ნაციონალური ჰორიზონტის პოლიტიკური მირაჟი

ნაციონალური ჰორიზონტის პოლიტიკური მირაჟი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“, მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“ ერთიან საარჩევნო ბლოკში გაერთიანდნენ. სწორედ ამ შემადგენლობით წარსდგება მიმდინარე წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ძალა ერთობაშია“.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ 4 პოლიტიკურ სუბიექტთან ერთად საარჩევნო ბლოკი შექმნა და მათ მაჟორიტარობის 5 ახალი კანდიდატი წარადგინეს.

საარჩევნო ბლოკის მაჟორიტარობის 5 კანდიდატის სია ასეთია:

მანუჩარ კვირკველია - ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური.

„დავიბადე გურიაში და კარგად ვიცი ადგილობრივი პრობლემები. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე, გურიას, ჩემს ხალხს დავეხმარო“, ამბობს კვირკველია.  

დილარ ხაბულიანი - რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთი.

ხაბულიანი ღრმად არის დარწმუნებული, რომ ბევრ რამეს ხალხისთვის უკეთესობისკენ შეცვლის.

„წარმოუდგენელი სიდუხჭირეა ქვეყნის ყველაზე ლამაზ და ისტორიულ რეგიონში - ეს კი სირცხვილია“, - თქვა ხაბულიანმა.

ნატო ჩხეიძე - ხაშური, ქარელი და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილი.

„ჩემთვის უმნიშვნელოვანესია, ხალხის იმედები არ გავაცრუო. ვფიქრობ, რომ ამ რეგიონში ნამდვილად გავიმარჯვებ, რადგან საქმით შემიძლია ადამიანების ნდობა მოვიპოვო“, - ამბობს ჩხეიძე.

კახა ოქრიაშვილი - ბოლნისი, დმანისი, თეთრი წყარო, წალკა.

„დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ, რადგან ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც ბოლომდე ვიცავდი მაჟორიტარულ არჩევნებს“, - თქვა ოქრიაშვილმა

ცეზარ ჩოჩელი - მცხეთა, დუშეთი, თიანეთი, ყაზბეგი.

„ეს არჩევნები გადამწყვეტია. მე მაქვს უფრო მეტი ენთუზიაზმი და შემართება, რომ გავიმარჯვო“, - ამბობს ჩოჩელი.

ცნობისთვის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია-ძალა ერთობაშია“ - ასე ერქმევა 31 ოქტომბრის არჩევნებზე ბლოკს.

ოპოზიციური ლიდერების ნაწილისგან ამ გაერთიანებას გარკვეული კრიტიკა უკვე მოჰყვა. „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგაგვა აცხადებს, რომ ოლიგარქს ოლიგარქთან შეკვრით ვერ დაამარცხებენ. მისი აზრით, დაუშვებელია, რომ კახა ოქრიაშვილის ხელით ბიძინა ივანიშვილის დამარცხებას ცდილობდე. გუგავას აინტერესებს - ნაციონალები ხალხს წამლებზე ფასების კლებას პირდებიან, თუმცა ოქრიაშვილისგან ამაზე ნებართვა აიღეს?

ამ გაერთიანებას ასევე „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიაც აკრიტიკებს. მისი თქმით, ისეთი არაფერი ხდება, რომ ყველას ყურადღება ამ გაერთიანებისკენ იყოს მიმართული. მისთვის დაუშვებელია, მხოლოდ ერთ ოპოზიციურ პარტიაზე ვიფიქროთ და ყველაფერი მათ გარშემო ტრიალებდეს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ კი მოლაპარაკების შედეგად აღმოაჩინა, რომ მათაც ის მიზნები აქვთ, რაც იმ პარტიებს, რომლებიც 2018 წლიდან იყვნენ გაერთიანებაში.

„წარდგენა იქნება მასშტაბური, საზეიმო. შემიძლია გითხრათ ის გვარები და ოლქები, რომლებიც ჯერ არ იცით. გურიაში იქნება ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ხაშურში ნატო ჩხეიძე, ბოლნისში კახა ოქრიაშვილი, მხეთა-მთიანეთში ცეზარ ჩოჩელი, რაჭა - დოლარ ხაბულიანი“, - დაგვაკვალიანა გრიგოლ ვაშაძემ.

„პოლიტიკა არ არის არც სიძულვილი, არც შიში, არც წარსულის კომპლექსები“, - ამბობს „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. მისი აზრით, პოლიტიკა არის პრინციპები, ღირებულებები და საერთო ინტერესებით იმის გაკეთება, რომ ეს ქვეყანა წინ წავიდეს. სამნიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე აზიანებდეს და ნერვებს უშლიდეს ბიძინა ივანიშვილს, როგორიც არის მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.

„დღეს არ არის შესაძლებელი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს „ნაციონალური მოძრაობის“ გარეშე, მაგრამ არ არის საკმარისი ამისთვის მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ აქტიურობა და სწორედ ამიტომ აერთიანებს სხვა პოლიტიკურ ძალებს“, - გვარწმუნებს სამნიძე.

ანალიტიკოსები კი for.ge-სთან ამბობენ, რომ მათვის გაუგებარია ოპოზიცია ჯერ რას იყოფს. მათი თქმით, იმის მაგივრად, რომ ამომრჩეევლის პრობლემებზე ისაუბრონ და მოსახლეობას აუხსნან რას და როგორ აპირებენ, ისინი უკვე ხელისუფლების ნოყიერ ნაჭრეებს ინაწილებენ.

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ამ მაჟორიტარულ ოლქებში „ნაციონალურ მოძრაობას“ ვიღაც უნდა დაეყენებინა და შესაბამისად კანდიდატებიც მოძებნეს. მისი აზრით, „ნაციონალური მოძრაობა“ 4 პოლიტიკურ სუბიექტს მხოლოდ იმისთვის იყენებს, რომ ერთიანობის ილუზია შექმნას, თითქოს ამ პარტიის გარშემო მთელი ოპოზიციური ფრთაა გაერთიანებული.

„რეალურად ნაციონალებმა რა გათვალეს და რა არა, რთული სათქმელია, თუმცა ფაქტი ერთია, რომ ამ მაჟორიტარულ ოლქებში ვიღაცა ხომ უნდა დაეყენებინათ. ახლა ეს მათი ნებაა და ვერავის ვერ შეუთანხმდებიან სად რომელი კანდიდატი დააყენონ. ოქრიაშვილსაც და ჩოჩელსაც აქვს იმ რეგიონებში გამარჯვების შანსები და რატომაც არა, ყველა საკუთარ თავზე დარდობს. რაც შეეხება ამ 4 პოლიტიკურ სუბიექტს, რა თქმა უნდა, ნაციონალები მათ გაყვანას საკუთარი ამომრჩევლით შეეცდება, მაგრამ ასე აწყობთ და აკეთებენ.

ეს არის უბრალოდ პოლიტიკური თამაში, სადაც ნაციონალები ერთიანობის ილუზიას ქმნიან. იმის დემონსტრირებაა, რომ აი, ყველა ამ პარტიის გარშემო ერთიანდება. მეორეც არის ოპოზიციაში არსებული კონკურენცია. ნაციონალებს ეშინიათ, რომ ოპოზიციის ნაწილის გაერთიანება ევროპელების გარშემო არ მოხდეს და ისევ პირველი ოპოზიციური პარტიის სახელის შესანარჩუნებლად იბრძვიან, სხვა ხეირს ამ გაერთიანებიდან ვერ ნახავენ“, - აცხადებს ხუხაშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობაა კოალიცია რაღაცა ფორმით შეინარჩუნოს და უკვე სახელისუფლებო ტორტის ნაჭრების დარიგებას ცდილობს. თუმცა იქ ისეთი ადამიანები არიან გაერთიანებულები მათ დიდი ელექტორატი მაინც და მაინც არ ჰყავთ. ამიტომაც ნაციონალებს გარკვეული გაერთიანების შექმნის ილუზია სჭირდებათ.

„როგორც ჩანს, ოპოზიციაშიც გარკვეული კონკურენცია და დაპირისპირებაა. ადრე, როცა „ოცნების“ წინააღმდეგ იბრძოდნენ მოჩვენებით ერთიანობას ინარჩუნებდნენ. ახლა, როცა ფიქრობენ, რომ ხელისუფლების გაყოფის დრო მოდის, უკვე წინ ყველა თავის პირად ინტერესებს აყენებს. მაშინაც ასე იყო, მაგრამ ახლა ერთმანეთს უპირისპირდებიან არჩევნების მოახლოვებასთან ერთად. ნაციონალები უკვე ცდილობენ ხაზი იმას გაუსვან, რომ ისინი პირველი ოპოზიციური ძალა არიან და მისი ქუდის ქვეშ მთელი ოპოზიცია ერთიანდება. ჩვენ ვიცით, რომ ევროპელებს და მათ საერთო ელექტორატი ჰყავთ, ამიტომაც მათ შორის ურთიერთობა იძაბება. თუმცა, თუკი საჭირო გახდება ხელისუფლების გასაყოფად, ისინი მაინც გაერთიანდებიან“, -ამბობს ანჯაფარიძე for.ge-სთან.

Aburjga Tasmanieli სურათის დასახელება - პოლიტიკურად გაკოტრებულები!
3 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ხათუნა სამნიძე -
სამნიძეს მიაჩნია, რომ ქვეყანაში არ არსებობს სხვა პოლიტიკური ძალა, რომელიც ასე აზიანებდეს და ნერვებს უშლიდეს ბიძინა ივანიშვილს, როგორიც არის მთავარი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“.
ამისათვის შეიძლება "პოლიტიკური პარტია" არსებობდეს?!
ეს ხათუნა ნამდვილი რესპუბლიკელია,! ფუი ეშმაკს!
3 წლის უკან