მას შემდეგ, რაც საქართველოს ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ვერა ქობალიამ საკუთარი ორსულობის შესახებ განაცხადა, ჯერ კიდევ არდაბადებული ბავშვის მამაზე უამრავი ჭორი გავრცელდა. თუმცა ქობალიამ "საიდუმლოს ფარდა თავად ახადა" - მან "რუსთავი2"-ის გადაცემა "შუა დღეში" სტუმრობისას განაცხადა, რომ ბავშვის მამა მისი მეუღლე, არქიტექტორი დავით კურცხალიაა.
ვერა ქობალიას განცხადებით, დავით კურცხალიას არასდროს უმუშავია სახელმწიფო სამსახურში, ის კერძო ბიზნესშია ჩართული და მათ ერთმანეთი გუდაურში, მეგობრების წრეში გაიცნეს. ქობალიას თქმით, ის მშობიარობას საქართველოში აპირებს.
ვერა ქობალიასა და არქიტექტორ დავით კურცხალიას რომანის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ გასული წლის ივნისში გახდა. არქიტექტორი მინისტრთან ერთად საზოგადოებაში რამდენჯერმე ნახეს - წყვილი "ბუდა-ბარში" და რამდენიმე კინოჩვენებაზე შენიშნეს. დავით კურცხალია თან ახლდა მინისტრს რუსთავში, ავტოდრომის გახსნაზეც.
დავით კურცხალია დაქორწინებული არასდროს ყოფილა. მისი საქმიანობის სფერო მშენებლობა და არქიტექტურაა.
ქობალია ერთხელ უკვე იყო დაქორწინებული, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ის მეუღლეს დაშორდა. რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვერა ქობალიას რომანი ჰქონდა მუსიკოს აჩიკო გულედანთან, თუმცა ეს ინფორმაცია თავად მუსიკოსმა არ დაადასტურა.
საკუთარი ორსულობის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ე.წ. მოდულის შენობასთან განაცხადა, სადაც ადვოკატთან ერთად დაკითხვაზე მივიდა. ვერა ქობალიამ იმედი გამოთქვა, რომ დიდი ხნის განმავლობაში არ მოუწევს დაკითხვაზე ყოფნა, ვინაიდან 5 თვის ორსულია და რთული ორსულობა აქვს.