„ნაციონალებს“ არჩევნებში ბუბა კიკაბიძის იმედი აქვთ? - „ეს გადაწყვეტილება სრულიად არასერიოზულია, სააკაშვილის პარტიაში სერიოზული კრიზისია“

„ნაციონალებს“ არჩევნებში ბუბა კიკაბიძის იმედი აქვთ? - „ეს გადაწყვეტილება სრულიად არასერიოზულია, სააკაშვილის პარტიაში სერიოზული კრიზისია“

„ნაციონალურმა მოძრაობამ" საარჩევნო სიის 1-ელ ნომრად ყველასთვის მოულოდნელად მომღერალი და მსახიობი ბუბა კიკაბიძე დაასახელა. ექსპერტები ამას არასერიოზულად და არაადეკვატურად მიიჩნევენ. თინა ბოკუჩავამ ეს იმით ახსნა, რომ „კიკაბიძე უშიშრობის, პატრიოტიზმის და მოუსყიდველობის სიმბოლოა".

„ეს გადაწყვეტილება სრულიად არაადეკვატურია, „ნაციონალური მოძრაობა", „ქართულ ოცნებას" აკრიტიკებდა - რად უნდათ სპორტსმენები სიაშიო და თვითონ პირველ ნომრად მომღერალი დაასახელეს," - ასე აფასებს ექსპერტი გია აბაშიძე „ნაციონალური მოძრაობის" გადაწყვეტილებას საარჩევნო სიის პირველ ნომრად მომღერალ ბუბა კიკაბიძის დასახელების თაობაზე.

ასეთ კრიზისზე მიანიშნებს ასევე ვახტანგ ძაბირაძეც. „ეს იყო არასერიოზული გადაწყვეტილება და არასერიოზული დამოკიდებულება," - ამბობს ის „რეზონანსთან" საუბრისას.

„სიმართლე გითხრათ თავდაპირველად ეს ინფორმაცია ერთ-ერთ უცნობ საიტზე ვნახე და ყალბი ამბავი მეგონა, თუმცა როდესაც მედიამ აქტიურად დაიწყო ამის გაშუქება მივხვდი, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ადამიანური რესურსების თვალსაზრისით გაკოტრებულია," - ამბობს გია აბაშიძე.

„ბუბა კიკაბიძე არის ნაციონალების მხარდამჭერი და არა პოლიტიკოსი. მოგეხსენებათ, კიკაბიძე უკვე ასაკშია და პირველ რიგში მას ჯანმრთელობას ვუსურვებ, თუმცა ჩემთვის კითხვის ქვეშაა, რა უნდოდა ამ გაუგებრობაში. ვფიქრობ, რომ ესაა „ნაცმოძრაობის" რეალობა და მათ პოლიტიკოსები ვერ გაზარდეს. ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ერთი და იგივე სახეები ჰყავთ ოცეულში. პარტია ძალიან დიდ კრიზისშია. თანავუგრძნობ ბატონ ბუბას და მიკვირს, რა უნდოდა ამ გაუგებრობაში.

„პარტიის ასეთი გადაწყვეტილება არის ფართო მასშტაბებზე გაჭრის მცდელობა, ბუბა უბრალოდ არის მათი სახე, რადგან ყველაფრის უკან სააკაშვილი დგას. ამ გათვლის მიუხედავად სააკაშვილი ბუბას ვერ ჩაანაცვლებს, რადგან ზოგადად ნაციონალური მოძრაობა ვერ გაიმარჯვებს არჩევნებში. თანავუგრძნობ მათ მხარდამჭერებს, რადგან ძალიან დიდი ფიასკო ელით 31 ოქტომბერს.

„მე მაქვს ვერსია, რომ „ძალა ერთობაშიას" - „ნაცმოძრაობის" ვიტყოდი ქვეპარტიები სავარაუდოდ მიხვდნენ, რამდენად ურეიტინგო პოლიტიკოსები არიან და ისინი მარტივად ჩამოაშორეს ბრძოლის ველს. ზოგადად კი განვმეორდები, „ნაციონალურ მოძრაობას" აქვს ადამიანური რესურსების საკმაოდ მწვავე კრიზისი," - ამბობს გია აბაშიძე „რეზონანსთან" საუბრისას.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ კიკაბიძის პირველ ნომრად ჩასმა პირადად მიხეილ სააკაშვილის მითითებით მოხდა.

„ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი არის ძირითადად სააკაშვილის ამომრჩეველი. თავისთავად კიკაბიძის დასახელება ამას უკავშირდება და ეს არა მხოლოდ უცნაური, არამედ არასერიოზულიც კია. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ნაციონალური მოძრაობის პარტიას არ ჰყავს პოლიტიკური ლიდერი. ბუბასთან მე არანაირი პრობლემა არ მაქვს, თუმცა საარჩევნო სიის პირველ ნომრად დასახელება ადამიანის, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს, სრულიად გაუმართლებლად მიმაჩნია პოლიტიკური თვალსაზრისით.

„ეს იყო არასერიოზული გადაწყვეტილება და არასერიოზული დამოკიდებულება, როგორც ამომრჩევლის, ასევე ქვეყნის პოლიტიკური განვითარების მხრივაც და რასაკვირველია სააკაშვილის გარეშე ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებდნენ. მგონია, რომ სააკაშვილის მოთხოვნა იყო ასეთი, რადგან სიის პირველ ნომრად კიკაბიძის დასახელება ნიშნავს, რომ პირველი ნომერი არის ცარიელი და მასში სააკაშვილი იგულისხმება და არა ბუბა კიკაბიძე," - ამბობს ძაბირაძე.

1 ოქტომბერს ცესკოში 17:55 საათზე, „ნაციონალურმა მოძრაობამ" პარტიული სია წარადგინა. სიის პირველ ნომრად მომღერალი ბუბა კიკაბიძე დასახელდა. პირველ ხუთეულში მოხვდნენ გრიგოლ ვაშაძე, ნიკა მელია, ხატია დეკანოიძე და კობა ნაყოფია. თავად პარტიის წევრები საკუთარი გადაწყვეტილებით ამაყობენ და ფიქრობენ, რომ საარჩევნო სია მათთვის გამარჯვების მომტანი აღმოჩნდება.

„ეს არის გამარჯვების მომტანი სია. დიდხანს მსჯელობდით და ამიტომ შემოვიტანეთ სია ბოლო წუთებში", - განაცხადა „ნაცმოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვასხივებდეთ იმ უმთავრეს პრინციპებს, რაზეც დგას „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და რაზეც დგას ქარტველი ხალხის გამარჯვება ამ წყალგამყოფ არჩევნებში. ბუბა კიკაბიძე ასხივებს სწორედ ამას. ის ასხივებს პატრიოტიზმს, უშიშრობას და მოუსყიდაობას. ის ვერ მოისყიდა ვერც პუტინმა, თუმცა ამის მცდელობა ჰქონდა, ვერ მოსყიდა ვერც ივანიშვილმა," - თქვა ბოკუჩავამ.