„ნინო კალანდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავით გარეჯი ეკუთვნოდა აზერბაიჯანს“

„ნინო კალანდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავით გარეჯი ეკუთვნოდა აზერბაიჯანს“

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ის, რაც დავით გარეჯთან დაკავშირებით ხდება, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი პროვოკაციაა. ბრალდებული ექს–პრეზიდენტს განცხადებით, აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს და გაყიდეს ქართული მიწა. სააკაშვილი აცხადებს, რომ ყველა შეხვედრაზე აყენებდნენ საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული.

„რაც გუშინ იკადრეს აზერბაიჯანთან ჩვენს ურთიერთობებზე, რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის, გარეჯის მიმართ, ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. ამის შესახებ ჟურნალისტები საუბრობენ უკვე რამდენიმე კვირაა. ამ პროვოკაციის შემდეგი ეტაპები ასეთია – ისინი აპირებენ, ჯერ ალაპარაკონ ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მანჯგალაძე, რომელიც იტყვის, რომ რაღაც დავალებები მიიღო ჩემგან თუ სხვისგან, ამ ტერიტორიების გასხვისების. შემდეგ, ისინი აპირებენ, გამოიყვანონ მოსკოვში მცხოვრები აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის ადამიანები, რომლებიც იტყვიან, რომ ფული გადაიხადეს – 30 მილიონი თუ 80, რაც დაიბადება „ეფესბეს“ პროპაგანდისტებისა და ივანიშვილის თავში, ამ მიწების გასხვისებისთვის და მერე ამაზე ააგებენ ამბავს, რომ ჩვენ გავყიდეთ ქართული მიწა. სიმართლე არის სრულიად საწინააღმდეგო“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილი აცხადებს, რომ მისი მმართველობის დროს, ყველა შეხვედრაზე აყენებდნენ საკითხს, რომ საბოლოოდ მომხდარიყო საზღვრის დელიმიტაცია და დავით გარეჯი ყოფილიყო ბოლომდე დაკანონებული, როგორც საქართველოს სუვერენული ტერიტორია. უფრო მეტიც, სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით, სერიოზული პროგრესი ჰქონდათ აზერბაიჯანთან.

თუმცა 2012 წლის მაისში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძე აცხადებდა, რომ გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი, საბჭოთა კავშირის დროიდან მოყოლებული არ იმყოფებოდა საქართველოს საზღვრებში.

დავით გარეჯის მონასტრის არქიმანდრიტის კირიონ ონიანის განცხადებით, ნინო კალანდაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დავით გარეჯი ეკუთვნოდა აზერბაიჯანს, საუბარია 6700 ჰექტარზე, თუ არა მეტზე.

„ნინო კალანდაძემ ოფიციალურ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ დავით გარეჯის ტერიტორია საბჭოთა კავშირიდან ეკუთვნოდა აზერბაიჯანს. ზუსტად ორ საათში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სპიკერმა გაავრცელა განცხადება: „როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ნინო კალანდაძე ბრძანებს, ეს ტერიტორიები ეკუთვნის აზერბაიჯანს“. კალანდაძის სიტყვები იურუდიულ პლანში გადაგვიყვანეს“, – აცხადებს არქიმანდრიტი კირიონ ონიანი.

შეგახსენებთ, რომ გენერალურმა პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო 2020 წლის 17 აგვისტოს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან მიღებული წერილობითი ინფორმაცია, რომელიც შეეხებოდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობას.

თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, კომისიის მიერ საქართველო აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ ძველი კომისია არაეფექტურად მუშაობდა და ძალიან საეჭვო დასკვნები დადო, რაზეც საუბრობდა საპატრიარქიო.

„რა მასალები აქვს პროკურატურას, ძალიან რთულია ჩვენთვის თქმა, რადგან ჩვენც იგივე ინფორმაცია გვაქვს, რაც ზოგადად, საზოგადოებისთვის არის ცნობილი. რაც შეხება იმ საკითხს, თუ რაზე შეიძლება იყოს დავა, ჩვენ ადრეც არაერთხელ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებთ, რომ ძველი კომისია არაეფექტურად მუშაობდა. ჩვენ ვამბობდით ამის შესახებ, რომ იმ კომისიამ ძალიან საეჭვო დასკვნები დადო. როგორც პროკურატურის განცხადებიდან იკვეთება, ეს ძიება სწორედ ამ საკითხს ეხება.

ჩემთვის დაზუსტებით უცნობია, თუ რას ეფუძნება კონკრეტულად პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია. ერთადერთი ვარაუდი შეიძლება, იყოს კომისიის მიერ დადებული დასკვნა, რომელიც საბოლოო არ არის. კომისიის დასკვნა შემდგომში რატიფიცირებული უნდა იყოს ორივე ქვეყნის მიერ. შუალედური შეიძლება ეწოდოს ამ დასკვნას. შესაძლოა, ამაზეა საუბარი, - 2006–2007 წწ–ში კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე“, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეომიმართვით აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ზუსტად იცის, რას „დააბრალებს“ გამოძიება. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, თუ საიდან აქვს მიხეილ სააკაშვილს პროგნოზები თავისი შესაძლო დანაშაულის შესახებ.

„ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა აღიარებითი ჩვენება მისცა, რომ ზუსტად იცის, რას „დააბრალებს“ გამოძიება, რა თანხაზე იქნება საუბარი, რა გვარების ადამიანები ჩაერთვებიან ამ გამოძიებაში. მას დაუსვან შეკითხვები, თუ საიდან აქვს პროგნოზები თავისი შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაზეც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს“, – აცხადებს გია ვოლსკი.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ქართულ მხარეს გაუჩნდა მყარი არგუმენტები, რომელზეც ისაუბრებენ კომისიის ფარგლებში და დარწმუნებული არია, გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორმხრივად მისაღებ ფორმებში და ჩარჩოებში.

„ცოტა ხნის წინ, როდესაც საქართველოში იმყოფებოდა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, მასთან შეხვედრისას განხილული იყო ორმხრივი ურთიერთობის ყველა ძირითადი მიმართულება, რა თქმა უნდა, გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხიც. განვიხილეთ გარეჯისა და საზღვრის დელიმიტაციის საკითხი, რომელიც მემკვიდრეობით აგერ უკვე 25 წელია მოგვდევს და ვერ გადაწყდა ორივე მხარისთვის მისაღები ფორმით. ბუნებრივია, შევეცადე ვყოფილიყავი ძალიან ზუსტი შეფასებებში და ეს საკითხი არ ყოფილიყო გამოყენებული შემდგომი პოლიტიკური მანიპულაციებისთვის, ვინაიდან ძალიან მგრძნობიარე, სენსიტიური საკითხია ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის არსებული ურთიერთობებიდან გამომდინარე“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

Aburjga Tasmanieli ნინო კალანდაძე სააკაშვილთან და ბოკერიასთან შეუთანხმებლად ასეთ განცხადებას ვერ გააკეთებდა!
3 წლის უკან