"ეს ხელისუფლება ქუჩაში გამომიყვანს!".

ზაზა ხატიაშვილი - "არასასიამოვნოა, როცა გახმაურებულ მკვლელობას გვერდზე გადადებ და ბანკის გაკოტრების საქმით იწყებ, ივანიშვილს რომ ასიამოვნო"

"ძველი პოლიციელები და პროკურორები ელოდებიან იმ დროს, როდესაც ადამიანებს ქუჩაში სცემდნენ, აწამებდნენ, სახლ-კარს ართმევდნენ და ამაზე პრეზიდენტი სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილი ტაშს უკრავდნენ. რა თქმა უნდა, ესენი არიან ფორმიანი კრიმინალები, რომლებიც შეიძლება საბრალდებო სკამზე არ დასვა და აპატიო, მაგრამ მათ ამ სისტემაში მუშაობა საერთოდ უნდა აეკრძალოთ. არ დაიჭირო, საპროცესო შეთანხმება გაუფორმე და გაუშვი", - აცხადებს "ადვოკატთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ზაზა ხატიაშვილი გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ეს ხელისუფლება ქუჩაში გამომიყვანს!".

"სოზაშვილების გახმაურებული საქმის შესახებ იცით. 3 დეკემბრიდან იცოდნენ, რომ ძმები სოზაშვილები ამბობდნენ, გვცემეს და პოლიცია თავს დაგვესხაო. 2 დეკემბრის შემდეგ საკმაო დრო გავიდა. აქამდე თუ ვერ გამოიძიეს ეს საქმე, უკვე ვეღარ გამოიძიებენ. მე ამ საქმეზე არ გავჩუმდები. ამ ხელისუფლებამ ისევ ქუჩაში უნდა დამაყენოს. პრემიერ-მინისტრის ოფისის წინ რომ აქციების ჩატარება დამჭირდეს, ჩავატარებ და არ გავჩერდები. მე ვიბრძოდი იმიტომ, რომ ვერც ერთი პოლიციელი ვერ გადაურჩეს დასჯას, რომელიც ქუჩაში დანაშაულს და ძალადობას ჩაიდენს. ამიტომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, რომ ამ მოძალადე პოლიციელებს, მერაბიშვილის და ადეიშვილის გამოზრდილ პოლიციელებს, მოქალაქეების ცემა და წამება გააგრძელებინოს?! მე, პირადად, ქუჩაში სამი წელი იმიტომ არ ვმდგარვარ, რომ ელექტროენერგიის გადასახადი 20 ლარით შემიმცირდეს. ქუჩაში იმიტომ ვიდექი, რომ მინდა ამ ქვეყანაში იყოს სამართლიანი სასამართლო", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა ხატიაშვილი.

"დამნაშავე მოსამართლეები უნდა გამოკვეთილი ყოფილიყო. სააკაშვილის რეჟიმის მთავარი დასაყრდენია კუბლაშვილის უნამუსო სასამართლო. კუბლაშვილის სასამართლო ისეთ პირებს, რომლებიც სააკაშვილის რეჟიმის პირველ პირებს წარმოადგენენ, უფარდებს გირაოს და ადამიანი, რომელსაც ერთი 20 თეთრიანი ფუნთუშა ჰქონდა მოპარული, იმას უფარდებდა აღმკვეთი ღონისძიებით სახით პატიმრობას. სასამართლოს რეფორმაზე რომ დაიწყო საუბარი, სააკაშვილმა სამარცხვინო განცხადებები გააკეთა. ამ ფონზე შს სამინისტრომ ისეთი რამე არ უნდა გააკეთო, რომ ამ სამარცხვინო ადამიანს აძახებინო, ნარკოდილერები დანიშნეს თანამდებობებზეო. როცა ასეთი ავანტურისტი პრეზიდენტი ჰყავს ქვეყანას, ისეთი ნაბიჯები არ უნდა გადადგა, რომ ეს ადამიანი შენზე არ აცინო", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მეცინება "ქართუ ბანკის" საქმეს რომ იძიებენ და გირგვლიანის, ჟვანიას და ზურა ვაზაგაშვილის საქმე არ გახსნილა. ვაზაგაშვილის საქმე ფაქტობრივად გახსნილია. სახალხო დამცველმა შეიტანა რეკომენდაციები, რომ უნდა გაუქმებულიყო პოლიციელების მიმართ სს საქმის შეწყვეტის დადგენილება და გამოძიება განახლებულიყო. ერთადერთი საქმეა ვაზაგაშვილის, რომელზეც სახალხო დამცველის რეკომენდაციაა. ამ საქმით რომ არ იწყებ და იმას ამბობ, აპარატურა დაგვიზიანესო და "ქართუ ბანკის" გაკოტრების საქმით იწყებ, აქ უკვე ოპონენტები გეუბნებიან, პოლიტიკურად მდევნიო. ბანკის გაკოტრება კი უნდოდა სააკაშვილს, მაგრამ მთავარ პროკურატურას გამოძიებები ამით არ უნდა დაეწყო. არასასიამოვნოა, როცა გახმაურებულ მკვლელობას გვერდზე გადადებ და ბანკის გაკოტრების საქმით იწყებ, ივანიშვილს რომ ასიამოვნო. თუ ივანიშვილის მითითება არ არის, რომ პირველ რიგში ეს საქმე გამოიძიონ, მე ივანიშვილის ადგილზე შევაჩერებინებდი, ვეტყოდი, სამარცხვინოა ახლა ამაზე ლაპარაკი, როცა ამდენი მძიმე დანაშაულია გამოსაძიებელი", - დასძენს ზაზა ხატიაშვილი.