე მოსალაპარაკებლად

რომელ ქვეყანას მიანიჭებს უპირატესობას სომხეთი და აზერბაიჯანი ყარაბაღის კონფლიქტზე მშვიდობიანი მოლაპარაკებისთვის - რუსეთს თუ საქართველოს? - ორივე ქვეყნისგან შეთავაზება უკვე გაკეთებულია.

საქართველო მოუწოდებს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, საქართველო მზად არის, ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობის დამყარებას და დიალოგის გამართვის მიზნით, კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

 „აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე.

კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს მაქსიმალურად გამოიყენონ თავისი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისათვის.

მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე ქვეყანასთან - აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

ისტორიულად, საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები, ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე, მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებს და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთ კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ.

ჩვენი საერთო ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზად არის, ნებისმიერი ფორმით შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით, უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში“, - აღნიშნულია გიორგი გახარიას განცხადებაში.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და მთიანი ყარაბაღის რეგიონში მიმდინარე დაპირისპირების შესაჩერებლად მოლაპარაკებების გამართვა მოსკოვში შესთავაზა.

ამ დროისთვის ორივე ქვეყანა ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ბაქოსთვის საომარი მოქმედებების შესაწყვეტად აუცილებელია, სომხეთმა დაუყოვნებლივ და სრულად გაიყვანოს საკუთარი ჯარები ყარაბაღის რეგიონიდან. სომხეთის პრემიერ მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით კი, მაშინ, როდესაც ასეთი მასშტაბის ბრძოლა მიმდინარეობს, მოლაპარაკებები შეუფერებელია.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ყარაბაღის კონფლიქტის საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან, ემანუელ მაკრონთან სატელეფონო საუბარში განიხილა. მათ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისაკენ მოუწოდეს.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ საფრანგეთი „სომხური ოკუპაციის“ მხარდაჭერაში დაადანაშაულა. თავის მხრივ, მაკრონმა თურქეთის მხრიდან „საომარი გზავნილები“ გააკრიტიკა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულები არიან უცხოელი მებრძოლები სირიიდან და ლიბიიდან, რაც შემაშფოთებელია.

„უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებების მებრძოლები, მათ შორის სირიიდან და ლიბიიდან, ჩაჰყავთ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, რათა პირდაპირ ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა. ჩვენ ღრმად შეშფოთებულები ვართ ამ პროცესით, რაც არა მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციას გამოიწვევს, არამედ შექმნის გრძელვადიან საფრთხეს რეგიონის ყველა ქვეყნისათვის“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ გიორგი გახარიას შეთავაზება ნამდვილად დროულია, თუმცა მას რეალობაში განხორციელება არ უწერია. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების მხრიდაან სულ არაფრის თქმას სჯობდა, თუმცა რუსეთი მხარეებს არ მისცემს საშუალებას მოლაპარაკებების მაგიდასთან თბილისში დასხდნენ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრისთქმით, ეს განცხადება რომ არაფრის მომცემია, გახარიამაც კარგად იცის, თუმცა ამას მაინც შიდა მოხმარების სახე აქვს და წინასაარჩევნოდ გაკეთებული განცხადება უფროა.

„გახარიას განცხადება მართალია დროულია, მაგრამ ეს არის მკვდარი ნომერი, რადგანაც რუსეთი ყველამ კარგად იცის, რომ ამის საშუალებას არ მისცემს. ეს არის წინასაარჩევნოდ მომზადებული ნომერი, ამ შეთავაზებაში ცუდი არაფერია, მაგრამ სულ არაფრის თქმასაც სჯობია. არჩევნებისთვის და შიდაპოლიტიკური მომხამარებისთვის ძალიან კარგი განცხადებაა. სინამდვილეში 90-იანი წლებიდან მინსკის კომისიაა შექმნილი, სადაც 10-მდე სახელმწიფოა ჩართული. მხოლოდ და მხოლოდ 3 სახელმწიფო მუშაობს, რომლებიც მინსკის თანათავმჯომარეები არიან: შეერთებული შტატები, რუსები და ფრანგები. ამ კონფლიქტში კი ყოველდღიურად მხოლოდ რუსეთია ჩართული. ტრამპის შემდეგ ამერიკამ საერთოდ დისტანცირება მოახდინა ამ თემისგან და ყარაბაღის საკითხზე საერთოდ არ აქტიურობს. საფრანგეთი კი მხოლოდ რუსეთს უსმენს და რასაც ის ეტყვის, იმას ითვალისწინებს. ამიტომაც საქართველოს როლი ამ შემთხვევაში როგორი იქნება და რა ფორმით უნდა ჩაერთოს წარმოუდგენელია“,-ამბობს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, რუსეთის ადგილას საფრანგეთი რომ ყოფილიყო, შესაძლოა, მას გახარიას ნათქვამი მიეღო და ამ წინადადებას სიხარულით შეხვედროდა. თუმცა რუსეთისთვის სრულიად მიუღებელია, რომ კონფლიქტში ჩართული ქვეყნების თბილისში შეხვედრა მოხდეს. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ამბობს, რომ მსგავს წინადადებას თურქეთიც სიხარულით დასთანხმდებოდა, მაგრამ რადგანაც აქ ყველაზე მეტად ჭკუა რუსეთს მოეკითხება, ის არასდროს დაუშვებს, რომ მხარეები თბილისში შეხვდნენ.

ანალიტიკოსი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია კი for.ge-სთან ამბობს, რომ პრემიერ გახარიას შეთავაზება ნამდვილად დროულია და დარწმუნებულია, თუკი სამშვიდობო მოლაპარაკებებზე ორივე მხარე შეთანხმდება, ეს ადგილი თბილისი იქნება. მაისაია ამბობს, რომ მხარეები ასეთი მოლაპარაკებებისთვის ადგილად სწორედაც თბილისს შეარჩევენ, რადგან ყველა სხვა მხარე შეიძლება ან ერთმა ან მეორე ქვეყანამ მიკერძოებულობაში დაადანაშაულოს.

„გახარიას ეს წინადადება დროულია და მიმაჩნია, რომ საქართველო სრულიად მზად არის იმისთვის, რათა ორივე ქვეყანას მოლაპარაკებისთვის უმასპინძლოს. 2020 წლის ივლისში კავკასიის საკითხებში მკვლევარებმა, პოლიტოლოგებმა და უსაფრთოების საკითხების სპეციალისტებმა: ცირა ბარამიძე, მამუკა არეშიძემ, მე, ალექსანდრე რუსეცკიმ და ალიკა გუჩუამ შევიმუშავეთ ამ ინიციატივის პაკეტი და გადავეცით გიორგი გახარიას. მგონია, რომ ეს წინადადება დროული აღმოჩნდა და მიმაჩნია, გახარიამ ჩვენი წინადადება გაიზიარა. ასევე ეს შეთავაზება და წინადადება მოვსინჯეთ სომხეთსა და აზერბაიჯანშიც, სადაც მას დიდი ენთუზიაზმით შეხვდნენ. მგონია ამ კონფლიქტში რუსეთი უკვე მხარედ არის წარმოდგენილი და პირდაპირ სომხეთის მოკავშირეა. ამიტომაც ფაშინიანიც და ალიევიც, ვფიქრობ, თბილისს მოსალაპარაკებლად უფრო ნეიტრალურ ტერიტორიად მიიჩნევენ“, - ამბობს მაისაია for.ge-სთან.