გიგი უგულავას გადადგომას მოითხოვენ

გიგი უგულავას გადადგომას მოითხოვენ

თბილისის საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციები თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნით გამოდიან.

“თბილისის მერს “თბილგაზის” გენერალური დირექტორის გიორგი გვიჩიანის დანიშვნაში უშუალო წვლილი მიუძღვის, ამიტომ, გვიჩიანის დამნაშავედ ცნობის შემდეგ მას არა აქვს მორალური უფლება ამ თანამდებობაზე დარჩეს”, - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “მემარჯვენეების” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი მოსიძემ.

მისი თქმით, ხელისუფლებაში მკვლელები და ეჭვმიტანილები მომრავლდნენ და საჭიროა ამას ქმედითი ზომები მოჰყვეს. თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნას უერთდებიან საკრებულოს სხვა ოპოზიციური ფრაქციების - “დემოკრატიული ფრონტისა” და “ლეიბორისტების” წარმომადგენლებიც.

“გიგი უგულავა უშიშროებაში მუშაობდა და კარგად უნდა სცოდნოდა, რას წარმოადგენდა გიორგი გვიჩიანი,” - აღნიშნა “დემოკრატიული ფრონტის” წევრმა ვაჟა იმნაიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, თბილისს არჩეული მერი ჰყავდეს, რადგან მას საზოგადოების წინაშე უფრო დიდი პასუხისმგებლობა ექნება.