სწავლის დაწყება შეიძლება 15 ოქტომბრამდე გადადონ

სწავლის დაწყება შეიძლება 15 ოქტომბრამდე გადადონ

„ვიცი, რომ მასწავლებლებსაც და მოსაწავლეებსაც მონატრებული აქვთ სკოლა, მაგრამ ჯანმრთელობის უფლება უპირველესია", - ამის შესახებ „რეზონანსთან" საუბარში პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილმა განაცხადა სწავლის კიდევ 2 კვირით შესაძლოა გადადებაზე საუბრისას.

ბოლო დღეებში ოფიციალური პირები კატეგორიულად იმეორებდნენ, რომ სწავლა სკოლებში 1-ლ ოქტომბერს განახლდებოდა და ამ პროცესის გადავადება არ იდგა დღის წესრიგში. თუმცა, სამშაბათს ქვეყნის მთავარმა ინფექციონისტმა თენგიზ ცერცვაძემ პირველად ახსენა სწავლის გადადება და იქვე დააკონკრეტა, თუ რა შემთხვევაში მოხდება ეს.

„თუ მოხერხდა მდგომარეობის დასტაბილურება ისე, რომ ინფიცირებულთა რიცხვი 200-ის ფარგლებში დავიჭირეთ, სკოლებსა და ბაღებში ის შეზღუდვა, რომ სწავლა პირველ ოქტომბერს გადავიტანოთ, საკმარისი იქნება. თუ ამ მდგომარეობაში ვერ დავიჭირეთ, როგორც ახლაა, ალბათ შესაბამისი სტრუქტურები და განათლების სამინისტრო განიხილავენ კიდევ ორი კვირით სწავლის გადადებას. თუმცა, მე სუბიექტურად მგონი, რომ ეს საჭირო არ გახდება, ამ ვერსიაზე საუბარი საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე არ მიმდინარეობს", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძე „პალიტრანიუსთან" საუბარში.

გენადი მარგველაშვილი „რეზონანსთან" აცხადებს, რომ ამ ეტაპზე სწავლის გადადებასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვს.

„სწავლის განახლება თუ კოვიდ-ინფექციის გავრცელების ახალი საფრთხე გახდება, ეს რა თქმა უნდა მიუღებელია. ხვალ მექნება კომუნიკაცია ამ საკითხზე სამინისტროსთან. განათლების სამინისტრო მზაა დისტანციური სწავლებისთვის. ყველა ის კომპონენტი, რაც დისტანციურ სწავლებასთან კავშირშია და რაც აუცილებელია თანაბარი და ხარისხიანი სწავლისთვის, უკვე განსაზღვრულია.

„ვისურვებდი, რომ მოსახლეობამ დაიცვას ყველა ის რეკომენდაცია, რაც აუცილებელია კორონავირუსის შესამცირებლად", - განაცხადა მარგველშვილმა.