"21 დეკემბერს რუსულმა გამოცემა Российская Газета-მ გამოაქვეყნა სტატია სათაურით "С луны на землю", რომელშიც არის ინტერვიუ ცნობილ საბჭოთა და რუს სარაკეტო ტექნიკის კონსტრუქტორ ჰერბერტ ეფრემოვთან. რუსი კონსტრუქტორი ეფრემოვი ჟურნალისტის ერთ-ერთი შეკითხვის პასუხად აცხადებს: "მაგალითად, ბევრმა იცის კი, რომ 2008 წლის ხუთდღიანი ომის დროს ჩვენ იძულებული ვიყავით ცხინვალის მდგომარეობაზე კოსმოსური სურათები ისრაელიდან მიგვეღო. პრობლემები იყო თვითმფრინავებიდან საჰაერო გადაღებების დროსაც, არ იყო კოსმოსიდან დაზვერვის სამამულო სისტემა. ყველაფრის მოყოლა ჯერ კიდევ არ შემიძლია, მაგრამ ეს ასეა". თუკი ეს მართლაც შეესაბამება სიმართლეს, ეს მართლაც უდიდესი სკანდალის დაწყების მომასწავებელი შეიძლება გახდეს საქართველო-ისრაელის ურთიერთობაში. რაც შეეხება ჰერბერტ ეფრემოვს, იგი მსოფლიოში ცნობილი კონსტრუქტორია", - წერს სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალი "არსენალი" (4-17 იანვარი, 2013 წ.) სტატიაში სათაურით "ცხინვალის კოსმოსურ სურათებს მოსკოვს ისრაელი აწვდიდა?".
"თუკი 2008 წლის აგვისტოს ომამდე ისრაელის სხვადასხვა ფირმა აქტიურად ეხმარებოდა საქართველოს გადაიარაღებასა და თუნდაც უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავებით ქართული არმიის აღჭურვაში, უშუალოდ ომის დღეებში საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო დაზვერვას ცხინვალისა და მისი შემოგარენის კოსმოსურ სადაზვერვო სურათებს ოპერატიულად აწვდიდა? რუსმა კონსტრუქტორმა ეს საიდუმლო ინფორმაცია იმიტომ გაასაჯაროა, რომ თანამემამულეებისთვის დაენახვებინა, რა სავალალო მდგომარეობაშია რუსეთის კოსმოსური დაზვერვის ტექნიკური საშუალებები, თუმცა, ამ ინფორმაციით მან ჩვენთვის ძალზე მტკივნეული საკითხი გააღრმავა, მით უმეტეს, რომ ერთხელ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა მინიშნება, ისრაელისგან ნაყიდი უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების ფრენის მართვის კოდები მოსკოვს სწორედ ისრაელიდან მიაწოდეს, რამაც გააადვილა ამ უპილოტოების ჩამოგდებაო", - აღნიშნავს სტატიის ავტორი.
"ჩვენ არ გვსურს დავიჯეროთ რუსი კონსტრუქტორის მტკიცება, მაგრამ თუკი ასეთ ცნობებს ისრაელის რომელიმე კერძო კომპანია მაინც აწვდიდა რუსეთის სამხედრო დაზვერვას, მაშინ საქართველოში როკის გვირაბიდან შემოჭრილი რუსეთის სამხედრო დაჯგუფების სარდლობას ოპერატიულად ეცოდინებოდა ქართული არმიის დანაყოფების გადაადგილება, რადგან კოსმოსიდან თანამედროვე რადიოელექტრონული და ოპტიკური აპარატურით აღჭურვილ სადაზვერვო კოსმოსურ აპარატებს ტანკების გარჩევაც თავისუფლად შეუძლიათ. ისე, ვერაფერი გასამართლებელი საბუთი ვერ იქნება, თუკი რუსეთის სამხედრო დაზვერვასთან ისრაელის სახელმწიფო კი არა, არამედ რომელიმე კერძო კომპანია თუ თანამშრომლობდა, რადგან ოფიციალური თელ-ავივი მკაცრად აკონტროლებს კერძო სექტორს და თუკი ხელს არ აძლევს, არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს ასეთ შემთხვევას. იმის იმედი, რომ ისრაელის მხარე უარყოფს ან მით უმეტეს, დაადასტურებს ცნობილი რუსი კონსტრუქტორის ჰერბერტ ეფრემოვის განცხადებას, ნამდვილად არ არის. ჩვენ მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვიმარჩიელოთ _ 2008 წლის აგვისტოს ომში, როდესაც საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი წყდებოდა, ჩვენი უძველესი მეგობრების სამშობლოდან _ ისრაელიდან ვიღაც-ვიღაცები ჩვენსავე მოწინააღმდეგის ჯარებს ეხმარებოდნენ?!" – დასძენს სტატიის ავტორი.