"ალიასთვის" ცნობილი გახდა, რომ კახა ბენდუქიძის აგრარული უნივერსიტეტი და მის ბაზაზე დაარსებული კულინარიის აკადემია "ლევ" სასმელს წყალს მოიხმარდა. როგორც "ალიას" სანდო წყარომ განუცხადა, შპს "აგრომეტის" ტერიტორიაზე (ყოფილი სასოფლო უნივერსიტეტის ტერიტორია) აღმოჩენილ იქნა აღურიცხავი სასმელი წყლის ორი მილი. ბენდუქიძე, რომელიც სხვადასხვა ტელეეთერით გამოსვლისას გვმოძღვრავს და ჭკუას გვასწავლის, როგორ ვიქცეთ სრულფასოვან მოქალაქეებად, გამოდის, წყალს იპარავდა. ექსპრეზიდენტის არ იყოს, აღურიცხავი ბუნებრივი მილი რომ ჰქონდა შეყვანილი პრეზიდენტის რეზიდენციაში.
ინფორმაციის გადასამოწმებლად "ალია" "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" პიარისა და მარკეტინგის ჯგუფის ხელმძღვანელს თიკო მაკარაძეს დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია დაგვიდასტურა:
"აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შედგა აქტი, რომლის თანახმად, "აგრომეტს" მრიცხველის გვერდის ავლით წყლის მოხმარებისთვის, სემეკის მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, დაერიცხა თანხა 4118,4 ლარის ოდენობით. აღნიშნული აქტი ხელმოწერით დაადასტურა შპს "აგრომეტის" წარმომადგენელმა. გარდა ამისა 12 მარტს, კომპანიის კონტროლის ჯგუფმა განმეორებით ჩაატარა შპს "აგრომეტის" კუთვნილი ტერიტორიის შემოწმება და კიდევ ერთი აღურიცხავი ხაზი აღმოაჩინა. მრიცხველის გვერდის ავლით წყლის მოხმარების მეორე ფაქტზეც შედგა აქტი, რომლის თანახმად, "აგრომეტს" 2635,78 ლარი დაერიცხა. მეორე აქტიც ხელმოწერით დაადასტურა "აგრომეტის" წარმომადგენელმა". - ამბობს მაკარაძე. ჯამში, შპს "აგრომეტი" 6754,18 ლარით დაჯარიმდა და მათ ეს თანხა 15 დღის ვადაში უნდა დაფარონ.
აგრარული უნივერსიტეტის კულინარიის აკადემიის მენეჯერი ნანა თურმანიძე "ალიასთან" საუბრისას უარყოფს ფაქტს და ამბობს, რომ აღურიცხავი მილით მათ არასდროს უსარგებლიათ და რომ ეს მილი ჯერ კიდევ მაშინ იქნა გაყვანილი, როდესაც აგრარული უნივერსიტეტი სახელმწიფოს ბალანსზე ირიცხებოდა. შეკითხვაზე, გეგმავენ თუ არა დარიცხული ჯარიმის გადახდას, თურმანიძე გვპასუხობს, რომ შეცდომაა და აღურიცხავი მილი არ ყოფილა შპს "აგრომეტის" მიერ გამოყვანილი. ამ "მილის არსებობას უნდა "ვუმადლოდეთ" იმ ადმინისტრაციას, რომელიც იყო უნივერსიტეტში, როცა აგრარული იყო სახელმწიფოს საკუთრებაში. ახლა მოხდა ამ მილის აღმოჩენა და მოხდა ის, რაც მოხდა". - ამბობს თურმანიძე.
მართალია, "აგრომეტი" აღურიცხავი მილით სარგებლობას უარყოფს და ჯარიმის გადახდაზეც უარს აცხადებს, მაგრამ "ალიას" ხელში ჩაუვარდა დოკუმენტი, რომელსაც ხელს აწერს შპს "აგრომეტის" წარმომადგენელი, რაც იმას ნიშნავს, რომ დარიცხულ ჯარიმას ეს ორგანიზაცია გადაიხდის. ჯარიმის გადახდა კი, თავის მხრივ, გულისხმობს იმ ფაქტის დადასტურებას, რომ საუნივერსიტეტო კომპლექსი "ლევ" წყალს მოიხმარდა.