"არა მგონია, ამ ბანერების გამო «პატრიოტთა ალიანსმა» ხმები დაკარგოს"

მას შემდეგ, რაც აჭარაში «პატრიოტთა ალიანსის» სარეკლამო ბანერი გამოჩნდა, თითქმის მთელი ოპოზიციური სპექტრი დაირაზმა პატრიოტების წინააღმდეგ. ბანერი, სადაც აჭარის რეგიონი, ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მსგავსად, წითელი ფერით იყო მონიშნული და ანტითურქულ რიტორიკას გამოხატავდა, არც «ქართულმა ოცნებამ» მოიწონა და არც ოპოზიციამ. «ლელოს» წარმომადგენლებმა ბანერი ჩამოხსნეს და განაცხადეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი, მოღალატეობრივი მესიჯების ადგილი აჭარაში არ არის. «ქართულ ოცნებაში» პატრიოტებს «შმატრიოტები» უწოდეს, «სტრატეგია აღმაშენებელში» კი ანტიეროვნულ ძალად მოიხსენიეს, რომელიც შუღლს აღვივებს.

პატრიოტების მიმართ ტრადიციულად ყველაზე შეუწყნარებელი «ნაცმოძრაობა» აღმოჩნდა. ისინი სუს-სს მიმართავენ და პატრიოტების, როგორც საარჩევნო სუბიექტის გაუქმებას ითხოვენ. ამასთან, მოითხოვენ მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად შეისწავლოს დოკუმენტები, რომლის თანახმადაც, პატრიოტები კრემლიდან ფინანსდებიან.

რატომ ცდილობს ოპოზიციური სპექტრი პატრიოტების ჩახსნას არჩევნებიდან?

ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ «პატრიოტთა ალიანსს» ჰყავს თავისი სეგმენტი, თავისი ამომრჩეველი, ვიღაცას ეს მოსწონს, ვიღაცას - არა, მაგრამ პატრიოტები ზუსტად თავის სეგმენტზე მუშაობენ.

«ახლა არ ვლაპარაკობთ მორალსა და ქვეყნის არჩევანზე. უბრალოდ, ყველას ჰყავს თავისი სეგმენტი, ამ მხრივ ნებისმიერ აზრს პატივს ვცემ, პატრიოტების ამომრჩეველი მათივე გემოვნებისაა და ფიქრობს, რომ თურქეთი არანაკლები საფრთხეა საქართველოსთვის, ვიდრე რუსეთი. ამ ადამიანებს გარკვეული ნოსტალგიური განწყობებიც აქვთ საბჭოთა კავშირთან მიმართებით და უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობენ ასეთი ადამიანები, როგორ ისტერიკაშიც არ უნდა ჩავვარდეთ. სწორედ ამ ადამიანების პოლიტიკურ დაკვეთაზე მუშაობს «პატრიოტთა ალიანსი». არა მგონია, ამ ბანერების გამო «პატრიოტთა ალიანსმა» ხმები დაკარგოს, პირიქით, მათი მომხრეები შეიძლება ამაზე ხმამაღლა არ ლაპარაკობენ, მაგრამ ძალიანაც მოსწონთ მსგავსი ბანერები», - აცხადებს გია ხუხაშვილი, რომლის აზრითაც, «პატრიოტთა ალიანსი» საკმაოდ სტაბილურად ახერხებს მისთვის სასიკეთო განწყობის შენარჩუნებას.

ანალიტიკოსს მიაჩნია, რომ, წესით, ასეთი პლაკატები არ უნდა იფინებოდეს ქვეყანაში, მით უმეტეს, თურქეთი სამართლებრივად აღიარებს საქართველოს ყველა სახელმწიფოებრივ ატრიბუტს, მათ შორის, ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, არ ცნობს სეპარატისტულ რეგიონებს და სხვა. ჩვენი სამხრეთელი მეზობლისგან რაღაც საფრთხე შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ასეთ ვითარებაში ამაზე პედალირება, ხმამაღლა საუბარი სახელმწიფოებრივად ძალიან სახიფათოა. ეს სპეციფიკური თემებია, რაზეც, ალბათ, სპეცსამსახურები მუშაობენ, მაგრამ ამ საკითხების ღია პოლიტიკის სფეროში გადატანა სახიფათოა.

«ამიტომ, ერთი მხრივ, ასეთი ქმედება უნდა აღიკვეთოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ეს არის «პატრიოტთა ალიანსის» არჩევანი. მათ აქვთ კონსტიტუციური უფლება, ასე ფიქრობდნენ, იმის უფლებაც აქვთ, თუნდაც რუსეთთან ლოიალურ პოლიტიკაზე იფიქრონ, ეს მათი არჩევანია».

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ «პატრიოტთა ალიანსის» საარჩევნო პროცესიდან მოხსნით ეს პარტიები სათავისოდ ველს ითავისუფლებენ და კონკურენტს იცილებენ.

«სხვა დანარჩენი საგამოძიებო სტრუქტურების საქმეა და, მე მგონი, ამის საფუძველი არც არსებობს, რადგან რაღაც დოკუმენტები, რაც ოპოზიციამ წარადგინა პატრიოტების წინააღმდეგ, ხოდორკოვსკის ცენტრთან არსებული «დოსიეს» მასალა, ჩემი შეხედულებით, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს სანდო წყაროდ. სულ რაღაც რამდენიმე საათი დამჭირდება ზუსტად ასეთივე დოკუმენტის შესაქმნელად და იქ «პატრიოტთა ალიანსის» ნაცვლად შემიძლია ჩავწერო სხვა პარტიის სახელი. ამიტომ გაუგებარია, ანტიეროვნულ ძალად როგორ უნდა მივიჩნიოთ პატრიოტები», - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე.

ამასთან, იგი განმარტავს, რომ აჭარაში გამოკრული ბანერის შინაარსთან დაკავშირებით შესაძლოა, კითხვა გაჩნდეს, რომ არ არის საჭირო თურქეთთან ურთიერთობის დაძაბვა, მაგრამ ეს «პატრიოტთა ალიანსის» პოზიცია და მათი პასუხისმგებლობაა. თუ გამოძიება რაიმე ხელჩასაჭიდს იპოვის, ეს სხვა საქმეა, მაგრამ «დოსიეს» მიერ გამოქვეყნებული რამდენიმე ნაბეჭდი ფურცელი სერიოზულ სამხილად ვერ მიიჩნევა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Katana . პარადოქსია, მაგრამ ყველა სწორად და საღად აზროვნებს, იმათ გარდა, ვისაც სწორად და საღად აზროვნებაში უხდის ფულს სახელმწიფო და უქმნიან უზრუნველ ცხოვრებას!..
3 წლის უკან
Maverick Katana, ლიბერასტულ V კოლონას, გადაკრასკულ, გამოყოფილ თუ გადაფარჩხულ ნაცბოზბანდას, ასევე ქოც-ნებაში ჩანერგილ იგივე იდეოლოგიის მატარებელ პროდვინუტებს, ასევე ხელისუფლებაში მოკალათებულ უსახურ ოცნებისტებს არ სურთ ჩაჩოჩება და სახელმწიფო სტრუქტურებში ეროვნული ძალების მოსვლა, ამიტომაც აღმუვლდნენდნენ ერთდროული გულმოდგინებით, რაც იმის საწინდარია, რომ ამ ორი პარტიის მარიაჟობით თავმობეზრებული პატრიოტ ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მხარს დაუჭერს პატრიოტთა ალიანსს!
3 წლის უკან
Katana . Maverick, მივესალმები, რომ აუდიტმა შეამოწმოს "პატრიოტთა ალიანსის" დაფინანსების წყარო, ოღონდ ერთი დათქმით: ასევე გულდასმით შემოწმდეს და გამოვლინდეს, ვინ აფინანსებს ევრონაცებსა და "ნატურალურ ნაცებს"!..
და თუ აღმოჩნდება, რომ თვითონ სჭირთ ის, რასაც სხვას აბრალებენ, აუცილებლად დაისაჯონ იმითი, რა სასჯელსაც "ალიანსისათვის" მოითხოვენ - არჩევნებიდან ჩახსნით!!!
3 წლის უკან