ლადო პაპავა – "სააკაშვილის რეჟიმის დროს მომზადებული ყველა ბიუჯეტი, შეიძლება ითქვას, იყო კორუფციული ბიუჯეტი"
"ის ცვლილებები კონსტიტუციაში, რომლის პრეზენტაციაც ბატონმა ბიძინამ ახალ წლამდე მოახდინა, არის ძალიან სერიოზული, მაგრამ ისინი ჯერ მიღებული არ არის. როგორც საქართველოს მოქალაქე, მხოლოდ მას შემდეგ ვიქნები მშვიდად, რაცე ს საკონსტიტუციო ცვლილება პარლამენტის მიერ იქნება მიღებული. ეტყობა, ბატონმა ბიძინამ იცის, რომ მას უფრო მეტი მხარდაჭერი ეყოლება. ერთ-ერთ ეთერში ისიც თქვა, 120 დეპუტატი დაუჭერს ამ ცვლილებებს მხარსო. თუე ს კონსტიტუციური ცვლილება გავა, სააკაშვილს დაეკარგება სურვილი, ჩაატაროს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რადგან მას ამ არჩევნებში მოუწევს ივანიშვილის მთავრობით გასვლა და დამარცხდება. ის მზაკვრული ჩანაფიქრი, რომ მოქმედი კონსტიტუციით მას შეეძლო, თავისი მთავრობა დაენიშნა და არჩევნები ისე ჩაეტარებინა, ჩაიშლება", - აცხადებს პროფესორი ლადო პაპავა გაზეთ"ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ბიუჯეტი გამჭვირვალე გახდა".
"ტარიფის შემცირებასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, "ქართული ოცნება" ჯობდა სხვა გზით წასულიყო. ტარიფი ჩვენი კანონმდებლობით განისაზღვრება სემეკ-ის გადაწყვეტილებით. ასე რომ, დენისა და გაზის ტარიფი გატანილია პოლიტიკური სივრციდან. აქედან გამომდინარე, ეს დაპირება ვერ შესრულდება მხოლოდ პოლიტიკური მექანიზმებით, ანუ რა დავალებაც აქვს მიღებული ენერგეტიკის მინისტრს. აბსოლუტურად არანაირი საკანონმდებლო ბერკეტი სამინისტროს არ გააჩნია. იმავდროულად, არაერთხელ მითქვამს და ხაზს გავუსვამ, რომ ტარიფის შემცირების ერთადერთი კონსტრუქციული გზა არის, რომ მთავრობას მოემზადებინა ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის კანონში, სადაც ამ ცვლილების საფუძველზე მეთოდიკა, რომლის საფუძველზეც დაიანგარიშება ტარიფი, გახდებოდა უფრო გამჭვირვალე, ხოლო შუალედური რგოლები იქნებოდა ამოგდებული. ეს გამოიწვევდა ახალი მეთოდიკით უფრო დაბალი ტარიფის განსაზღვრას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლადო პაპავა.
"უგულავას საპასუხო ნაბიჯი ძალიან პრიმიტიულია. "ნაციონალური მოძრაობა" ყოველთვის აკეთებდა აქცენტს სოციალურ პრობლემებზე, მაგრამ სოციალური პოლიტიკა არასდროს ჰქონია, ისევე, როგორც არც სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკა ჰქონია და არც ეკონომიკური. ვაუჩერი შეიძლება გამოიყენო კრიზისულ ვითარებაში, რომ დაეხმარო მოსახლეობას, მაგრამ მისი მუდმივად გამოყენება ნიშნავს იმას, რომ შენ სოციალური პოლიტიკა არ გაგაჩნია. გიგი უგულავამ ამ განცხადებით "ნაციონალური მოძრაობის" ტრადიცია შეინარჩუნა. არ გამოვრიცხავ, რომ არანაირი ვაუჩერები არ დარიგდეს, თუკი ზემოხსენებული კონსტიტუციური ცვლილება გავიდა. თუმცა, აქ შეიძლება ერთი დაშვება იყოს. თუ გიგი უგულავას აქვს იმის ამბიცია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს, როდესაც შემოდგომაზე საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება, შეიძლება მაშინ მართლა დაარიგოს ეს ვაუჩერები, რომ ამით მაინც მოიგოს თბილისელების გული, მაგრამ თბილისელები ბევრად უფრო ჭკვიანები არიან და ნაციონალების მოსატყუებელი კბილი დიდი ხანია გამოცვლილი აქვთ", - განაგრძობს რესპონდენტი.
"სააკაშვილის მთავრობა საპარლამენტო უმრავლესობასთან ერთად შვიდი თვის განმავლობაში მუშაობდა 2013 წლის ბიუჯეტის პროექტზე. მიუხედავად ამისა, ბიუჯეტის ის პროექტი, რომელიც ამ მთავრობამ შეიტანა პარლამენტში, ნაციონალების დაპირებებსაც კი არ ასახავდა. ანუ რა დაპირებებითაც გავიდა არჩევნებზე "ნაცმოძრაობა", ეს დაპირებები არ იყო გათვალისწინებული 2013 წლის ბიუჯეტის იმ პროექტში, რომელიც შეიტანა სააკაშვილის მთავრობამ პარლამენტში 30 სექტემბერს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნაციონალებს არჩევნებში რომ გაემარჯვათ, მერაბიშვილის მთავრობას მაინც დასჭირდებოდა ამ ბიუჯეტის ხელახლა დამუშავება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ნოდარ ხადურმა მოძებნა გასაღები, როგორ გადაწყვეტილიყო "სხვა ხარჯების" პრობლემა. გამოდიოდა, რომ ბოლო წლების განმავლობაში სადღაც 1 მლრდ ლარამდე იყო ბიუჯეტში "სხვა ხარჯები", ის კი დაახლოებით ბიუჯეტის 15%-მდე ადიოდა. სინამდვილეში "სხვა ხარჯები" არაუმეტეს 3-5% უნდა იყოს. გაბერილი "სხვა ხარჯები" პრაქტიკულად კორუფციის წყაროა, იმიტომ რომ ვერავინ შეამოწმებს, რაში დაიხარჯა ეს თანხები. სააკაშვილის რეჟიმის დროს მომზადებული ყველა ბიუჯეტი, შეიძლება ითქვას, იყო კორუფციული ბიუჯეტი. ახალი ბიუჯეტის მომზადებისას, როცა ფინანსთა სამინისტრო საბიუკეტო კოდექსს ემუარებოდა, ბუნებრივია, რომ ისევ საკმაოდ გაბერილი გამოვიდა ეს "სხვა ხარჯები" (14,8%). მაგრამ მინისტრმა ხადურმა დანართის სახით ბიუჯეტის ძირითად ცხრილებს დაურთო ცხრილები, სადაც დეტალურადაა გაწერილი "სხვა ხარჯები". ამით მან დამატებითი კონტროლის ქვეშ დააყენა ფინანსთა სამინისტრო და სრულიად მთავრობა", - დასძენს ლადო პაპავა.