პანდემიის პირობებში ინვესტორები საქართველოდან არ გაქცეულან

პანდემიის პირობებში ინვესტორები საქართველოდან არ გაქცეულან

ინვესტიციების მხრივ ქვეყანაში ბოლ პერიოდში რთული ვითარებაა, მაგრამ ბოლო კვარტალის მონაცემებმა მცირეოდენი იმედი გააჩინა. საქმე ისაა, რომ პანდემიის პიკის პერიოდში საქართველოში ინვესტიციები არათუ შემცირდა, უმნიშვნელოდ გაიზარდა კიდეც.

„საქსტატის“ დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალში საქართველოში 237.8 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 0.5%-ით მეტია.

თუმცა, 2020 წლის პირველ და მეორე კვარტალში ჯამურად 409.6 მილიონის ინვესტიციები შემოვიდა, რაც წინა წელთან შედარებით 140.7 მილიონი დოლარით, ანუ 25.56%-ით ნაკლებია. მთლიან კაპიტალდაბანდებებში რეინვესტიციების მოცულობამ 144.7 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც მთლიანად ინვესტიციების 60.8%-ს უტოლდება.

სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2020 წლის II კვარტალში 57.0 პროცენტი შეადგინა. ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 78.1 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 32.9 პროცენტია. მეორე ადგილზეა ენერგეტიკის სექტორი - 29.6 მლნ აშშ დოლარით, ხოლო მესამეზე - მშენებლობის სექტორი 27.7 მლნ აშშ დოლარით.

„მეორე კვარტლის ინვესტიციები მშპ-ს დაახლოებით 6%-ია, რაც მაღალი მაჩვენებელია და ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტენდენციის შენარჩუნება“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ საქსტატის მიერ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მეორე კვარტლის მაჩვენებლების შეფასებისას.

როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად პანდემიური მდგომარეობისა, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა, რაც ნათლად ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა.

„ძალიან იმედის მომცემია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემები. ეს ადასტურებს იმ ფაქტს, რომ ინვესტორების მხრიდან საქართველოს ეკონომიკას აქვს ნდობა. ყველა ის რეფორმა, ღონისძიება, რომელიც პანდემიის პერიოდში მთავრობამ გაატარა, ბევრმა საერთაშორისო ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დადებითად შეაფასა. ასევე, დადებითად შეფასდა ქვეყნის მაკროეკონომიკური მმართველობის სტანდარტები. მნიშვნელოვანია, ჩვენ შევინარჩუნოთ ის დადებითი ტენდენცია, რაც დაფიქსირდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში“, - განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ინვესტიციებში რეინვესტირების მოცულობის ზრდა მკაფიოდ მიანიშნებს, რომ უცხოელ ინვესტორებს არათუ გააქვთ მოგება, რომელსაც საქართველოში იღებენ, არამედ ტოვებენ ქვეყანაში. ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას შეფასებით ამით იქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

„თუ შევხედავთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტრუქტურას, სჭარბობს რეინვესტიციები. ეს ნიშნავს იმას, რომ შემოდის არა მხოლოდ ახალი ინვესტიციები, არამედ უკვე არსებული ინვესტორები იმდენად ენდობიან საქართველოს ეკონომიკას და მის მომავალს, რომ აფართოებენ თავის წარმოებას და მოგება, რომელსაც იღებენ საქართველოში, არათუ არ გააქვთ ქვეყნიდან, არამედ ტოვებენ ქვეყანაში და ქმნიან ახალ სამუშაო ადგილებს“, - განაცხადა თურნავამ.

საქართველო-ევროკავშირის ბიზნეს-საბჭოს ხელმძღვანელი, სანდრო ჭუმბურიძე ამბობს, რომ მსოფლიოში არსებული მძიმე ვითარების ფონზე, საქართველოს უცხოური ინვესტიციების კუთხით კიდევ ნორმალური მაჩვენებელი აქვს.

„ამ მძიმე ვითარებაში, რაც მსოფლიოშია, კიდევ ნორმალური მაჩვენებელი გვაქვს. თუმცა ის მაჩვენებლები, რაც გვაქვს, არ არის მხოლოდ და მხოლოდ მნიშვნელოვანი დღევანდელი დღისთვის. ბოლო ორი წელიწადია ვსაუბრობთ ტენდენციაზე, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში. მუდმივი დებატებია და სამწუხაროდ, შედეგი არის საშუალოზე დაბალი“, - განაცხადა ჭუმბურიძემ.

„უცხოელი ინვესტორების ჩაგვრის ზღაპარი კიდევ ერთხელ გაქარწყლდა“, - ასე აფასებს, ანალიტიკოსი, ვახტანგ ჭარაია კაპიტალდაბანდებების ზრდას.

„გლობალური პანდემიით გამოწვეული მრავალი ადგილობრივი თუ საერთაშორისო შეზღუდვისა და გაეროს მიერ 2020 წელს ნაპროგნოზირები უცხოური ინვესტიციების 40-პროცენტიანი ვარდნის მიუხედავად, საქართველოში წლის მეორე კვარტალში ფინანსურად უმნიშვნელო, თუმცა შინაარსობრივად განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი - 0.5-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა.

ცალკეული სუბიექტების მხრიდან საქართველოსთვის უარყოფითი საინვესტიციო იმიჯის შექმნის მცდელობის მიუხედავად, ქვეყანაში მყოფმა უცხოელმა ინვესტორებმა 60.8-პროცენტიანი რეინვესტირებით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველო მათთვის გრძელვადიანი ინტერესის ობიექტია და სხვათა შორის, მათ სჯერათ ქვეყნის პოსტკრიზისული წარმატებისაც.

მდგომარეობა შედარებით განსხვავებულია 2020 წლის პირველი 2 კვარტლის ჯამური შედეგებით, ამ შემთხვევაში ვარდნა 25%-იანია, გამომდინარე პირველი კვარტლის მნიშვნელოვანი ჩამორჩენისა. თუმცა ის მაინც ნაკლებია, 40%-იანი ნაპროგნოზევი ვარდნისა, რომელიც გლობალურად გახლდათ დაანონსებული. საბოლოო ჯამში, აპრილი-ივნისის შედეგების დადებით ჭრილში გადასვლა, მომდევნო კვარტლებშიც იმედის მომცემია“, - აღნიშნა ჭარაიამ.

თუმცა ყველა სპეციალისტი დადებითად არ უყურებს ბოლოდროინდელ მონაცემებს. მაგალითად, ფინანსისტ გიგა ბედინეიშვილის აზრით, თუკი მთავრობის წევრი ან ვინმე ფიქრობს, რომ მეორე კვარტალში 0,5%-იანი მატება კმაყოფილების საფუძველია, ეს უკვე პრობლემაა.

„საამაყო ამაში არაფერი არ არის, იმდენად მცირე ციფრებზე ჩამოვედით, რომ ერთი ტრანზაქცია უკვე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს და შესაძლოა, ერთი ტრანზაქციით მინიმალურ ზრდას მიაღწიო. ფაქტია, რომ ტენდენციას უნდა შევხედოთ და არა ერთ კვარტალს. ორი კვარტლის ჯამში აშკარაა მკვეთრი დაცემა და ეს უკვე წლებია ასეა. ასე იყო იქამდეც, ვიდრე პანდემია დაიწყებოდა“, - განაცხადა „საქმიან დილაში“ ბედინეიშვილმა.

ამასთან, ფინანსისტმა ხაზი გაუსვა, რომ სამომავლო პროგნოზიც არ არის კარგი, რადგან ინვესტიციების კლებას ფუნდამენტური მიზეზები აქვს და ეს მიზეზები არც ისე ცოტაა.