მიმდინარე წელს, მსოფლიო სანავთობე ბაზარი სერიოზული გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა. შემცირებული მოპოვების პარალელურად, „შავი ოქროს“ ფასმა რეკორდულად დაბალი ფასი აჩვენა. მსოფლიო პანდემიის პირველი ტალღის გადავლის შემდეგ, ეკონომიკის მცირედით ამუშავებასთან ერთად, ნავთობპროდუქტების როგორც მოპოვება, ასევე ფასები მცირედით გაიზარდა. თუმცა, 2020 წლის 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 41,44 (- 1.71) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 39,31 (- 1.80) დოლარი/ბარელზე.
ბუნებრივია, მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე პროცესები ადეკვატურად აისახება საქართველოს ბაზარზეც, თუმცა ლარის კურსის ცვლილება საწვავის ფასზე კიდევ მეტ სხვაობას გამოიწვევს. „ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი“-ს ხელმძღვანელი, ვანო მთვრალაშვილი for.ge-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ გასულ თვეებში, საწვავზე ფასების კლება პირდაპირ კავშირში იყო მსოფლიო პანდემიასთან. სიტუაციის დასტაბილურების პარალელურად კი მსოფლიო სანავთობე ბაზარზე, „შავი ოქრო“-ს როგორც მოპოვება, ასევე მისი ფასი ნელ-ნელა მაღლა იწევს, ეს პროცესები ასახვას ჰპოვებს საქართველოს ბაზარზეც.
ვანო მთვრალაშვილი: მიმდინარე წელი ნავთობის ფასთან მიმართებაში იყო საკმაოდ არაორდინალური. წლის დასაწყისში იყო ძალიან მაღალი ფასები და იყო იმისი საშიშროებაც, რომ დაწყებულიყო ამერიკა-ირანის ომი. ამის შემდგომ ფასები რეგულირდება და პანდემიის გააქტიურებისთანავე ფასები იწყებს მნიშვნელოვან კლებას. შეიძლება ითქვას, ბოლო ათწლეულების ყველაზე დაბალი ფასები დაფიქსირდა. პანდემიიდან გამომდინარე შეზღუდული იყო სახმელეთო-საჰაერო მიმოსვლა. ფაქტობრივად, 4 მილიარდამდე ადამიანი იყო კარანტინში. დღესაც, საჰაერო მიმოსვლა მნიშვნელოვნად არის შეზღუდული, ამ ყველაფერმა გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნილების შემცირება. იმ პერიოდისათვის, საუბარი იყო მოთხოვნილების შემცირებაზე დაახლოებით 12-14 მილიონი ბარელზე დღე-ღამის განმავლობაში. თუმცა, შემდეგ, ივნისის თვის დასაწყისიდან, როდესაც დაიწყო ეკონომიკის ნაწილობრივი გახსნა, ამან გამოიწვია საპირისპირო პროცესი და, შესაბამისად, ფასებმა დაიწყო ზრდა. დღეს, მიმდინარე ეტაპზე, ფასები ბარელზე არის 40-42 დოლარის ფარგლებში. როდესაც აპრილის შუა რიცხვებისათვის იყო 20-22 დოლარი. მთლიანობაში, მიმდინარე ეტაპი, მთლიანად არის დამოკიდებული მოთხოვნილებასთან. ვირუსი ჯერჯერობით არსად არ წასულა და საერთაშორისო სააგენტოს ბოლო კვლევების მიხედვით, მიმდინარე წელს, ყოველდღიური მოთხოვნილება 10 მილიონ ბარელამდე მცირდება. ანუ, როგორც კი დაიწყო პანდემიის მეორე ტალღა, მოთხოვნილებაც შემცირდა. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო საჰაერო რეისების შემცირება და ყველაზე მეტად კოვიდმა დაარტყა საავიაციო მიმოსვლას. ამას ემატება „ოპეკი+“-ის შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა იმას, რომ ყოველდღიური მოპოვება შემცირებულიყო, ეს შეთანხმება სრულდება და, დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ფონზე, ჩვენ გვაქვს ვითარება, რომ ერთის მხრივ ნავთობი ცდილობს, რომ შემცირდეს, მაგრამ პარალელურად, ჩვენ ვაკვირდებით, რომ „ოპეკი+“-ის შეთანხმება, მოპოვების კვოტების შემცირებასთან დაკავშირებით, ამ პროცესს წინააღმდეგობას უწევს და ჩვენ საშუალო ფასი გვაქვს 40-50 დოლარი.
საქართველოს ბაზარზე ეს პროცესები როგორ აისახება?
- საქართველოში ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვნად შემცირებული ფასები, რაც ასევე გამოწვეული იყო პანდემიიდან გამომდინარე. აპრილი-მაისის თვეებში, საშუალოდ 80 თეთრით იყო ფასები შემცირებული. თუმცა, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო ბაზარზე ფასებმა მატება დაიწყო, ფასებმა ჩვენთანაც მოიმატა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, საწვავზე ფასები მომატებულია 40-50 თეთრით, თუმცა ეს პირდაპირ არის დაკავშირებული საერთაშორისო ბაზარზე ფასის მატებასთან.
მსოფლიო ბაზარზე გაზრდილი მოპოვება, ადგილობრივ ბაზარზე საწვავზე ფასების მატება და, ამ პროცესების პარალელურად, ლარის კურსის ვარდნაც, ფასების ზრდის ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორიც ხომ არ არის?
- რა თქმა უნდა, ეს პროცესი ცალსახად გავლენას მოახდენს საწვავის ფასზე. რა დოზით მოახდენს გავლენას, ეს მთლიანად დამოკიდებული იქნება ლარის პოზიციაზე დოლართან მიმართებაში.
მოხმარება თუ არის გაზრდილი და რა მოცულობით?
- ბოლო პერიოდში ფასები შედარებით გაზრდილია. მატებაა დაფიქსირებული როგორც დიზელის, ასევე ბენზინის საწვავზე. ორივე პროდუქტზე დაფიქსირებულია მატება. ეს იმ პერიოდში, როდესაც ქვეყანამ გამოიარა კარანტინი და მთელი რიგი შეზღუდვები. მიუხედავად ამისა, გაიზარდა იმპორტი, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მოხმარებაც გაიზარდა. მოხმარებამ აგვისტოს თვეში პიკს მიაღწია, მაგრამ წინა თვეებში იყო შემცირებული. საერთო ჯამში, იმპორტის მხრივ ჩვენ გვაქვს პოზიტიური დინამიკა და ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ღებულობს მნიშვნელოვან შემოსავლებს. არის ასევე ერთი კონკრეტული სეგმენტი - საავიაციო ნავთი, რომელიც გამოიყენება თვითმფრინავებში, იქ გვაქვს 82%-იანი კლება.
ახალი კომპანიები გაჩნდა ბაზარზე, ეს რამდენად მოქმედებს ფასების რეგულირებაზე?
- რაც შეეხება ახალ კომპანიებს, იმის პარალელურად, რომ ბაზარზე ოპერირებს ხუთი დიდი კომპანია, გაჩნდა ასევე ბევრი კომპანია, რომელსაც შეიძლება დავარქვათ საშუალო სეგმენტი. ანუ, შეიქმნა ეს შუა რგოლი, რომელიც ცდილობს განვითარებას თანამედროვე სტანდარტებით, ცდილობს საკუთარი იმიჯის შექმნას.
დიდ კომპანიებს რითი უწევენ კონკურენციას?
- კონკურენციას უწევენ იმით, რომ ისინი თვითონ არიან იმპორტიორი კომპანიები. ამავე დროს, თუ ფასებსაც შევხედავთ, სხვადასხვანაირი ფასებია. საქართველოში სულ არის 1200 გასამართი სადგური და აქედან ბრენდირებული კომპანიები ოპერირებენ 550 გასამართ სადგურზე, დანარჩენი არიან არაბრენდირებული გასამართი სადგურები.
ბიუჯეტში გადახდილი თანხებიც, ალბათ, შესაბამისი იქნება არსებულ მდგომარეობასთან, და მაინც, რას ველოდებით ამ კუთხით?
- აქციზის ნაწილში შემოსავალი, დიდი ალბათობით, უფრო მეტი შევა, მაგრამ დამატებითი ღირებულების ნაწილში შევა ნაკლები, ვინაიდან, დამატებითი გადასახადი გამოდის პროდუქტის ფასიდან გამომდინარე. წელს მოხდა ის, რომ საერთაშორისო შესასყიდი ფასები იყო დაწეული. ანუ, იმპორტის მოცულობა კი არ შემცირდა, თანხობრივი შემცირება მოხდა, შესაბამისად დამატებითი ღირებულების ნაწილში გვექნება ნაკლები თანხები.
სამანქანე გაზზე როგორია მოხმარება?
- სამანქანე გაზთან გვაქვს ასეთი მდგომარეობა, რომ ჩვენ გვაქვს ორი სახის - თხევადი აირი და ბუნებრივი აირი, ორივე სეგმენტი, საქართველოში მნიშვნელოვნად ვითარდება და არიან ერთმანეთთან ჯანსაღ კონკურენციაში, მათ შორის ბენზინის საწვავთანაც.
მოთხოვნა როგორია საწვავთან შედარებით?
- როდესაც ბენზინის ფასი იყო დაბალი, გაზზე გაყიდვები იყო დაბალი, როდესაც საწვავის ფასმა იწყო მატება, შესაბამისად მათი გაყიდვებიც იმატებს. ანუ, ეს ორივე ინდუსტრია მნიშვნელოვნად ვითარდება. ბევრი ავტომფლობელი ფასებიდან გამომდინარე ცდილობს ალტერნატიული პროდუქტის მიღებას.