ჟვანია ოპოზიციას თამაშის ახალ წესებს სთავაზობს

ჟვანია ოპოზიციას თამაშის ახალ წესებს სთავაზობს

ზურაბ ჟვანიას ინიციატივა „ეროვნულიშერიგების“ პროცესთა კოორდინაციისათვის სპეციალური ჯგუფის შექმნის შესახებ შეიძლება პოლიტიკურ დემარშადაც ჩაითვალოს.

მით უმეტეს, დღევანდელ პირობებში, როცა მოვლენები თებერვლის შემდეგ ელვის სისწრაფით ვითარდება, - ხელისუფლებამ აშკარად ხელთ იგდო ინიციატივა და „ფუნდამენტალისტურ ოპოზიციას“ დასაყრდენ სოციალურ ბაზას უსპობს.

ისიც ნიშანდობლივია, რომ ჟვანიამ გადაწყვიტა პასუხისმგებლობა თავის თავზე აეღო და შესაბამისი გავლენის ბერკეტებიც აემოქმედებინა. როგორც ჩანს, ხელისუფლება „შერიგებად“ წოდებულ ამ პროცესზე დიდ იმედებს ამყარებს.

სარწმუნო წყაროს ცნობით, კვირას პარლამენტის თავმჯდომარეს თითქმის სამსაათიანი საუბარი ჰქონდა პრეზიდენტთან. ორშაბათსავე ჟვანიამ მიიწვია სამეგრელოდან არჩეული დეპუტატები (რაც აგრეთვე უაღრესად საყურადღებოა), უშიშროების მინისტრი ჯემალ გახოკიძე და ოთარ ფაცაცია. საქართველოს ექს პრემიერ-მინისტრის ძირითადი ფუნქცია იგივეა რაც 1993 წელს, როდესაც იგი მთავრობის ხელმძღვანელად დაინიშნა ედუარდ შევარდნაძის ინიციატივით: ხელი შეუწყოს სამეგრელოს ფეთქებად საშიშ რეგიონში ვითარების სტაბილიზაციას და მოსახლეობის დამშვიდებას.

ფაცაცია  თავისმისიას უეჭველად გაართმევს თავს, ვინაიდან სამეგრელოს მოსახლეობას აშკარად მოყირჭდა გაუთავებელი პოლიტიკური „ბორიაყი“ და ადამიანური ცხოვრება მოენატრა. სწორედ ამ ნორმალური, ადამიანური მისწრაფების გამო, ესქტრემისტ-ზვიადისტები დასაყრდენს ვეღარ იპოვიან სამეგრელოში. ხელისუფლება კი არა თუ ხუთი წლის წინანდელ შეცდომებს გაიმეორებს და ვინმეს ახალი ძარცვა-გლეჯის საშუალებას მისცემს, არამედ პირწავარდნილ ტერორისტებსაც კი „ირიგებს“ და სწორედაც ირჯება.

აქ, როგორც ჩანს, ყველაფერი გასაგებია - თებერვლის მოვლენათა ორგანიზატორებმა სერიოზული რისკი გასწიეს და აშკარად წააგეს. უფრო საინტერესოა, რომ ზურაბ ჟვანიას ინიციატივით შექმნილი „ინტერპარტიული“ ჯგუფი შეიძლება მისი პოლიტიკური გავლენის გაძლიერების საშუალებადაც იქცეს. ჯგუფში გაერთიანდნენ როგორც „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები, ასევე სოციალისტი  თენგიზ ჯგუშია და ედპ.

კონსენსუსი „შერიგების“ პრობლემებზე ამჟამად მიღწეულია, - ზურაბ ჟვანია კი უეჭველად მიიღებს საშუალებას ურთიერთმოქმედების ახალი ხერხები გამოძებნოს „საკოორდინაციო საბჭოში“ შემავალი ყველა პოლიტიკური პარტიის ინტერესთა ნაწილობრივი გათვალისწინებით.

ამდენად, ორშაბათს ჩამოყალიბებული ჯგუფი მართლაც შეიძლება იქცეს „საყოველთაო შერიგებისა  და კონსოლიდაციის“ მნიშვნელოვან ფაქტორად. ზურაბ ჟვანია (ისევე, როგორც ედუარდ შევარდნაძე) შესაძლებლობის მაქსიმუმს მიიღებს არსებული სიტუაციიდან: რამდენადაც იგი საკოორდინაციო ინტერპარტიული ჯგუფის ინიციატორი და ფაქტობრივი ხელმძღვანელია, შერიგების პროცესიც პარლამენტის თავმჯდომარის ეგიდით წარიმართება.

არ არის გამორიცხული, „მოქალაქეთა კავშირმა“ და ზურაბ ჟვანიამ მოახერხონ უახლოეს მომავალში (ისევ და ისევ „შერიგებისა“ და „კონსოლიდაციის“ ლოზუნგით) ისეთი ატმოსფეროს შექმნა ქვეყანაში, როდესაც ნებისმიერი პოლიტიკური ინტრიგა, პოლიტიკური დაპირისპირება და მით უმეტეს ოპონენტთა ლანძღვა-გინება ცუდ ტონადჩაითვლება.

ოპოზიციის სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ამგვარი ვითარება ხელისუფლებას (მათ შორის საპარლამენტო უმრავლესობას) უფრო აძლევს ხელს, ვიდრე ოპოზიციას.

საქართველოში ჯერკიდევ 1990 წლიდან ჩამოყალიბებული ტრადიციისამებრ, ოპოზიცია ყოველ არჩევნებამდე „მცირე რევოლუციას“  აწყობს, რაც შეუძლებელია საზოგადოებრივი ვითარების დაძაბვის გარეშე.

ზურაბ ჟვანიას ინიციატივა ხელისუფლებას უეჭველად შეუქმნის პლაცდარმს პოზიციათა განსამტკიცებლად, ხოლო თამაშის ამ წესებით ოპოზიცია ვერასდროს გაიმარჯვებს.

რაც მთავარია, თამაშის სხვა წესები უკვე აღარც შეიძლება არსებობდეს. ოპოზიციას ეძლევა არჩევანის უფლება: ან შეურიგდეს საყოველთაო შერიგებას (ტავტოლოგია არგეგონოთ - ორ სხვადასხვა შემთხვევაში სიტყვა „შერიგება“ განსხვავებული შინაარსის მატარებელია) ან გასწიოს რისკი და ზოგიერთი, უკვე კარგა ხნის წინ დეგრადირებული „პოლიტიკური სექტის“ გზა გაიმეოროს.

მითუმეტეს, რომ საქართველოში ოპოზიციონერობაც ერთობ სარფიანი საქმეა.