კანონიერი გუბერნატორია თენგიზ გუნავა?

კანონიერი გუბერნატორია თენგიზ გუნავა?

სამეგრელო-ზემო სვანეთში პრეზიდენტის რწმუნებულად თენგიზ გუნავას დანიშვნის ფაქტს კანონდარღვევად მიიჩნევს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და საჭიროდ მიიჩნევს - რადგანაც თენგიზ გუნავას წინააღმდეგ სამართალწარმოება ჯერ არ დასრულებულა - პრეზიდენტმა გააუქმოს 10 იანვარს გახმაურებული გადაწყვეტილება. მაგრამ, თუკი მოტივაციასთან დაკავშირებულ ვარაუდებს გავითვალისწინებთ, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილება შეცვალოს.

”თუკი გადაწყვეტილება არ შეცვალა, პრეზიდენტი იგნორირებას გაუკეთებს კანონის მოთხოვნას და ეს ცუდია”, - უთხრა რადიო თავისუფლებას 11 იანვარს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ კახა კოჟორიძემ, რომელიც ამ შემთხვევაში გულისხმობს კანონს ”საჯარო სამსახურის შესახებ”. ამ კანონის მე-17 მუხლი განსაზღვრავს, თუ რა შემთხვევებში არ მიიღება პირი საჯარო სამსახურში და, ერთ-ერთი პუნქტის თანახმად, საჯარო მოხელე ვერ გახდება პირი, რომელიც ”იმყოფება გამოძიების ქვეშ ან პატიმრობაში”. როგორც კახა კოჟორიძე აღნიშნავს, ეს სწორედ ის შემთხვევაა, რომელიც თენგიზ გუნავას მდგომარეობას შეესაბამება, მიუხედავად იმისა, რომ, მთავარი პროკურატურის მიერ 10 იანვარს გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, პროკურატურამ ”დაასრულა გამოძიება თენგიზ გუნავას მიმართ და სისხლის სამართლის საქმეს არსებითი განხილვისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაგზავნის.” „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე არ იზიარებს აზრს, თითქოს გამოძიების დასრულება ვითარებას ცვლიდეს. კახა კოჟორიძე განმარტავს, რომ გამოძიების დასრულება სამართალწარმოების დასრულებას არ ნიშნავს:

”პროკურატურამ რომ დაამთავრა საქმე და გადაგზავნა სასამართლოში, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გუნავას ბრალდება მოეხსნა. პირიქით, სასამართლოში როცა საქმე იგზავნება, ეს იმას ნიშნავს, რომ პროკურატურამ უკვე ჩათვალა, რომ ამ საქმეში იმდენად მნიშვნელოვანი მტკიცებულებებია, რომ შეიძლება დაუმტკიცდეს მას ბრალი. ნამდვილად ვერ დავეთანხმები იმ პოზიციას, რომ, რადგანაც სასამართლოში გადაიგზავნა საქმე, ეს იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტს ჰქონდა უფლებამოსილება დაენიშნა ეს პირი თანამდებობაზე”.

კახა კოჟორიძე აბსოლუტურად სხვა და ცალკე განსახილველ თემად მიიჩნევს თენგიზ გუნავას დამნაშავეობა-უდანაშაულობის ბოლო დროს მეტად სადავო საკითხს. მისი განმარტებით, რადგანაც სამართალწარმოება ჯერ არ დასრულებულა, პრეზიდენტმა უნდა შეცვალოს ”საჯარო სამსახურის შესახებ” კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილება. თუმცა ბევრი ფიქრობს, რომ, დიდი ალბათობით, ეს ასე არ მოხდება. 10 იანვარს, როცა ახალი გუბერნატორი ადგილობრივი საკრებულოს წევრებსა და რწმუნებულის აპარატს პირადად წარუდგინა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა გუნავას მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურა:

”მის დროს სამეგრელოში დამყარდა სრული წესრიგი კრიმინალთან ბრძოლის საქმეში: მთლიანად ამოიძირკვა ნარკოტიკები, ამოიძირკვა წვრილმანი ქურდობები, ყაჩაღობები, სხვა მძიმე დანაშაული, კონტრაბანდა... მე მას ასევე ვიცნობ, როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს”.

 პრეზიდენტი ასევე ამბობს, რომ ქვეყანაში, სადაც მთავრობა პოლიტპატიმრების რანგში საპატიმროებიდან უშვებს რუსეთის ჯაშუშებს, ”რა თქმა უნდა, ნამდვილ სამხედრო გმირებს და ომის გმირებს, ისეთებს, როგორიც თენგიზ გუნავაა, პრობლემები ექმნებათ“. მიხეილ სააკაშვილმა 10 იანვარსაც ბევრი ილაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ აბრუნებს ქვეყანას წარსულში ახალი მთავრობა და ამ კონტექსტში ის თვლის, რომ დღეისათვის სწორედ პრეზიდენტის რწმუნებულებზე გადის ”ბრძოლის ხაზი”, რომ საქართველოში ”არ მოხდეს კორუმპირებული, კრიმინალური წარსულის რესტავრაცია და საქართველომ გააგრძელოს განვითარება”.

მნიშვნელოვანია პრეზიდენტის თანაგუნდელთა მოსაზრებებიც. საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, პრეზიდენტის რწმუნებულად თენგიზ გუნავა დიდწილად სწორედ პროფესიონალიზმისა და გამოცდილების გამო დაინიშნა, მაგრამ, ამავდროულად, ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეს იყო პრეზიდენტის მხრიდან ერთგვარი პასუხი ახალი ხელისუფლების ქმედებებზე.

ასეა თუ ისე, ანალიტიკოსებისთვისაც ცხადია, რომ პრეზიდენტი თავის გადაწყვეტილებას თენგიზ გუნავას გუბერნატორობასთან დაკავშირებით არავითარ შემთხვევაში არ შეცვლის. მაგალითად, როგორც კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ძაბირაძე აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, პრეზიდენტმა ერთგული თანამოაზრის გუბერნატორად დანიშვნით, საკუთარი ბერკეტების განმტკიცებასთან ერთად, თავად გუნავას მომავალზე და საზოგადოებრივი აზრის სამომავლო ფორმირებაზეც იფიქრა:

”თუ სასამართლო პროცესი დაიწყება და აღმოჩნდება, რომ გუნავა, ასე ვთქვათ, დამნაშავეა, კიდევ ერთხელ გახმიანდება პრეზიდენტის მხრიდან ის, რომ, აი, იწყება პოლიტიკური რეპრესიები - უკვე დააპატიმრეს არა ყოფილი ჩინოსანი, არამედ მოქმედი მაღალჩინოსანი, რეგიონის გუბერნატორი”.

პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესაძლო მოტივაციებზე ლაპარაკობს სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი კონსტანტინე კანდელაკიც. მისი აზრით, პრეზიდენტი კოაბიტაციის პროცესში საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას ცდილობს და, ამასთან, მისი ეს ნაბიჯი შესაძლოა ოპონენტთა წყობიდან გამოყვანისა და მათი არაადეკვატური ქმედებების გამოწვევის მცდელობაც იყოს.