"თბილისის მერიის გენინსპექციის მაღალჩინოსანი კორუფციის კონკრეტულ ფაქტებს დებს"

"იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის ბიუროში ვმუშაობდი, როცა მერიის გენერალური ინსპექციის უფროსად გურამ საღარაძე დაინიშნა. სწორედ ამ დიდებული ადამიანის მუშაობის პერიოდში დავინიშნე კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საფინანსო შემოწმების განყოფილების უფროსად. ჩვენ გვევალებოდა მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების ფინანსური შემოწმება, მოქალაქეთა განცხადებების მიღება-შესწავლა, დასკვნების გამოტანა და შემდგომი რეაგირებისთვის მთავრობის სხდომაზე გატანა. სწორედ იმიტომ, რომ "შიდა სამზარეულოს" ამბები დაემალა, გიგი უგულავამ თავისი მერობის პერიოდში, მიზანმიმართულად გაანადგურა გენერალური ინსპექცია და პროფესიონალი თანამშრომლები ქუჩაში გამოყარა. დასამალი კი უგულავას ძალიან ბევრი ჰქონდა", - აცხადებს თბილისის მერიის გენერალური ინსპექციის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისა და საფინანსო შემოწმების განყოფილების ყოფილი უფროსი იოსებ ჯუღელი გაზეთ "ვერსიისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "თბილისის მერიის გენინსპექციის მაღალჩინოსანი კორუფციის კონკრეტულ ფაქტებს დებს".

"სამსახურიდან 2006 წლის სექტემბერში გამომიშვეს, თუმცა მანამდე ბევრი "ნაციონალის" გადამტერება მოვასწარი. ცოტა ხანს ჭიაბერაშვილთანაც მომიწია მუშაობა, რომელსაც ნაკლებად აინტერესებდა ადამიანის პარტიული კუთვნილება, თუმცა უგულავა მისგან რადიკალურად განსხვავებულია. რა თქმა უნდა, ასეთ მერს არ მოეწონებოდა, როცა "ნაციონალებს" ბიუჯეტისთვის ფულის დამალვასა და ფინანსურ მაქინაციებში ვამხელდი. მახსოვს, მერიის შპს "შუქნიშანს", რომელსაც გაქანებული "ნაციონალი" ხელმძღვანელობდა, მარტო ერთ პატარა ოპერაციაში ბიუჯეტისთვის დამალული 88.000 ლარი ვუპოვეთ. წარმოიდგინეთ, სხვაგან რა ხდება. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ტრანსპორტის, კეთილმოწყობისა და პარკირების სამსახურების საფუძვლიანი შემოწმებაც კმარა იმისთვის, რომ უფულავას წინააღმდეგ საქმე აღიძრას", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას იოსებ ჯუღელი.

"უნდა გაარკვიონ, რამდენი ავტოსადგომია თბილისში და სად მიდის იქიდან შემოსული ფული? მაშინ, როცა თბილისში ერთი კუთხეც არ არის დარჩენილი, სადაც პარკირების ნიშანი არ დგას, ერთი ქრონომეტრაჟი არ ჩატარებულა. დედაქალაქში, დაახლოებით, მილიონნახევარი ადამიანი ცხოვრობს, ყველა ოჯახს მანქანა არა ჰყავს, მაგრამ უხეში გათვლებით, სამ-ოთხ ოჯახზე ერთიც რომ ავიღოთ და პარკირების საფასურზე, 50 ლარზე გადავამრავლოთ, უზარმაზარი თანხები გამოვა. საინტერესოა, სად წავიდა ეს თანხა და რა განვითარდა, როდესაც თვალით არავის უნახავს დაპირებული პარკირების აპარატურა", - განაგრძობს რესპონდენტი.

"გადავიდეთ კეთილმოწყობაზე. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ აქ ფული თეთრდებოდა, იგივე ხდებოდა დასუფთავებაშიც და მაკონტროლებლებმა ამ სისტემებში დარღვევები თუ ვერ აღმოაჩინეს, აღარ ვიცი, რა ვიფიქრო. ძალიან საინტერესოა ჰოლანდიური ავტობუსების თემა. მერიასა და ავტობუსების მეპატრონეს შორის იყო კიდევ ვიღაც მესამე, შუალედური რგოლი, რომელსაც ფული გადაურიცხეს. მაკონტროლებლები უნდა დაინტერესედნენ, რატომ გადაუხადა ქართულმა მხარემ თანხა შუალედურ რგოლს და არა უშუალოდ ავტობუსების პატრონს. სამწუხაროდ, ყველა ის საბუთი, რომელიც ჩემს ნათქვამს დაადასტურებდა, მერიაში დარჩა, მაგრამ ამის მოძიება და შესწავლა სრულიად შესაძლებელია. ბუნებრივია, ადამიანს, რომელიც სრულიად ჩახედული იყო მერიის მაღალჩინოსანთა კორუფციულ საქმიანობაში, თანამდებობაზე დიდხანს არ დატოივებდნენ და მეც გამომიშვეს", - ამბობს იოსებ ჯუღელი.

"უახლოეს ხანებში, ვაპირებ, მერიის იურიდიული სამსახურის უფროსზე, აბესაძეზე პროკურატურაში შევიტანო ფაქტებით გამყარებული განცხადება, მის მიერ თანამდებობის ბოროტად გამოყენებისა და უფლებამოსილების გადამეტების თაობაზე და კიდევ რამდენიმე ადამიანზე, რომლებსაც პირდაპირ დევნა ჰქონდათ გამოცხადებული ჩემზე. მერწმუნეთ, ყველა საქმე მტკიცებულებით მაქვს გამყარებული და ფაქტებს ვერავინ ვერსად გაექცევა. სხვათა შორის, ახალი ხელისუფლების შეცდომად სწორედ ის მიმაჩნია, რომ მტკიცებულებების დადება უჭირს. ამის მიზეზი ისაა, რომ შემოწმებებზე გზავნიან ძველი ხელისუფლების ხალხს, რომლებსაც ისეთი დაკვეთები აქვთ შესრულებული და ისე არიან გასვრილები, რომ ფასეულს ვერაფერს მოიტანენ. საქმე ბოლომდე ვერ მიჰყავთ და ოპონენტებს სალაპარაკოს აძლევენ. ამას საბოტაჟის სუნი ასდის, რადგან უამრავი ასეთი მაგალითის დასახელება შეიძლება. საბოტაჟი ვარაუდი არ არის, ფაქტია და ამაზე ყველა უნდა დაფიქრდეს", - დასძენს იოსებ ჯუღელი.