ქართული გამბიტი ანუ რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი სააკაშვილი?

ქართული გამბიტი ანუ რის მიღწევას ცდილობს პრეზიდენტი სააკაშვილი?

2012 წელს პრეზიდენტმა ბოლოს და ბოლოს გაგვიმხილა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი თავისი გმირობა და მოგვიყვა როგორ ჩაფრინდა ფოთში "ღრუბელ-ღრუბელ მალვით": "მახსოვს, ავფრინდით, მივფრინავდით ძალიან ღრუბლებში, დამალულები იმიტომ, რომ ყველა მხრიდან რუსული თვითმფრინავები დაფრინავდნენ, ცა იყო გადაკეტილი."- გვიამბო პრეზიდენტმა, ახლა მის გმირობას უკე თენგიზ გუნავას გმირობაც დაემატა და რომ არა ისევ და ისევ პრეზიდენტი ვერასდროს გავიგებდით როგორ იცავდა ფოთში ჩაფრენილ პრეზიდენტს და მთელ ქალაქს გუნავა. დიახ, გუნავას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორად წარდგენისას მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: 

- მე მას ასევე ვიცნობ როგორც 2008 წლის ომის ერთ-ერთ მთავარ გმირს. მახსოვს მის მიერ ჩატარებული ოპერაციები. მან გადაარჩინა უძვირფასესი ტექნიკა, წაართვა რუსებს სამხედრო ოპერაციაში ორი საზღვაო კატარღა, აუფეთქა ოკუპანტებს უძვირფასესი საჰაერო დანადგარები, რომელიც გაქონდათ როგორც სამხედრო ნადავლი. მან გადაარჩინა ჩვენი სხვა კატარღები ფოთში. როცა რუსები ჩემს დასაკავებლად გამოემართნენ ფოთში, ის თავისი მცირე შენაერთით გადაეღობა და დიდი რუსული შენაერთი ჰყავდა დაკავებული, ვიდრე არ დავამთავრე გამოსვლა. ისინი ეუბნებოდნენ, რომ გაივლიდნენ, თენგიზ გუნავა კი პასუხობდა - გაიარეთ, მაგრამ იქნება სროლები და შეტაკება." - გვიამბო პრეზიდენტმა და რაღა დაგიმალოთ, ველოდი, რომ ბოლოში იტყოდა "ჭირი იქა, ლხინი აქაო", თუმცა მოვტყუვდი. ერთი სიტყვით, თენგიზ გუნავა, რომელის დაკავებაც ახალმა ხელისუფლებამ ორჯერ მოასწრო უკვე, ჯერ ნარკოტიკების ფლობის, შემდეგ კი ხელისუფლებაში ყოფნის დროს ე.წ. ბენზინის ტალონების არამიზნობრივად განკარგვის გამო, ახლა უკვე გუბერნატორია. ის ორჯერვე გირაოს შეფარდების შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა სისხლის სამართლის საქმე არ შემწყდარა. მიხეილ სააკაშვილი ბოლო დროს ხშირად ესხმის თავს რიგ სახელმწიფო ინსტიტუტებს, რომელთა გამართული მუშაობითაც საკუთარი ძალაუფლების ზენიტში მხოლოდ ამაყობდა. ამჯერად თავდასხმის ობიექტად პატრულის სამსახური იქცა, როგორც პრეზიდენტი განაცხადა, უკვე გაჩნდა პატრულის მხრიდან ქრთამის აღების ფაქტები, თუმცა კონკრეტიკა ამჯერადაც არ ყოფილა. ამას შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა და მსგავსი რამ კატეგორიულად უარყო, გამოდის, იტყუება პრეზიდენტი, იტყუება მიზანმიმართულად. რის მიღწევას ცდილობს მიხეილ საკაშვილი, რომელსაც დრო და დრო კონსტრუქციულობის შეტევა ემართება და თითქოს ცდილობს ახალ ხელისუფლებასთან თაანმშრომლობას, თუმცა ეს ესეც მისი პოლიტიკური თამაშის ნაწილია, როგორც ჩანს. 
ექსპერტი კახა კახიშვილის
 აზრით:

- წმინდა სამართლებრივი კუთხით გუნავას დანიშვნაში პრობლემა არაფერია. არავინ შეიძლება იყოს დამნაშავედ ცნობილი, ვიდრე არ იქნება გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე ვერავის აუკრძალავ თანამდებობის დაკავებას, თუ ეს სასმართლოს დადგენილებით არ ხდება. თუ ამას პოლიტიკურად და მორალურად შევაფასებთ, ცხადია, რომ პრეზიდენტი ისევ აგრძელებს ახალი ხელისუფლების გამოწვევას. შესაბამსიად, პროკუარტურას თუ აქვს რეალური მტკიცებულებები გუნავას ბრალდებებზე, დროა, მიიღოს გარკვეული ზომები. პრეზიდენტის ეს ნაბიჯიც კარგად აჩვენებს, რომ ის ახალ ხელისუფლებასთან ოპონირების რეჟიმშია და ყველა მის ხელთ არსებული ბერკეტით ცდილობს წყლის ამღვრევას. ის ცდილობს ახალი ხელისუფლბა უსუსურად წარმოაჩინოს, ანუ დაანახოს საზოგადოებას, რომ ამ სამთავრობო გუნდს მართვა არ შეუძლია. ასევე ცდილობს ყოველდღიურად თავის მხარდამჭერებს უჩვენოს რომ ძალაუფლების ბერკეტები ისევ მის ხელშია. ამას აკეთებს შეგნებულად, ამისთვის არც ტყუილს ერიდება და არც ქვეყნის განვითარების პერსპექტივაზე ფიქრობს. როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი საერთაშორისო კონფერენციაზე გამოდის და ამბობს, რომ საქართველოში ფულს აღარვინ ჩადებს, რადგან იქ პუტინის ჯაშუშები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ეს ქვეყნის იმიჯს ნამდვილად არ წაადგება. გამოდის, რომ ქვეყნას ორი პოლიტიკური გუნდი მართავს, ეს უკვე აშკარად კრიზისია, მით უფრო, რომ პრეზიდენტი არჩევნებში დამარცხების აღიარების შემდეგ პირდაპირ გადავიდა დესტრუქციის რეჟიმში. ასევე იქცევა "ნაციონალური მოძრაობა", ამას არც მალავენ და პირდაპირ იკვეთება სხვდასხვა მიმართულებით საბოტაჟის ნიშნები. ეს როგორი ოპოზიციაა, არ ვიცი. სადმე გინახავთ, რომ ოპოზიცია სარგებლობდეს სამთავრობო მანქანებით, ვიპგასასვლელებით და ასევე შეეძლოს მთვარობის ფორმირების წესის დაგენა? თუ გავაანალიზებთ ვის რამდენი და როგორ ბერკეტი აქვს, ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს პრეზიდენტს უფრო მეტი ბერკეტი აქვს, ვიდრე მთავრობის თავმჯდომარეს. 

- მოგეხსენებათ, პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებაა ინიცირებული, რომლის მიხედვითაც თუ პრეზიდენტი დაითხოვს მთავრობას და პარლამენტს, რიგგარეშე არჩვენების ჩატარებამდე მთავრობას უხელმძღვანელებს ძველი გუნდი და პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტის დაკომპლექტების უფლება არარ ექნება. ბევრი მიიჩნევს, რომ შეიძლება სააკაშვილმა დაასწროს ამ ცვლილებას და დაითხოვოს მთავრობა.

- ეს მეტად დროული საკონსტიტუციო ინიციატივაა, რომელიც იმედია იქცევა კანონად. რაც შეეხება პრეზიდენტს, მას დღესაც აქვს მთავრობის დათხოვნის ბერკეტი, მაგრამ გგონიათ გაბედავს და ამის გამოყენებს? მას რომ ჰქონოდა გარანტია, რომ მთავრობის დათხოვნას ჩაივლიდა მისთვის უპრობლემოდ ამ ბერკეტებს კარგა ხნის წინ გამიყენებდა, ის კარგად ხვდება, რომ დღეს ამის გაკეთება მისთვის შეიძლება პოლიტიკურ სიკვდილად იქცეს, რადგან ამის გამო ისეთი საპროტეტსტო ტალღა შეიძლება აგორდეს, რომელიც მთლიანად წალეკავს მასა და მის "ნაციონალურ მოძრაობას." სააკაშვილმა ისიც კარგად იცის, რომ რეალური არჩვენების შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" ამ შემდგენლობით ხელისუფლებაში ვერ მოვა, ერთადერთი რაც მას დარჩენია არის ან ხელისუფლების უზურპაცია, ანაც იმ ბერკეტების მეშვეობით, რაც მას გააჩნია, ვაჭრობა ხელისუფლებასთან, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ხელოვნურად გაიხანგრძლივოს პოლიტიკაში ყოფნა, რათა როგორმე მოახრეხონ ნელ-ნელა ამ პარტიის რებრენდინგი, შეიძლება მას გამოეყოს ე.წ. ლიბერალური ფრთა. არ აკვირდებით, რა სოკოებივით მრავლდებიან არასამთავრობო ორგანზაციები და მათი ექსპერტები, რომელთა დიდი ნაწილი სწორედ სააკაშვილის ხელისუფების ჩონოვნიკები იყვნენ, ერთ-ერთი მათგანი ადეიშვილის მოადგილე გახლდათ, მეორე - გია ბარამიძის, თუმცა ისინი არ ჩანდნენ და ხალხი მათ არ იცნობდა დღემდე, ამიტომაც ძველ ხელისუფლებას ვერ უკავშირებს. ეს ადამიანები, რომლებსაც აქამდე დემოკრატიის პრობლემები სულაც არაფრად ანაღვლებდათ. ახლა სწორედ ამ დემოკრატიიი დამცველ ექსპერტებად მოგვევლინენ. დროთა განმავლობაში ისინი შეიძლება რეამინირებულ "ნაცმოძრაობაში" ვიხილოთ. არ გამოვრცხავ მათზე დებდეს სააკაშვილი ფსონს სამომავლოდ. ამიტომაც მივიჩნევ საჭიროდ, რომ ყველაფერს დაერქვას თავის სახელი.