რუსუდან კერვალიშვილის თქმით, "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" გენდერულ საკითხებში მრჩევლად საქმიანობს. როგორც კერვალიშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მისი სფერო გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით სამოქმედო გეგმების შესრულებაა.
"ვარ მრჩეველი, ისეთი საკითხების, რომელიც ქალების და კაცების, გენდერულ საკითხებს შეეხება. ეს ითვალისწინებს ბევრ ისეთ ცვლილებას, რომელიც უნდა განხორციელდეს ამ მიმართულებით, გნებავთ სატრანსპორტო და გნებავთ, სხვა კომპანიებში", - აღნიშნა კერვალიშვილმა.
ამასთან, "ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, არის თუ არა ამ საქმიანობიდან მისი შემოსავალი 2500 ლარი, კერვალიშვილმა უპასუხა, რომ ჯერ ვერ დაადასტურებს, თუმცა "ძალიან კარგი იქნება თუ არის".
მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოებში დასაქმება დაადასტურეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ხათუნა ოჩიაურმა და კობა ხაბაზმა.
"საკრებულოშიც ვმუშაობდი, ვარ არქიტექტორი, ურბანული საკითხები ჩემთვის ახლოა, ძირითადად არქიტექტორები და ურბანისტები წყვეტენ ტრანსპორტის საკითხებს, ასეთია წესი, ასე რომ ვერაფრით ვერ ვიტყვი, რომ გამოცდილება არ მაქვს",- აღნიშნა ხათუნა ოჩიაურმა.
ინფორმაცია შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში დასაქმების შესახებ დაადასტურა კობა ხაბაზმაც. მისი თქმით, სამეთვალყურეო საბჭოს ძირითადი ფუნქცია არის "სინათლის ქალაქის" შემოსავლების სწორი და სამართლიანი განაწილება.
მისივე თქმით, საბჭოს წევრების ანაზღაურება თვეში 2500 ლარია, თუმცა ისინი 2000 ლარს ღებულობენ.
საკრებულოს ფრაქცია "თავისუფლების" თავმჯდომარე ქალაქის მერს მერიის დაქვემდებარებაში მყოფი შპს-ების სამეთვალყურეო საბჭოებში "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნების დასაქმებაში ადანაშაულებს.
ამასთან დაკავშირებით, ფრაქციის ხელმძღვანელმა ირაკლი შიხიაშვილმა დღეს პრესკონფერენცია გამართა.
როგორც შიხიაშვილი ამბობს, მან მოიპოვა დოკუმენტები, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ მერიის დაქვემდებარებაში მყოფ შპს-ებისთვის - "სინათლის ქალაქი", "ჰერმესი", "თბილსერვისისა" და "თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის" შეიქმნა სამეთვალყურეო საბჭოები, სადაც დაინიშნენ ყოფილი პარლამენტარები, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი ოჯახის წევრები.
შიხიაშვილის ინფორმაციით, სულ 36 ადამიანია დასაქმებული და ყოველ მათგანს ხელფასი 2500 ლარი ექნება.
როგორც შიხიაშვილი ამბობს, შპს "სინათლის ქალაქის" სამეთვალყურეო საბჭოში შედიან კობა ხაბაზი, ვლადიმერ ვარძელაშვილი; "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" სამეთვალყურეო საბჭოში კი - გიორგი ასანიძე, აკაკი სეფერთელაძე, გიგა ნასარიძე, ლევან თარხნიშვილი, ხათუნა ოჩიაური, რუსუდან კერვალიშვილი; ხოლო "თბილსერვის ჯგუფის" სამეთალყურეო საბჭოში შედიან ეკა ხერხეულიძე, ბადრი ბასიშვილი, დავით იოსელიანი.
შიხიაშვილის განმარტებით, აღნიშნული დადგენილება შპს-ებისთვის სამეთვალყურეო საბჭოების შექმნის შესახებ ქალაქის მთავრობამ არჩევნების შემდეგ, 23 ოქტომბერს მიიღო. თუმცა, ამის შესახებ საკრებულოში არაფერი იცოდნენ და ამ დოკუმენტების მოპოვება მათთვის აქამდე შეუძლებელი იყო.