გიორგი ვოლსკი - "პუტინზე უარესი, მაგალითად, ზიუგანოვი რომ მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში, მერე რა ვქნათ?"
"ისრაელს ოფიციალური მიზეზი არ დაუსახელებია, მაგრამ არ გამოვრიცხავ, საპატრიარქოს მომლოცველებისთვის საშობაოდ ვიზებზე უარის თქმა, საქართველოს მიერ გაერო-ში პალესტინის სტატუსის გაზრდის მხარდაჭერას უკავშირდებოდეს. მიუხედავად ამ საკმაოდ სამწუხარო ფაქტისა, გარწმუნებთ, საქართველო-ისრაელის ურთიერთობებს საფრთხე ნამდვილად არ ემუქრება. მეტიც, ეს ნორმალურ დიპლომატიურ მოვლენად მეჩვენება. საერთაშორისო ურთიერთობებში მსგავსი ფაქტები ხშირად ხდება. თანაც ისრაელს უკმაყოფილება მხოლოდ საქართველოს მიმართ არ გამოუხატავს. ნამდვილად არ გვქონდა იმის მოლოდინი, რომ ისრაელის სახელმწიფო გაერო-ში ჩატარებული კენჭისყრის მეორე დღესვე სიცილ-კისკისით გაიღვიძებდა და ურთიერთობებს ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებდა. ამიტომაც, ვაღიარებ, ისრაელისგან გარკვეული პოლიტიკური დემარში მოსალოდნელიც იყო", - აცხადებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომისიის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ვაღიარებ, ისრაელისგან პოლიტიკური დემარში მოსალოდნელი იყო".
"მოდით, ისიც ვთქვათ, რომ გაერო-ში პალესტინის სტატუსის ამაღლება მისი სახელმწიფოებრიობის აღიარებას არ ნიშნავს. აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჩვენ პალესტინის სტატუსის ამაღლების მხარდაჭერა მემკვიდრეობით გვერგო. კერძოდ, 1992 წელს საქართველომ პალესტინა აღიარა. პირადად, მე, ისრაელთან ამ ეტაპისთვის, გარკვეულ დაძაბულ ვითარებაში პოზიტივსაც ვხედავ - პალესტინას საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაეზრდება, რაც თავისთავად, შეამცირებს იმ აგრესიას, რომელიც ღაზას სექტორიდან და ჰამასის მხრიდან მომდინარეობს. ვიმეორებ, პილიგრიმებთან დაკავშირებით მომხდარი ფაქტი ნამდვილად უსიამოვნოა, მაგრამ უფრო მაღალ დონეზე საქართველო-ისრაელის ურთიერთობა აუცილებლად დალაგდება", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გიორგი ვოლსკი.
"გარწმუნებთ, თეთრ სახლში ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი აუცილებლად შედგება. უბრალოდ, არის საკითხები, რომელიც ჯერ საქართველოში უნდა დალაგდეს და ჩამოყალიბდეს. აბსურდია, თითქოს, ქართულ-ამერიკული ურთიერთობები შეყოვნდა. პირიქით, ჩვენს შორის საუბარი ყველა დონეზე მიმდინარეობს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში ბევრი რამ უნდა შეიცვალოს, მაგალითად, ამერიკის სახელმწიფო მდივანი. პარალელურად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროშიც იგეგმება სერიოზული ცვლილებები", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ფაქტია, რუსეთთან რაღაცით უნდა დავიწყოთ. ამ მიმართულებით არსებობს ორი ვარიანტი: ჩავკეტოთ რუსეთთან ურთიერთობა, მოსკოვიდან პუტინის მოშთობასა და რუსული პოლიტიკის ძირფესვიანად შეცვლას დაველოდოთ ან ნატო-ს წევრი ქვეყანა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე გავხდეთ. საერთოდ, ქართველები სულ იმაზე ვსაუბრობთ, რა არის ჩვენთვის მომგებიანი, თუმცა მეორე მხარის ინტერესებში ჩაღრმავებას არასოდეს ვცდილობთ. დავსვათ კითხვა, ნატო-სთვის რამდენად მომგებიანია ალიანსში ჩვენი პრობლემებით მიგვიღოს? მიუხედავად ყველაფრისა, ნატო-ში შესასვლელად ყველა ღონეს უნდა მივმართოთ და ამ ნაბიჯით ერთი ჩამოყალიბებული, ფუმფულა კურდღელი დავიჭიროთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, რუსეთის ჩამონგრევის მოლოდინში დრო გადის, აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში ახალი თაობები მოდიან, რომლებმაც ქართული არ იციან, მეტიც, შესაძლოა, არც საქართველოს არსებობის შესახებ სმენიათ", - განმარტავს რესპონდენტი.
"ზაქარეიშვილის განცხადება რკინიგზის აღდგენასთან დაკავშირებით არარეალურად მეჩვენება. ეს ნამდვილად არ ყოფილა მთავრობის ხსდომიდან ან შიდა თათბირებიდან გამოტანილი იდეა. უბრალოდ, მან მაგალითი მოიყვანა, როგორ შეიძლება განვითარდეს ურთიერთობები, თუმცა, რა თქმა უნდა, სანამ აქამდე მივალთ, დიდი გზა გვაქვს გასავლელი. სულ უნდა ვიმოძრაოთ, რადგან სიცოცხლე სწორედ მოძრაობაშია. თუ ვიმუშავებთ, შედეგიც იქნება. პირველ რიგში, სტრატეგიას ჩამოვაყალიბებთ, რა გზას ვირჩევთ, ვჩერდებით და ყვირილზე გადავდივართ, თუ სერიოზულ მუშაობას ვიწყებთ და 2008 წლის ომის შემდეგ, რუსეთთან დაკარგული ნდობის აღდგენაზე ვიზრუნებთ. პუტინზე უარესი, მაგალითად, ზიუგანოვი რომ მოვიდეს რუსეთის ხელისუფლებაში, მერე რა ვქნათ? ამიტომ, დასამალი არაფერია. ამ ეტაპზე, არსებული მდგომარეობის დაზვერვას ვცდილობთ და ვმსჯელობთ, რა შეიძლება გამოდნეს ხელში არსებული მასალიდან. სამწუხაროდ, ბევრი საკითხი და კომპონენტია, რომელზეც საქართველო გავლენას ვერ მოახდენს. ეს ამერიკულ-რუსულ ურთიერთობებზეა დამოკიდებული და ამიტომ წინამორბედი ხელისუფლების შეცდომები აღარ გვეპატიება", - დასძენს გიორგი ვოლსკი.