რუსეთში მარცვლეული ძვირდება, ხოლო საქართველოში ლარი ყოველდღიურად უფასურდება. ეს უახლოეს პერიოდში პურპროდუქტების ფასზე ნეგატიურად იმოქმედებს და მთავარი სასიცოცხლო პროდუქტი გაძვირდება.
ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ქართველ მომხმარებელს ფქვილი 2 ლარით გაუძვირდა, რაზეც გავლენა საერთაშორისო ფასმა და ლარის კურსმა ერთობლივად მოახდინა. რუსული საექსპორტო ხორბლის ფასი სექტემბრიდან 23 დოლარით არის გაძვირებული, რის გამოც ადგილობრივ ბაზარზე ფასის შენარჩუნება ვერ მოხერხდა.
ჯერჯერობით პურპროდუქტების გაძვირება არ იგეგმება, თუმცა მეპურეთა ასოციაციის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მწარმოებლებს პურის ფასის შენარჩუნება გაუჭირდებათ. არჩევნების წინ მთავრობა ამას, დიდი ალბათობით, არ დაუშვებს, მაგრამ შემდეგ ვითარების დაბალანსება გაძნელდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნებამდე პურის ფასს არაფერი ემუქრება. ძნელი სათქმელია, 31 ოქტომბრის შემდეგ ამ ფასს როგორ შეინარჩუნებენ. წლის ბოლომდე ცვლილება მოსალოდნელია, ამიტომ ვფიქრობ, რომ მთავრობა გარკვეულ ზომებს მიიღებს, საჭიროების შემთხვევაში, სუბსიდირებას მოახდენს.
კურსი კიდევ თუ გაუფასურდა, ბაზარი ამას ვერ გაუძლებს, ყოველ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება. პატარა თონეებსა და საცხობებს თუ გავითვალისწინებთ, მათ შეიძლება პური გააძვირონ კიდეც, მაგრამ დიდი ქარხნები, რომლებიც სახალხო პურს ქმნიან, ფასების ზრდას არჩევნებამდე მაქსიმალურად მოერიდებიან. ჩემი აზრით, ცვლილება უმნიშვნელო იქნება, თუმცა ერთთეთრიანი სხვაობაც დიდი ტვირთია მოსახლეობისთის“, - განაცხადა ასოციაციის თავმჯდომარემ მალხაზ დოლიძემ.
მარცვლეულის ტერმინალის დირექტორი ქეთევან კუბლაშვილის აზრით, ხორბლის ფასის ფორმირებაზე ორი ფაქტორი ახდენს გავლენას: პირველი - საერთაშორისო ბაზარზე არსებული ფასები; მეორე - ქვეყნის შიგნით ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით. მხოლოდ ლარის გაუფასურების გავლენით 1 ტონა იმპორტირებულ ხორბალზე ფასმა რამდენიმე ათეული ლარით მოიმატა.
„გაცვლითი კურსის ცვლილების გამო, ფასი ბოლო პერიოდში გაიზარდა 60-70 ლარით. ეს არის ცვლილება, რაც განიცადა ხორბლის ფასმა 1 ტონაზე ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო. საერთაშორისო ბაზარზე ფასი გაზრდილია 10-15 დოლარით, თუმცა გაუფასურების გარეშე ეს არ არის ის სხვაობა, რაც საბოლოოდ მომხმარებელს დააწვებოდა ტვირთად“, - განაცხადა კუბლაშვილმა.
სამომავლოდ კიდევ გაძვირდება თუ არა ფქვილი, ეს სრულად ლარის კურსზეა დამოკიდებული. ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას ინფორმაციით, ვითარება საერთაშორისო ბაზარზეც იცვლება.
„ტენდერები, როგორც თურქეთში, ასევე არაბულ სამყაროში და ეგვიპტეში უკვე დამთავრდა, სადაც რუსეთმა გაიმარჯვა. გასულ წელთან შედარებით, მოთხოვნა 30%-ით არის გაზრდილი რუსულ ხორბალზე. ეს, სავარაუდოდ, პანდემიის გამო შიშს უკავშირდება, რის გამოც ქვეყნები ქმნიან მარაგებს. შედეგად კი მათი საექსპორტო ხორბლის ღირებულება გაიზარდა იმდენად, რომ გაუთანაბრდა ევროპაში ყველაზე ძვირადღირებულ და მოთხოვნად, ფრანგული ხორბლის ფასს. მე მაინც მგონია, რომ ეს არის მაქსიმალური ფასი და უკვე უნდა გაჩერდეს.
რაც შეეხება ქართულ ბაზარს, ფასი მხოლოდ საერთაშორისო ბაზარზე კი არა, ლარის კურსზეცაა დამოკიდებული, ამიტომ ძალიან რთული სათქმელია, რა იქნება მომავალში. ამ ეტაპზე კი 1 ტომარა, პირველი ხარისხის ფქვილის ფასი 2-3 ლარითაა მომატებული და 49-53 ლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში, თუ ლარი გაუფასურებას არ გააგრძლებს, ამ ფასის შენარჩუნება შესაძლებელი იქნება. ყველაფერი მაინც ერთი თვის პერსპექტივაში გამოჩნდება, ლარის და რუსული ხორბლის ფასის კუთხითაც“, - განუცხადა „ბიზნესპრესნიუსს“ სილაგავამ.