„ქართული პოლიტიკის პრობლემა არის პოლარიზაცია, და ამის მიზეზი არის „ნაციონალური მოძრაობა“

„ქართული პოლიტიკის პრობლემა არის პოლარიზაცია, და ამის მიზეზი არის „ნაციონალური მოძრაობა“

კითხვაზე - ამ კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას? – IRI–ს მიერ გამოკითხულთა 36% პასუხობს, რომ არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას“ დაუჭერდა, 15% - „ნაციონალურ მოძრაობას“. გამოკითხული 1 500 მოქალაქის პასუხი ასე გადანაწილდა – „ევროპული საქართველო“ - 4%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 4%; „პატრიოტთა ალიანსი“ - 4%; „ლეიბორისტული პარტია“ - 3%. ამომრჩეველთა 23% კი აცხადებს, რომ არ იცის, ან პასუხი არ აქვს.

რაც შეეხება სხვა პარტიებს - „სამოქალაქო მოძრაობას“ აქვს 2%; „ლელო საქართველოსთვის“ - 2%; „გირჩი“ - 2%; „დემოკრატიული მოძრაობა“ - 1%; სხვა პარტია - 2%, არც ერთი -3%. გარდა ამისა, IRI-ს კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 33% აცხადებს, რომ პირველ რიგში „ქართულ ოცნებას“ დაუჭერს მხარს, ხოლო რესპონდენტების 3% მმართველ პარტიას იმ შემთხვევაში დაუჭერს მხარს, თუკი საარჩევნო ბიულეტენში მისი რჩეული პარტია არ იქნება.

კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ არჩევნებში მონაწილე რომელიმე პოლიტიკური პარტია ეფექტურ ალტერნატივას გვთავაზობს პარლამენტში, IRI–ის კვლევის მონაწილეთა 56% ფიქრობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 24%–მა არ იცის ან პასუხი არ აქვს ამ შეკითხვაზე, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ასეთი პოლიტიკური ალტერნატივა არსებობს. კვლევის თანახმად, ეფექტურ ალტერნატივად გამოკითხულთა 16% „ნაციონალურ მოძრაობას“ განიხილავს; 9–9% „ლელო საქართველოსთვის“ და „ახალი საქართველოსთვის – სტრატეგია აღმაშენებელს“, 5–5–% „სამოქალაქო მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“.

ტრადიციულად IRI–ის კვლევას არ ენდობა მმართველი ძალა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრს მამუკა მდინარაძეს აინტერესებს, IRI რატომ აჩვენებენ საზოგადოებას ნახევარფაბრიკატს. მისი განცხადებით, კვლევებზე საუბარი, სადაც ალოკაციას არ აკეთებენ, არარელევანტურია.

„ჩვენ, მაქსიმუმ, შეგვიძლია ვილაპარაკოთ იმ კვლევების რელევატურობაზე, სადაც პასუხი არის. მაგალითად „გორბმა“ ჩაატარა კვლევა, სადაც მინიმუმ 56%-ს მიიღებს „ქართული ოცნება“ დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, 4% დარჩა გადაუნაწილებელი და, ალბათ, რაღაც არგუმენტები ჰქონდა, რომ 4% შეწონვა, ალოკაცია არ გააკეთა. „რუსთავი 2“–ის კვლევამაც 56% დადო და თქვეს, რომ ეს არის საარჩევნო პროგნოზი, ეს არის სოციოლოგიის საქმე. ახლა ვხედავთ რაღაც ციფრებს, სადაც თქვენც კი არ გაქვთ პასუხი, რა შედეგი დადო ამ ხალხმა. იცით რატომ? - ნახევარფაბრიკატია“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, იმ ადამიანების 80%, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ არ გადაუწყვიტავთ, ვის მისცემენ ხმას არჩევნებში, ან უარს ამბობენ პასუხზე, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია და ისინი, როგორც წესი, ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევენ.

„ყოველთვის გვაქვს პატივისცემა და სრული ნდობა შედეგების, მაგრამ როცა ახსენებთ ოპოზიციური პარტიის რეიტინგს, არ დაგავიწყდეთ რაოდენობა იმ ადამიანების, რომლებმაც უარი თქვეს პასუხზე, ან არ გადაუწყვიტავთ ვის მისცემენ ხმას. ამ ადამიანების 80 პროცენტი დარწმუნებული იყავით, რომ არიან ოპოზიციურად განწყობილი და როგორც წესი, ხმას მისცემენ „ნაციონალურ მოძრაობას“.

მე ეს კინო ნანახი მაქვს უკვე – საქართველოს მოქალაქე ერიდება თავისი აზრის გამოხატვას, რადგან „ქართული ოცნების“ პირობებში არის უკიდურესად დაშინებული, თავს იზღვევს და ცდილობს არ გამოხატოს აზრი, რომ თვითონ ან ოჯახის რომელიმე წევრი არ იქნას მკაცრად დასჯილი „ქართული ოცნების“ მიერ“,– ამბობს გრიგოლ ვაშაძე.

სერგი კაპანაძის განცხადებით, IRI–ის კვლევამ აჩვენა, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგი ქვემოთ, ხოლო ჯამური ოპოზიციური რეიტინგი ზემოთ მიდის. „ევროპული საქართველოს“ წევრის განცხადებით, საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის.

„ეს კომბინაცია არის კარგი მეტყველი იმ დამოკიდებულების, რაც არის საზოგადოებაში, ანუ საზოგადოებაში არის ჩამოყალიბებული მზაობა ფუნდამენტური ცვლილებებისთვის და ამიტომ ამ კვლევაში სწორედ ეს არის აღნიშნული. აქედან გამომდინარე, „ქართული ოცნების“ მიდგომა, რომ ყველაფერი კარგადაა, არაფერი არ უნდა შეიცვალოს და ყველა არის ბედნიერი, არის არასწორი და ამ კვლევებში სწორედ ეს ჩანს“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორ არჩევანს გააკეთებს ამომრჩეველი, ეს 31 ოქტომბერს საღამოს 20:00–ზე გახდება ცნობილი. თუ წარმოდგენილ სოციოლოგიურ კვლევას გადავხედავთ, სურათი არ იცვლება. „ნაციონალური მოძრაობა“ ისევ ინარჩუნებს პირველ ადგილს ოპოზიციურ ველზე. ანალიტიკოს სოსო მანჯავიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩევლი ნამდვილად შემცირებულია, თუმცა არა იმ დონეზე, რომ ყველაფერს აკეთებენ შეცირდეს ამომრჩეველი.

„ამის მიუხედავად ინარჩუნებენ მეორე ადგილს. ყველა გამოკითხვის შედეგი აჩვენებს ამ დინამიკას, „ნაციონალურ მოძრაობათა“ მხარდამჭერთა ბაზა მცირდება, მაგრამ ეს დინამიკა ჯერჯერობით ისე არ განვითარებულა, რომ მეორე ადგილზე დაბლა ჩამოვიდნენ. ანუ, არც ჩანს პარტია, რომელიც ამ მეორე ადგილს დაიკავებს. გამოკითხვების მიხედვით ობიექტურად „პატრიოტთა ალიანსი“ ჩანს, ანუ მეორე ადგილი მათ აქვთ.

რამ გამოიწვია „ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგის ასეთი ვარდნა, თითქმის ყველა გამოკითხვაში „ქართულ ოცნებას“ ჩამორჩებიან ორნახევარჯერ, ან სამნახევარჯერ და მეტად. მათთმა არადეკვატურმა ქცევამ, მიხეილ სააკაშვილის განუწყვეტელმა თამაშმა ამომრჩეველთან – „ჩამოვდივარ“, „არ ჩამოვდივარ“, გვარამია, რომელიც მათ ფაქტიურ ლიდერად გადაიქცა. ჰყავს ამ გვარამიას თავისი კლასტერი, მაგრამ ძალიან რთულად წარმოსადგენია გვარამიას მხარს უჭერდეს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა.

ისიც დიდი ტრაგედიაა, რომ პარტიას, რომელსაც ასეთი მძიმე წარსული აქვს და კიდევ უფრო მძიმე აწმყო, ამდენი მომხრე ყავს. მათ ვერაფერი ვერ ისწავლეს წარსულიდან და კიდევ უარესს შვრებიან. რად ღირს თუნდაც ეს ტელეგამოძიებები, განუწყვეტელი შეფასებები, უცხოეთში ლეგიტიმაციის და მავნებლობის სერია... ეს არის ჩვენი საზოგადოების მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის ბრალი“, – აცხადებს სოსო მანჯავიძე.

მისი თქმით, მეორეს მხრივ ოპოზიცია არ ცდილობს ალტერნატიული გზა შესთავაზოს ქვეყანას, არამედ ცდილობს ხელისუფლების მოქმედებით და შეცდომებით გამოწვეული განწყობილებების უკმაყილებლობის დეტონაცია გააკეთოს, დააზიანოს ხელისუფლება.

„ეს არის მათი სტრატეგია. მაქსიმალური ზიანის მიყენება ხელისუფლებაზე შედეგების გაუთვალისწინებლად, განურჩევლად მოკავშირის და მეთოდების არჩევისა. ცხადია, ეს უკმაყოფილება არსებობს იმ აბარა-კადაბრას გამო, რომელსაც ხშირად ვხედავთ ხელისუფლების მოქმედებებში. ეს, რა თქმა უნდა, არსებობს, თუმცა „ნაციონალური მოძრაობა“ აღარ გამოდგება ამის კოლექტორად და დეტონატორად, ვინაიდან ფსკერი აქვს გავარდნილი. ამიტომ, რაც შეუძლიათ მაქსიმალურ ზიანს აყენებენ ხელისუფლებას, ახდენენ მის დემონიზაციას.

რაც შეეხება დანარჩენ პოლიტიკურ ძალებს, „პატრიოტთა ალიანსი“ არ აღიქმება ხელისუფლების ალტერნატივად, სხვადასხვა მიზეზთა გამო, რომელზეც არ შევჩერდები. მით უმეტეს სხვა დანარჩენი პოლიტიკური ჯგუფები, რომელთა წინასაარჩევნო კამპანია ატარებს უზრდელობაში გადასული უგემოვნების ხასიათს. მაგალითად გიორგი ვაშაძე – ის, ლექსები, რომელიც გვესმის ყუბანეიშვილის ავტორობით – „აღმშენებლობა გვჭირდება მალე, რომ უკეთესად ვიცხოვროთ ხვალე“ „როგორც ღვინოს თავსახური, ხალხს სჭირდება სამსახური“.

ტრადიციულად საოცრებებს შვრება შალვა ნათელაშვილი, საოცარი საარჩევნო კამპანია აქვს, რომელიც, როგორც ყოველთვის, გათვლილია დაბალი შეგნების ადამიანების მონუსხვაზე. ყვითელი ბანანი მაინც ეყიდა, გაშავებული, ნაგვის ყუთიდან ამოიღეს ჩამოფასებული ბანანი, ვაშლის ერთი მხარე დამპალია, რაღაცა საოცარი სურათია, გავერანების შთაბეჭდილებას ახდენს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას სოსო მანჯავიძემ.

პოლიტოლოგ დავით ზარდიაშვილს იმედი აქვს, რომ არჩევნებამდე სურათი შეიცვლება და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ის გავლენა უნდა დაკარგოს, რაც ჰქონდა, ვინაიდან ეს პარტია გაიხლიჩა.

„გაცილებით მეტი ფრაქცია ჰყავს „ევროპულ საქართველოს“ ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ დღევანდელ პარლამენტში. მომავალ პარლამენტში ასე არ იქნება, მაგრამ თანაფარდობაზეა დამოკიდებული. ე.ი. თუ უფრო მცირე ფრაქციით შევლენ, არა უმეტეს 10–15 კაცისა, მაშინ, რასაკვირველია, გავლენის დიდ ნაწილს დაკარგავენ და მაშინ კონკურენცია გაჩნდება პარტიებს შორის, რომლებიც ჯერ მცირე ოდენობით მოხვდებიან პარლამენტში, მაგრამ მერე იმედი მაქვს, რომ მათი გავლენა გაიზრდება.

რასაც ვუყურებ „ქართულ ოცნების“ ახალ გენერაციას, ევროპული სახის გენერაცია მოვიდა უკვე. ეს არის ხალხი, რომლებსაც ქვების სროლის არ ეშინიათ. ნაცებს ვინ ჰყავთ? ვაშაძე მათ იმით ჯობია, რომ დანარჩენებთან შედარებით გარკვეული პოზიტივი აქვს. შესაძლებელია ვაშაძემ მეტი ხმა მიიღოს, ვიდრე ნაცებმა, ეს კარგი იქნება. ვაშაძეს მომხრე არ ვარ, მაგრამ იმასთან შედარებით, რაც არის სააკაშვილი, მელია, გვარამია და ეგ ხალხი, რასაკვირველია, მათ ვაშაძე ჯობია.

თუმცა ეგეც ქვის მსროლელია, გასაგებია რაც არის, ეგეც ნაცია, მაგრამ ვაშაძე შედარებით ზომიერი ქვისმსროლელი ნაცია. ისეთ რაღაცეებს არ კადრულობს, რასაც გვარამია და მელია, რომლებიც ერთმანეთს წარმოუდგენელ რადიკალიზმში ეჯიბრებიან. ქართული პოლიტიკის პრობლემა არის პოლარიზაცია, რისი მიზეზიც არის „ნაციონალური მოძრაობა“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილმა.

Aburjga Tasmanieli ნაციონალურ მოძრაობას აქვს დამატებული 5-7%. რომელიც დააკლეს "პატრიოტთა ალიანსს"! დანარჩენი ასე თუ ისე სწორია! პატრიოტთა ალიანსი და მასთან იდეოლოგიურ პლატფორმაზე გაერთიანებული სხავ პოლიტიკური ძალები არიან რეალური, იდეური პოლიტიკური ოპოზიცია!!! სხვა დანარჩენები: ნაცმოძრაობა, ევროპული საქართველო, ლელო, ქართული ოცნების ლიბერალური ანუ წამყვანი ფრთა -უმრავლესობა, სხვადასხვა აღმა დაღმა მშენებლები არიან ერთი და იგივე პოლიტიკურ პლატფორმაზე მდგომი, მაგრამ სხვადასხვა მაფიოზური კლანის წარმომადგენელი ძალები! ასე რომ ამ არჩევნებში მონაწილეობს ორი მნიშვნელოვანი ძალა პიობითად, ერთი მხარე ნატოს ქოლგაზე მეოცნებეები და მეორე მხარე ეროვნულ- პატრიოტული ღირებულებების ერთგულნი!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli პირველი ჯგუფის წარმომადგენლების გარჩევა ადვილად შეიძლება ჩვენგან, ყველა სხვა დანარჩენებისაგან, ისინი მეტყველებისას ხშირად იყენებენ სიტყვებს რელევანტური, არარელევანტური! ეს მათი საფირმო ნიშანია!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli დასავლეთის ლიბერალური დემოკრატიის ჭეშმარიტ სახეს კარგად აჩვენებს ის ფაქტი, რომ აშშ-ში მოქმედი რომელიღაცა უნივერსიტეტის (სახელი ვერ დავიმახსოვრე, სსრკ-ში გორაბერეჟოულის ტექნიკუმში უფრო მაღალი დონე იყო) პროფესურამ ნაძირალა ნავალნი ნობელის პრემიაზე წარადგინა!!! თან "სასტავს" არ იკითხავთ - ტრამპი, ნათანიაჰუ, გრეტა ტუმბერგი, და ნავალნი! მაგარია არა?! )))
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ერთი სიტყვა გამომრჩა, ნობელის მ შ ვ ი დ ო ბ ი ს პრემიაზეა ნავალნი წარდგენილი, მშვიდობის პრემიაზეო... ნეტავ სად და როდის დაამყარა, ან ეცადა მაინც მშვიდობა დაემყარებინა?!
3 წლის უკან