ლარის დევალვაციამ ისეთი მასშტაბები მიიღო, რომ ვერავინ გონს ვერ მოსულა. მთავრობა ჩუმადაა, ეკონომისტები და ბიზნესმენები კი იმდენად დაბნეულნი არიან, რომ აღარც კი იციან რა ახნა მოუძებნონ ასე მოულოდნელად თავდატეხილ უბედურებას.
მართალია, ყველა მხოლოდ ვარაუდს გამოთქვამს სავალუტო ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის გამო, მაგრამ საბოლოოდ მაინც ეროვნული ბანკის არაეფექტურ პოლიტიკას უსვამენ ხაზს. საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძის აზრით, ეროვნული ბანკის პოლიტიკა, რაც ინტერვენციების წინასწარ დაანონსებაში მდგომარეობს, ბაზრის ცალკეული მოთამაშეების მხრიდან სპეკულატიური მიზნებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. მსგავსი განცხადების გაკეთების შემდგომ ცალკეულმა პირებმა შესაძლოა, შესაბამისი პოზიცია დაიკავონ ბაზარზე და ინტერვენციით ისარგებლონ.
„ინტერვენციის დაანონსება არ მიმაჩნია სწორად და ამას არსად აკეთებენ იმიტომ, რომ ვიღაცამ ეს სპეკულატიური მიზნებისთვის შეიძლება გამოიყენოს. ეს არის შიდა ინფორმაცია. როდესაც ეროვნული ბანკის აცხადებს, რომ ხვალ გამოვიტან ამდენ მილიონ დოლარს, რა თქმა უნდა, ვიღაცამ შეიძლება შესაბამისი პოზიცია დაიკავოს ბაზარზე“, - განაცხადა სურგულაძემ.
საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ არსებულ ვითარებაში შესაძლოა პირდაპირი სავალუტო ინტერვენციების გამოყენება არ იყოს პროდუქტიული, რადგანაც ამ ნაბიჯით სებ-ი ვერ მოაგვარებს სისტემურ პრობლემას, რასაც შემცირებული შემომავალი სავალუტო ნაკადები წარმოადგენს.
„ჩვენ გვაქვს სისტემური პრობლემა - საქართველოს ეკონომიკა გამოიმუშავებს უფრო ნაკლებ დოლარს და ხარჯავს უფრო მეტ დოლარს. მთავარი პრობლემა სწორედ ეს არის. შემომავალი სავალუტო ნაკადები არის ნაკლები, ვიდრე გამსვლელი ნაკადები და ეროვნული ბანკი კი ამ დეფიციტს საკუთარი რეზერვებიდან აფინანსებს. დღეს ჩვენი ხარჯები არის იმაზე მეტი, ვიდრე შემოსავალი, ამისთვის კი ეს სხვაობა ვინმემ უნდა დააფინანსოს. ახლა ეს არის ეროვნული ბანკი. ასე რომ, სისტემურ პრობლემასთან ინტერვენციებით ბრძოლა პრაქტიკულად გადაყრილი ფულია“, - აღნიშნა საპენსიო სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა.
ვითარებას დრამატულად მიიჩნევენ ბიზნეს ასოციაციაშიც. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე აცხადებს, რომ ლარის კურსის ვარდნა მაკროეკონომიკურ დონეზეც მოახდენს გავლენას, ამიტომ მეტი დაფიქრება, ყურადღება და პრობლემის გლობალურად დანახვაა საჭირო.
როგორც მან „ბიემთან“ საუბარში ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ ინტერვენციებზე საუბრისას განაცხადა, სებ-ის ინტერვენციები არის ის საერთაშორისო დახმარება, რომელიც მთავრობამ ეროვნული ბანკის ანგარიშზე განათავსა და ახლა უნდა მოხდეს კონვერტაცია. ვეფხვაძე იმედოვნებს, რომ ის 200 მლნ დოლარი, რომლის კონვერტაციაც არის დაგეგმილი წლის ბოლომდე, გავლენას მოახდენს კურსზე.
„მნიშვნელოვანია, რომ ის დისბალანსი, რომელიც მოთხოვნა-მიწოდებაზე არის, ეროვნულმა ბანკმა მიწოდებით დააბალანსოს. როგორც კი მეზობელ ქვეყნებში პრობლემებია, მაგალითად რუსეთში რუბლის ვარდნა, გადმორიცხვები დაბლა იწევს და პირდაპირ აისახება მესამე დღეს კურსზე საქართველოში. მარტივი სიტუაცია ნამდვილად არ არის, მაკროეკონომიკური მდგომარეობა ნორმალური არ გვაქვს, დისბალანსია საგარეო ვაჭრობაში, დისბალანსია იმ შემოდინებებში, რომელიც ადრე იყო, ასევეა ტურიზმის სფეროშიც“, - განაცხადა ვეფხვაძემ.
ოდნავ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი ეკონომიკის ექსპერტები. საფინანსო საკითხების ექსპერტი, პროფესორი, გიორგი ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლარის გაუფასურებაზე გავლენა ეპიდვითარების გაუარესებამ მოახდინა, რადგან ეკონომიკის ხელახალი ჩაკეტვის შიში გაჩნდა. ერთ-ერთი ფაქტორი წინასაარჩევნო პერიოდიცაა.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ აგვისტო-სექტემბერში მთავრობამ განახორციელა სხვადასხვა სოციალური დახმარების პაკეტები, მათ შორის, 17 წლამდე პირებზე ერთჯერადი, 200-ლარიანი დახმარების სახით, მოსალოდნელი იყო, რომ ლარზე დაწოლა გაზრდილიყო, რასაც ემატება პარტიების მხრიდან წინასაარჩევნო ხარჯების, მათ შორის, რეკლამებზე გაწეული ხარჯები, რაც ზრდის სარეზეროვო ფულსა და მიმოქცევაში არსებული ნაღდი ფულის მასას“, - განმარტავს ცუცქირიძე და ყურადღებას ამახვილებს, რომ ლარმა რყევა და გაუფასურების აღმავალი ტრენდი მას შემდეგ დააფიქსირა, რაც ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა სტატისტიკა მკვეთრად გაიზარდა.
ექსპერტი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის შესაძლო სცენარი ეკონომიკის მორიგ „ლოქდაუნს“ უდრის. ასეთ დროს კი, ბიზნესი იწყებს რისკების დაზღვევასა და სადოლარე ანგარიშებზე თანხების გადატანას. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ცუცქირიძის პროგნოზით, უახლოეს პერიოდში ლარის კურსის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ.
„არ მგონია, რომ კიდევ უფრო გაუფასურდება ლარი. პირველი დღეების აჟიოტაჟის ტრენდი გადავლილია და უარყოფითი მოლოდინების ეფექტიც უკვე ასახულია გაცვლით კურსში. შესაბამისად, უკვე ლარის დასტაბილურებას უნდა ველოდოთ. არც ფასების რამე კატასტროფული ზრდაა მოსალოდნელი“, - განაცხადა ცუცქირიძემ.
ეკონომისტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი კი ლარის კურსის მერყეობას ორ ფაქტორს უკავშირებს. პირველი ფუნდამენტური მაკროეკონომიკური მაჩვენებლებია და მეორე - მოლოდინი.
„აპრილიდან მოყოლებული ეკონომიკის დაცემის ტემპი შემცირდა, ეს აშკარაა. მაკროეკონომუიკური სურათი, რასაც ვუყურებთ ბოლო თვეების განმავლობაში, გაუარესებული არ არის. მაშინ რა ხდება? რა ახდენს ლარის კურსზე ზეწოლას? ეს ჩემი აზრით, არის უარყოფითი მოლოდინი. არჩევნების წინ დაძაბულობა სავალუტო ბაზარზე ყოველთვის შეინიშნება ხოლმე. ხალხი ელოდება არჩევნებს და მის შედეგებს. თავის დაზღვევის მიზნით, ბევრი ადამიანი და კომპანიაც ყიდულობს დოლარს. ეს ყველა არჩევნებზე ასე ხდებოდა.
ხშირად უარყოფით გავლენას ახდენს ხოლმე მეზობლებთან არსებული ვითარება, პირდაპირი გავლენა, შეიძლება, არ ჰქოდნეს ამას, მაგრამ ლირა გაუფასურდა. ბოლო დღეებში იმასაც ვაკვირდებით, რომ ამერიკაში დოლარი გამყარდა, შესაბამისად ლარი გაუფასურდა.
მე მაინც ვფიქრობ, რომ ბოლო დღეების გაუფასურება არის მოლოდინების შედეგი. ჩემი დაკვირვებით, რაც დაიწყო კოვიდის გამოვლენის ყოველდღიური მაჩვენებლების ზრდა, ბიზნესსაც და ეკონომიკასაც მოლოდინები გაუჩნდა, რომ შეიძლება ეკონომიკას ცუდი სიტუაცია შეექმნას. დაიწყეს დოლარის შესყიდვა. ალბათ ბაზარმა უკვე რეაგირება მოახდინა, არ არის გამორიცხული, რომ კურსი უახლოეს დღეებში დასტაბილურდეს“, - განუცხდა „რეპორტს“ მჭედლიშვილმა.