გივი თარგამაძემ ქვეყნის მტრების სია გაახმაურა

გივი თარგამაძემ ქვეყნის მტრების სია გაახმაურა

"მინდა, მოსახლეობამ კარგად დაიმახსოვროს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ დღეებში გვიყიჟინებდა, ხელისუფლება არასწორად მოქმედებს, ბანდიტებთან გარიგება და დათმობა სჯობიაო. ხალხი მათ ამ პოზიციას გაუხსენებს”, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ გივი თარგამაძემ.

“შალვა ნათელაშვილი, რომელიც პირდაპირ მოუწოდებდა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, დაეყარათ იარაღი და ჩაჰბარებოდნენ საქართველოს მტრებს; გიგა ლორთქიფანიძე, რომელიც აფხაზეთის ომის პერიოდში, როდესაც რუსული დანაყოფები ქართულ ტერიტორიებს იკავებდნენ, მოსკოვში დარბოდა და ისე ერთობოდა, როგორც შეჩვეული იყო, ფუფუნების ელემენტებს იღებდა;

პაატა ზაქარეიშვილი, რომელიც წლების მანძილზე მოგვიწოდებდა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისაკენ, მოგვიწოდებდა, დაჩოქილები მივსულიყავით და პატიება გვეთხოვა აფხაზებისათვის;

ავთანდილ მარგიანი, რომელიც იმ პერიოდში მაშინდელი მთავრობის ვიცე-პრემიერი ბრძანდებოდა, ძალოვან სტრუქტურებს კურირებდა და ისედაც გაძვალტყავებულ ჯარს მაკარონსა და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტებს ჰპარავდა. თავის დროზე ასეთებმა დაგვაკარგვინეს აფხაზეთი, მერე ხალხმა მათ თავისი მიაგო და თანამდებობები დააკარგვინა.

გამწარებულები ახლა ცდილობენ შურისძიებას ხალხზე, მთელ საქართველოსა და მის ერთიანობაზე”, - ამბობს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.