"როდის დარიგდება კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციები?"

"2012 წლის გეგმასთან შედარებით, სამინისტროს ბიუჯეტის 2013 წლის გეგმა ნაკლებია, თუმცა, ფაქტობრივად, დახარჯულ ბიუჯეტთან შედარებით, არ შემცირებულა. 2012 წლის მეორე და მესამე კვარტალში იყო ხარჯვის დაბალი აქტივობა. ყველა სამუშაო, რაც გარდამავალი გახლდათ 2012 წლიდან 2013-ში, ყველა პროექტი გათვალისწინებულია წლევანდელ ბიუჯეტში და მისი დასრულება განსაზღვრულია. არის ახალი პროექტებიც - წყალმომარაგების კუთხით, რომელიც ინიცირებულია მუნიციპალიტეტების მიერ, რაც, ასევე, დამატებით განხორციელდება. ამიტომაც პროექტს, რომელიც მიმდინარეობს, გაჩერება არ ემუქრება", - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია გაზეთ "ქრონიკასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "როდის დარიგდება კახეთში სტიქიით დაზარალებულთათვის კომპენსაციები?".

"2013 წელს სამინისტრო რჩება ყველა პროექტით. ჩვენ ვნახეთ და შევისწავლეთ არსებული პროექტები და პროგრამები. ეკონომიკური განვითარების სამინისტრომაც თავისი მიმართულებები მაქსიმალურად გააქტიურა. აქედან გამომდინარე, როცა იყო დისკუსია, მიზანშეუწონლად ჩაითვალა ამ ორი მიმართულების ასე მექანიკურად გაერთიანება, რადგან თვისობრივად არის სხვადასხვა სახის პროექტები. იყო ისეთიც, მაგალითად, მარაბდა-კარწახის რკინიგზა, რომლის ზედამხედველობას ჩვენ ვახორციელებდით, მაგრამ გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. რაც შეეხება ჩვენს სამინისტროში განხორციელებულ სხვა პროექტებს, ბევრი მათგანი არის გარდამავალი 2012 წლიდან 2013 წელს. ბევრი სამუშაოა დაწყებული და 2013 წელს ერთდროულად უამრავი პროექტი განხორციელდება. ამ ყველაფერს დასჭირდებოდა ძალიან დიდი კოორდინაცია და მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო შენარჩუნდეს. ჩვენ აქტიურად დავიწყეთ მუშაობა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებთან ადგილობრივი თვითმმართველობების რეფორმირების საკითხებზე, ასევე რეგიონული განვითარების კონტექსტში", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ნარმანია.

"რაც შეეხება კახეთში სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხს, სამუშაოები გვქონდა ორ პრიორიტეტად დაყოფილი. პირველ პრიორიტეტად განისაზღვრა სახლების გადახურვა. დაახლოებით, 800-მდფე სახლი აღმოჩნდა დამატებით გადასახური და, შესაბამისად, ჩვენი მხრიდან, სოფლების მიხედვით, მოხდა დამატებითი აღწერა, ხოლო მეორე ამოცანად განისაზღვრა სტიქიის შედეგად სხვა ზიანის შესახებ აღწერის ჩატარება. ეს პროცესი ახლაც მიმდინარეობს. სპეციალური ჯგუფების მიერ ანკეტების ადგილზე შევსება და ამ ინფორმაციის დამუშავება. დამუშავების შემდეგ ამ ინფორმაციას გადავცემთ საქართველოს მთავრობას და მათ უნდა ჰქონდეთ სრული ინფორმაცია და სრული სურათი, თუ რასთან გვაქვს საქმე, რომ მერე მთავრობამ იმსჯელოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს. 65 მილიონი დაიხარჯა სხვადასხვა მიმართულებით. მათ შორის, გაიცა 500 და 1000-ლარიანი კომპენსაციები, მაგრამ არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც გამორჩენილია და არ აქვთ კომპენსაცია მიღებული. ასევე, არის კატეგორია ადამიანებისა, რომელთაც რეალურად ზიანი მეტი აქვთ, ვიდრე 1500-ლარიანი კომპენსაცია. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, სრულყოფილი აღწერა ჩაგვეტარებინა, უფრო სრული სურათი მიგვეღო და ამაზე ყოფილიყო გადაწყვეტილება დაფუძნებული", - განაგრძობს რესპონდენტი.

"ლაზიკის პროექტთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია არის ის, რომ როცა არ არსებობს პროექტი, როცა არ არსებობს შესაბამისი ბიუჯეტი და ა.შ., ასეთ შემთხვევაში, მშენებლობის შეწყვეტა ან მისი გაგრძელება იქნებოდა უსაფუძვლო. რაც შეეხება ლაზიკას, როგორც საპორტო ტერიტორია, ის საინტერესოა. ამაზე ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მუშაობს ინტენსიურად და ეს მათი თემაა. რა ეტაპზე რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, რა თქმა უნდა, ცნობილი გახდება. ჩემი ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს ინვესტორებთან მოლაპარაკებები", - დასძენს დავით ნარმანია.