"თუ რეიტინგებს გავზომავთ, «ნაცმოძრაობის» საქილიკო «ოცნებას» არაფერი  სჭირს, ყველამ თავის პრობლემას მოუაროს"

ბოლო პერიოდში როგორც «ქართული ოცნებაში», ისე «ნაცმოძრაობაში» შიდა კვლევებს იშველიებენ და ერთმანეთს არჩევნებში დამარცხებას უწინასწარმეტყველებენ. ოცნებაში ამტკიცებენ, რომ «ნაცმოძრაობამ» ერთ-ერთ ორგანიზაციას კვლევა ჩაატარებინა, რომლის თანახმადაც, ოპოზიციამ ჯამში შეიძლება 40% მოაგროვოს, «ქართულმა ოცნებამ» - 60%, უშუალოდ 12%-იანი «ნაცმოძრაობის» რეიტინგი კი შესაძლოა, ერთნიშნა მაჩვენებელზე დავიდეს.

ამის პარალელურად «ნაცმოძრაობა» ოპტიმიზმს ინარჩუნებს და ამტკიცებს, რომ «ქართული ოცნება» პანიკაშია სწორედ «ოცნებაში» ჩატარებული უიმედო კვლევის გამო, რადგან მათი რეიტინგი კატასტროფულად ეცემა.

ქართულ პოლიტიკურ სპექტრში ვის აქვს ოპტიმიზმის საფუძველი, ამის შესახებ for.ge-ს ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი ესაუბრა.

რეალურად თუ არსებობს ორივე მხარის მიერ ჩატარებული ობიექტური შიდა კვლევები და რას გვიმალავენ როგორც ნაციონალები, ისე «ქართული ოცნების» წარმომადგენლები?

- თუკი ჩვენი პოლიტიკური სპექტრი შიდა კვლევების შედეგებს მალავს, ე.ი. მთლად სასურველი მონაცემები არ არის, რომ მისაღები იყოს როგორც ერთი, ისე მეორე მხარისათვის. მათთვის სასარგებლო შედეგები რომ ყოფილიყო, გამოაქვეყნებდნენ კიდეც. ეს უნდა ვივარაუდოთ და მოვლენების ლოგიკაც ამაზე მეტყველებს. რა თქმა უნდა, შიდა კვლევებს ორივე მხარე ატარებს, მე არ ვიცი, რა მასშტაბის, რა მოცულობით და ვინ ატარებს, რადგან, ხშირ შემთხვევაში, ასეთი კვლევების კვალიფიკაცია ძალიან დაბალია, რადგან არანაირ საერთაშორისო სტანდარტს არ ეყრდნობა.

ნაცმოძრაობის თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ გოგა ხაინდრავას ინტუიციას შეადარა «ქართული ოცნების» შიდა კვლევები, ყვავილებით რომ მიადგა სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბს და შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს არ იყო სრული გამარჯვება.

- ობიექტური სურათი რომ ავიღოთ, «ქართული ოცნების» საქმე დღეს ცუდად არ არის. თუ რეიტინგებს გავზომავთ, ყოველ შემთხვევაში, «ნაციონალური მოძრაობის» საქილიკო «ქართულ ოცნებას» არაფერი  სჭირს, ყველამ თავის პრობლემას მოუაროს. თუნდაც გამოქვეყნებული კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, «ნაცმოძრაობასთან» შედარებით მინიმუმ სამჯერ მეტი შესაძლებლობა აქვს «ქართულ ოცნებას», შესაბამისად, ნაციონალების დასაცინი არაფერია. ამ არჩევნების მთავარი ინტრიგა გახლავთ ის, საჭირო გახდება თუ არა კოალიციური ხელისუფლების ფორმირება.

სხვათა შორის, ესეც გახდა ნაციონალების მხრიდან საქილიკო, რომ «ქართულ ოცნებას» პარტნიორები არ ჰყავს კოალიციის შემთხვევაში.

- ჯერ გადახტნენ და ჰოპ მერე დაიძახონ, თვითონ ჰყავთ პარტნიორები? ან როგორი პარტნიორობაა? ჩვენ ვხედავთ, როგორ პარტნიორებს ეძებს «ნაციონალური მოძრაობა». თითის გაშვერა და ქილიკი ადვილია, უნდა ეთქმოდეთ რამე, ამას რომ ლაპარაკობენ. ის ამომრჩეველი, რომლისთვისაც დღეს მიმდინარეობს ბრძოლა, ძირითადად უკვე გაყოფილია, გადანაწილებულია პარტიებზე, ახლა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს იმისთვის, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი მიიმხრონ პარტიებმა. გადაუწყვეტელ ამომრჩეველს არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, მაგრამ იმავე ამომრჩეველს, ასევე, არ მოსწონს «ნაციონალური მოძრაობა» და სულ არ არის განწყობილი, დაბრუნდეს «ნაცმოძრაობა». აქედან გამომდინარე, «ნაცმოძრაობას» ურჩევნია, ქილიკს მოეშვას და ამ მიმართულებით იფიქროს. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტნიორობას, ბოლო მოვლენები აჩვენებს, რომ არც «ნაცმოძრაობაა» ტკბილი და მურაბა ამ პარტნიორობის საკითხებში, ნაციონალებმა ამის არაერთი პრეცედენტი შექმნეს.

«ქართული ოცნების» მისამართით ისმის შეფასება, რომ «ოცნებამ» აპათიური ამომრჩევლის რიცხვი გაზარდა და დააჭაობა პოლიტიკური ვითარება. ნაცების დროს უფრო იყვნენ აქტიური ამომრჩევლები, რადგან ნაცებიც თავად მუდამ მოქმედებაში იყვნენ, თუნდაც უარყოფით მოქმედებაში. პასიური ამომრჩევლის 1/3 როგორ უნდა მიიზიდოს ხელისუფლებამ საარჩევნო ყუთთან?

- მართლაც, აპათიური ამომრჩეველი  ძალიან დიდი სეგმენტია. ამ ამომრჩეველს მომავლის არჩევანი სჭირდება. სამწუხაროდ, მომავლის არჩევანს ჩვენი პოლიტიკური ელიტა, პოლიტიკური ბაზარი ვერ სთავაზობს. ამიტომაც ვარდება ელექტორატის ნაწილი აპათიაში. «ქართული ოცნების» გათვლა ძალიან მარტივია. ამ ტიპის ამომრჩეველი, საბოლოო ჯამში, ან არ წავა არჩევნებზე, ან, თუ წავა, მზად იქნება, ერთჯერადად გაიყიდოს. ამ კატეგორიის ამომრჩეველი ასე ფიქრობს, არავინ არ უქნია ღმერთს, არავინ არ მომწონს და, თუ მაინცდამაინც ვიღაცას ხმა უნდა მივცე, რაღაც სარგებელი მაინც მივიღო. ამ მხრივ «ქართულ ოცნებას» განუსაზღვრელად მეტი საშუალებები აქვს, ვიდრე ნებისმიერ სხვა პარტიას. სარგებელზე როცა ვლაპარაკობ, მაინცდამაინც ფულს არ ვგულისხმობ, არამედ გზა გამიყვანე, გაზი შემომიყვანე, სკვერი გამიკეთე, ვიღაც დამისაქმე. შესაბამისად, «ქართულ ოცნებას» მიაჩნია, თუ ამ ტიპის ორპოლუსიანობა შენარჩუნდება, ანუ წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის სისტემა შენარჩუნდება და მომავლის არჩევნის ფორმირება არ მოხდება, აპათიურ ამომრჩეველს ცხვრებივით საკუთარი პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ მიიყვანს საარჩევნო უბნებზე. რაც შეეხება ოპოზიციას, ჯერჯერობით ოპოზიცია ბაქიბუქობს და რეალურს არაფერს არ სთავაზობს აპათიურ ამომრჩეველს, რაც ადამიანებს მისცემდა იმის უნარს, არ გაყიდულიყვნენ.  ოპოზიცია იმედსაც არ სთავაზობს ამომრჩეველს.

ქართულ არჩევნებს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტის წარმომადგენლები დააკვირდებიან, სამაგიეროდ, ენდიაი-ს და აირაი-ს დამკვირვებლები  არ ჩამოდიან და ევროსაბჭოდანაც არ იქნებიან დამკვირვებლები, ეს ხომ არ გახდება იმის საბაბი, ოპოზიციამ გამოაცხადოს, გაყალბდა არჩევნებიო და პროცესების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს?

- ოპოზიციას შეუძლია ყველაფერი გამოაცხადოს, მაგრამ დამერწმუნეთ, ხალხი ძალიან კარგი ინდიკატორია. თუ «ქართული ოცნება» არჩევნებს მოიგებს და ტოტალური გაყალბება არ იქნება, თუ ეს იქნება ცივილიზებულობის ფარგლებში, «ნაციონალური მოძრაობა» რომც გამოვიდეს და იყვიროს, ამ ყვირილს შედეგი არ მოჰყვება, არ არის დღეს რევოლუციური სიტუაცია ქვეყანაში. მართალია, ბაქიბუქობენ და ცდილობენ, რევოლუციური ქარიშხალი შექმნან, მაგრამ არ არის ქარიშხლის წინაპირობა. ახლა, ბუნებრივია, ხელისუფლება ადმინისტრაციულ რესურსებს გამოიყენებს, რა, «ნაცმოძრაობა» არ იყენებდა ადმინისტრაციულ რესურსებს? ბევრი პრობლემაა, მათ შორის, ისიც, რომ ხელისუფლება, გარკვეულწილად, დელეგიტიმიზებულია, მაგრამ მეორე პოლუსი არაფრით უკეთესი არ არის. მეორე მხარემ ცალყბად ბოდიში კი არ უნდა იხადოს, არამედ რეალური მონანიება აჩვენოს ადამიანებს.