გიორგი ხაინდრავას ემუქრებიან

გიორგი ხაინდრავას ემუქრებიან

16 ივლისს კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხაინდრავას შესაშინებლად ცხინვალიდან გატაცებული ხაჭაპურიძეების ძმამ ლევან ხაჭაპურიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.

მომხდარზე სამართალდამცველებს რეაგირება არ მოუხდენიათ.

“მიკვირს ჩვენი სამართალდამცველების პასიურობა. პირადად ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ლევან ხაჭაპურიძე სახელმწიფოსთვის საშიში ელემენტია და მისმა ქმედებამ შესაძლოა უკიდურესად დაძაბოს ვითარება კონფლიქტის ზონაში”, - განაცხადა ხაინდრავამ, რომელსაც ლევან ხაჭაპურიძე გატაცებულების მოძებნის საქმეში უმოქმედობასა და ქვეყნის ღალატში ადანაშაულებს და ურჩევს ცხინვალის რეგიონში არსებულ ქართულ სოფლებში ჩასვლაზე არც იფიქროს.

ამასთან, ხაჭაპურიძე სამართალდამცველებსაც აფრთხილებს, რომ თუ ხაინდრავა გაფრთხილების მიუხედავად დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში გამოჩნდება, იგი კვლავ გამოიყენებს ცეცხლსასროლ იარაღს(?!).

17 ივლისს გატაცებული ხაჭაპურიძეებისა და ლომიძის ნათესავებმა ტრანსკავკასიური საგზაო მაგისტრალის პროტესტის ნიშნად გადაკეტილი მხოლოდ ერთი მონაკვეთი, გორიდან ცხინვალისკენ მიმავალი გზა გაათავისუფლეს, სადაც ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ცხინვალიდან ჯავისკენ მიმავალი გზა კი უკვე ორი კვირაა გადაკეტილია.