ზაზა პაპუაშვილი - "ხალხი აღარ დათმობს თავის არჩევანს, რადგან იცის, რომ ამის უკან უბედურება, "ნაციონალური მოძრაობა" დგას"
"ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლა 2012 წლის პირველი ოქტომბრის არჩევნების შედეგებით დაგვირგვინდა და ბოროტებამ ვეღარ იზეიმა. კი ბატონო, ნაწილი დააშინეს, ნაწილი გააბოროტეს, ნაწილი მოკლეს, დაასახიჩრეს, ზოგიც ქვეყნიდან გააქციეს, მაგრამ ქართველობა მაინც ვერ გატეხეს. ამის გამო დიდ ბედნიერებას განვიცდი. რაც მთავარია, პოლიტიკაში გამოჩნდა კაცი, რომელსაც, როგორც ადამიანს, ყოველგვარი დითირამბების გარეშე, უდიდეს პატივს ვცემ. კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ საქართველო მარადიული ქვეყანაა და ყოველთვის ეყოლება ბრწყინვალე მამულიშვილები", - აცხადებს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა პაპუაშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის"მიცემულ ინტერვიუში სათაურით "ქართველმა ხალხმა თავისი პუნქტები უკვე ჩამოწერა!".
"ხომ ხედავთ, "ნაციონალები" როგორ დაჭკნენ, დაპატარავდნენ, ძალა ელევათ და უსუსურდებიან?! მათ ბოროტებას ყავლი გასდის. ესენი არც უწინ ყოფილან ხალხის სამსახურში და არც ახლა არიან. მათ არაფერი ესაქმებათ ქვეყანასთან, მით უმეტეს - ქვეყნის მმართველობასთან. მხოლოდ საქმის გაფუჭება, გაუარესება სურთ. მათ პიარითა და უცხოელებისთვის თავის მოწონებით გაჰქონდათ თავი. სტუმრებს შედღაბნილ ფასადებს აჩვენებდნენ და თავს იწონებდნენ, რეალურად კი შიგნით ყველაფერი ლპებოდა. ასეთმა მმართველობამ ქვეყნის არსებობა, მომავალი სათუო გახადა. მათ სიტყვებს გროშის ფასიც არ აქვს. ნაციონალებისთვის პარლამენტი ხომ "ხავერა" იყო და არა საკანონმდებლო ორგანო?! იმ კანონებს იგონებდნენ და ამტკიცებდნენ, რაც თვითონ აძლევდათ ხელს. დღეს იმიტომაც არიან დიდ განცდაში, რადგან პარლამენტში სხედან და ვეღარაფერს წყვეტენ. სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა უკვე ამოეწურა და უფლება არ აქვს, ხალხს ელაპარაკოს. რომელი ქვეყნის პრეზიდენტია სააკაშვილი? რაც მთავარია, ხალხი დარწმუნდა თავისი არჩევანის სისწორეში და მას აღარ დათმობს, რადგან იცის, რომ ამის უკან უბედურება, "ნაციონალური მოძრაობა", ცოცხები, გაპარტახება, გავერანება, დაჭერა, სიკვდილი დგას. ამიტომ მომავლის იმედით, მოთმინებით მიჰყვება ცხოვრებას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაზა პაპუაშვილი.
"ადამიანები, რომლებიც მთავარი დამჭერები, ყაჩაღები, მკვლელები და მძარცველები იყვნენ, დღეს ჩივიან, რომ პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლნი არიან. რას ეძახიან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას?! დანაშაული რომ გაქვს ჩადენილი, არ მაქვს უფლება, დაგიძახო და რამე გკითხო?! თუ შენს ნამოქმედარში ეჭვი შემეპარა და დაგიბარე, ეს პოლიტიკური ანგარიშსწორებაა?! 29 მილიონით რომ ფინანსდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებელი, შიგნით ჩაოხრებული და ჩამპალი რომ არის და 8 მილიონი ლარი ვალიც რომ დაიდეს, არ უნდა ვიკითხოთ, რისთვის დაიხარჯა ეს ფული, თუ არ გვაქვს უფლება?! აღარც დაგიბაროთ და აღარც გკითხოთ?! ამათ თავხედობას საზღვარი არ აქვს. არადა, დააკვირდით ხელისუფლების ქმედებას: ძალიან კვალიფიციურად იბარებენ, არ აწყობენ სატელევიზიო დაჭერებს, არც ბორკილებით დაარბენინებენ ხალხს, არც ღამით უცვივდებიან სახლებში და არც ლოგინებიდან ყრიან. სამართლებრივი გზა რომ უფრო გრძელი და მოსათმენია, არ იციან, რადგან დაჭერით, წართმევით, მკვლელობით ერთ საათში ამყარებდნენ, მათი გაგებით, "წესრიგს" და ადამიანისთვის 15 წუთში გამოჰქონდათ განაჩენი. ქვეყანაში წესრიგის დამყარებას კი სამართლიანობა, განათლება და პროფესიონალიზმი სჭირდება", - განაგრძობს რესპონდენტი.
"რაც შეეხება იმ ხუთ პუნქტს თუ რაღაცას, საქართველომ თავისი პუნქტები უკვე ჩამოწერა და რატომ უნდა ვუსმინოთ წარსულის პოლიტიკოსს, რომლის შენახვა და თვითმფრინავები ქვეყანას ასე ძვირი უჯდება?! სააკაშვილს ქვეყნის სასიკეთოდ არაფერი გაუკეთებია და ახლა, მით უმეტეს, ვეღარაფერს გადაწყვეტს, რადგან პოლიტიკური გვამია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ქართველმა ხალხმა თავისი პუნქტები უკვე ჩამოწერა: ხალხს სჭირდება აყვავებული, ძლიერი, სამართლიანი, მოწესრიგებული, ნიჭიერი, თავისუფალი და იმედიანი ქვეყანა. რა, ეს პუნქტები არ არის? ამას ჯერ კიდევ როდის გაიძახოდა საქართველოს მოსახლეობა, მაგრამ ვინ მიაქცია ყურადღება?! ამის შემდეგ რატომ უნდა ვისმინო ვიღაცის ბჟუტური, რომლის სიტყვები ხალხის ყურს ხვდება და გულს არ სწვდება? - ეს შექსპირის ნათქვამია", - განმარტავს ზაზა პაპუაშვილი.
"გული მტკივა, რომ ზოგიერთმა ყოფილი ხელისუფლების მდარე თამაში დაიჯერა. დანაშაულების გადაფარვის მიზნით რუსეთით დააკომპლექსეს ხალხი. ვისზედაც ეს კომპლექსი მოქმედებს, იმოქმედოს. მთავარია, შენი ქვეყანა გიყვარდეს და აარიდო რუსეთისგან თუ სხვა ქვეყნისგან წამოსული განსაცდელი. თვითონ იმდენი იძახეს - "რუსეთი, რუსეთი", ვიდრე თავი არ დაამარცხებინეს. ახლა კი თავიანთი უტვინობისა და შეცდომების პატრიოტიზმის რანგში აყვანას ცდილობენ და ვინც ამას ჭამს, ჭამოს. მე კი ამ მდარე აზროვნებისგან შორს ვდგავარ. ეგ კინო უკვე ნანახი მაქვს!" - დასძენს რესპონდენტი.