„თუ რომელიმე ძალამ ვერ დააკომპლექტა მთავრობა, უხელისუფლებობის, უმთავრობის პერიოდი დაიწყება“

„თუ რომელიმე ძალამ ვერ დააკომპლექტა მთავრობა, უხელისუფლებობის, უმთავრობის პერიოდი დაიწყება“

„ყველა შემთხვევაში, ოპოზიციის გამარჯვება გულისხმობს საქართველოში და ხელისუფლებაში სააკაშვილის დაბრუნებას, სახელითა და გვარით გრიგოლ ვაშაძე ერქმევა სააკაშვილს, ნიკა მელია, თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი ნაცმოძრაობიდან, ამას მნიშვნელობა არ აქვს“, - აცხადებს For.ge- სთან საუბრისას ანალიტიკოსი ვაჟა ბერიძე.

როგორ ფიქრობთ, ხელისუფლებას არჩევნების ჩასატარებლად ასეთი ხელსაყრელი პერიოდი კიდევ ექნება? ჩვენ გამოვიარეთ კორონაპანდემია, რომელიც ეფექტურად დაძლია ამ ხელისუფლებამ და ექიმების წარმატებაც ამ ხელისუფლების ყულაბაში ჩაითვალა; ასევე, მმართველი გუნდისთვის ხელსაყრელი დროა იმის გამოც, რომ ოპოზიცია დაქსაქსულია, მათ საერთო კანდიდატებზე შეჯერებაც ვერ მოახერხეს. მართლაც „ქართული ოცნების“ შანსები მაღალი იქნება ამ არჩევნებზე?

- ცალსახად უპრობლემო არ არის მომავალი არჩევნები ხელისუფლებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ დღემდე, ამ ეტაპამდე ხელისუფლება კორონაპანდემიას ეფექტურად გაუმკლავდა, რაც ექიმების დამსახურება იყო, რომელთაც ხელისუფლებამ სწორი და სათანადო მოქმედების საშუალება მისცა. ჩვენი საზოგადოების უმრავლესობა ძირითადად კორონავირუსთან ბრძოლის ამ მიდგომას მხარს უჭერს, ეთანხმება, თუმცა არის ადამიანთა საკმაო ნაწილი, რომელიც მიიჩნევს, რომ დრაკონული მეთოდებით პანდემიის ალაგმვა ქართულ ეკონომიკას ანადგურებს. ამ წარმატების მიუხედავად, მე არ ვიტყოდი, რომ ხელისუფლებას წარმატება ოქტომბერშიც გარანტირებული აქვს. სიტუაცია ნებისმიერ დროს შეიძლება სწრაფად შეიცვალოს. თუ შევხედავთ სოციოლოგიური კვლევების შედეგებს, რომელთა მიმართ საქართველოში აშკარად არ არის ნდობა, ჩვენ არ გვყავს დამოუკიდებელი, ავტორიტეტული, ობიექტური, საზოგადოების მიერ აღიარებული სოციოლოგიური კვლევების ჯგუფი, სავარაუდოდ, ხდება სათანადო მეთოდიკების არასწორი გამოყენებაც, შედეგების კორექტირებაც, შეკითხვების არასწორი ფორმულირებაც, მაგრამ, თუ დავუშვებთ, რომ ეს კვლევები ძირითადად სწორად ასახავს ქართული საზოგადოების განწყობას, მაშინ საარჩევნო რბოლის ლიდერი მაინც მმართველი პარტიაა.

მიუხედავად იმისა, რომ სხვაობა „ქართულ ოცნებასა“ და მთავარ ოპოზიციურ ძალას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ფაქტობრივად ორი ერთზეა, ანუ მხარდამჭერი ორჯერ მეტი ჰყავს „ოცნებას“, ვიდრე „ნაცმოძრაობას“, არითმეტიკული მანიპულაციებით მაინც ცდილობენ, დააჯამონ ყველა დანარჩენი ოპოზიციის მხარდამჭერების რაოდენობა და ოპოზიცია თავს იმხნევებს, რომ ერთიანად უფრო მეტია ოპოზიციის მხარდამჭერი, ამის მიუხედავად, მაინც „ქართულ ოცნებას“ მეტი შანსი აქვს. თუმცა ვითარება ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, პრობლემა აქვს თვითონ ხელისუფლებასაც, რომელსაც ოპოზიციურ ფლანგზე ვერ მოუძიებია, საჭიროების შემთხვევაში, კოალიციის შესაქმნელად ერთი-ორი მოკავშირეც კი, რომელთანაც შეძლებდა, შეექმნა კოალიცია, თუკი ვერ მიიღებდა ხმების ნახევარზე მეტს. ეს უკვე სერიოზული პრობლემაა „ქართული ოცნებისთვის“. 40% იქნება, თუ ხმების ნახევარზე მეტი შეიძლება მიიღოს „ქართულმა ოცნებამ“, რასაც არ გამოვრიცხავ, რადგან საზოგადოების ნახევარზე მეტს კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ოპოზიციის მოსვლა ხელისუფლებაში, თუნდაც კოალიციურად. ყველა შემთხვევაში, როგორ ტრიუკებსაც არ უნდა მიმართავდეს „ევროპული საქართველო“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომ თურმე ისინი დაპირისპირებულები არიან და სააკაშვილი და ბოკერია თურმე ერთმანეთს ვერ იტანენ, ეს არის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერობით ჩამოყალიბებული ოპოზიციური ფლანგი და, ყველა შემთხვევაში, ოპოზიციის გამარჯვება გულისხმობს საქართველოში და ხელისუფლებაშიც სააკაშვილის დაბრუნებას. სახელითა და გვარით გრიგოლ ვაშაძე ერქმევა სააკაშვილს, ნიკა მელია, თუ ნებისმიერი სხვა პოლიტიკოსი „ნაცმოძრაობიდან“, ეს სხვა არაფერია, თუ არა მიხეილ სააკაშვილის მიერ მართული ოპოზიცია.

თქვენ ფიქრობთ, რომ ევრონაცები და ნაცები თამაშობენ დაპირისპირებას?

- ეს თამაში ქართული საზოგადოებისათვის არ არის, რადგან ქართულმა საზოგადოებამ ბევრი გამოიარა, დაწყებული 80-იანი წლებიდან. ჩვენს ქვეყანაში არც უსაზღვრო და უანგარიშო პოპულიზმს აქვს გასავალი, არც პოპულისტურ ტალღაზე პოზიციონირებადი ლიდერები არიან ჩვენში მაინცდამაინც რეიტინგულები და არც „აბა, დავამარცხოთ და განვდევნოთ ოკუპანტი რუსეთი“, ასეთი თემები ქართული საზოგადოებისთვის მაინცდამაინც არ არის მისაღები და კრიტიკულ მომენტში ჩვენი საზოგადოება დასვამს კითხვას, ვინ, თუ არა „ქართული ოცნება“?! დღეს ამ კითხვაზე მხოლოდ ერთი პასუხია - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მოკავშირეები.

თუ ჩავხედავთ ამ გამოკითხვებს, „ენდიაი“-ს და „აირაი“-ს რომ თავი დავანებოთ, „ედისონ რისერჩის“ და სხვების მიხედვითაც, 50%-ზე მეტისთვის კატეგორიულად მიუღებელია მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ დაბრუნება ხელისუფლებაში.

ამიტომაცაა, რომ პერიოდულად სააკაშვილის ტონალობაში ქუჩის აქციების ნოსტალგია ჩნდება?

- ეს შემთხვევითი არ არის. თუ ოპოზიციამ ვერ მოახერხა აქცენტები ქუჩაში გადაიტანოს, ვითარების დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, ამით არჩევნების შედეგები ეჭვქვეშ დააყენოს და შემდეგ ქუჩიდან დაწოლით და კარნახით მიაღწიოს „ქართული ოცნების“ გაგდებას არენიდან და საკუთარი ზეწოლის ქვეშ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადასვლას, ისე, ფაქტობრივად, დღევანდელ ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს. ერთადერთი ძალა, რომელიც ორპოლუსიანი პოლიტიკური ველის მიღმაა, დღეს არის „ლელო“, რომელიც არ მოიაზრება არც ერთ, არც მეორე ალიანსში, რადგანაც ახალია ეს პარტია და ცდილობს, გავლენის მესამე ცენტრად ჩამოყალიბდეს, მაგრამ, ვერც ერთ შემთხვევაში, დარჩენილ დროში ეს პარტია ვერ მოახერხებს ამ ორი მთავარი ძალის საპირწონე გახდეს. პრობლემა ის კი არ არის, „ქართული ოცნება“ დავტოვოთ ხელისუფლებაში თუ არა, არ არსებობს სხვა ძალა, რომელიც მშვიდობიანი, მშვიდი საარჩევნო კამპანიის მეშვეობით შეიძლება საქართველოში მოვიდეს ხელისუფლებაში.

კოალიციური მთავრობა რეალობაა თუ მითი? და, თუკი რეალობაა, რომელ მხარეს შეიკვრება კოალიცია - ნაცების თუ ქოცების მხარეს?

- მე არ გამოვრიცხავ არც ერთ მხარეს კოალიციური მთავრობის შექმნას, მე ვთვლი, რომ ამომრჩევლის 50%-ს პლუს ერთის მიღების შანსი დღეს საქართველოში არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს. უკიდურეს შემთხვევაში, ერთადერთი შანსია, თუ ბიძინა ისევ შეაშინებს საქართველოს, მე თუ არა, მოდიან მიშა და მისი მომხრეებიო, ამ შემთხვევაში, ერთადერთი ვარიანტია, რომ შეიძლება 50%-ს გადასცდეს მომხრეების რაოდენობა, როგორც საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მოხდა, მაგრამ ამის შანსიც მცირე მგონია. როგორც ჩანს, მაინც გარკვეული კოალიცია აუცილებელი იქნება, უბრალოდ, პრობლემაა, რომ „ოცნებას“ ჰიპოთეტური მოკავშირენი არ ჰყავს, ის „პატრიოტთა ალიანსთან“ ვერ შეკრავს კოალიციას, ეს გაუგებარი და მიუღებელი იქნება დასავლეთისთვის, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია. „ქართული ოცნება“ ვერც „ევროპულ საქართველოსთან“ ვერ შეკრავს კოალიციას, რომელთანაც მას, გარკვეული თვალსაზრისით, გარკვეული ურთიერთობები, განსაკუთრებით კულუარებში ჰქონდა და აქვს, რადგან ეს გაუგებარი და შესაძლოა, კატეგორიულად მიუღებელიც იყოს „ოცნების“ ელექტორატისთვის. ამიტომ ვინღა რჩება? რამდენი ერთი და ორპროცენტიანი პარტია უნდა შევიდეს მომავალ პარლამენტში, რომ იქ მოიკრიბოს ხმების გარკვეული რაოდენობა და დაემატოს „ქართულ ოცნებას“, რაც მას კოალიციის შექმნის საშუალებას მისცემს? ასეთი ვითარებაა სახელისუფლებო ფრთაზე.

რაც შეეხება მეორე ფრთას, აქ რაღაც ეტაპზე თავად პერსონალიების დონეზე თითქოს იყო თანხმობა, როდესაც აბსოლუტურად განსხვავებული ადამიანები - ნინო ბურჯანაძე, შალვა ნათელაშვილი, გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია იყვნენ ერთად და რაღაც დონეზე თითქოს ჰქონდათ კონსენსუსი, მაგრამ ისინი იმდენად განსხვავებული ადამიანები და პოლიტიკური ძალები არიან, მსოფლმხედველობრივი სხვაობით, სხვადასხვა პლატფორმით, მათ შორის გაუგებრობა ისედაც მოსალოდნელი იყო. თავი დავანებოთ იმას, რომ ქართველები საერთო ენას ვერ ნახულობენ, განსაკუთრებით, კრიტიკულ შემთხვევებში, ზოგჯერ ორ და სამპარტიული კოალიციაც არამყარია, ახლა თქვენ წარმოიდგინეთ, ათი პარტია რომ შეიკრიბება, ჯერ ისინი როდის გადაინაწილებენ სამინისტროებს, როდის შეთანხმდებიან პრინციპულ საკითხებზე, ხედვებს როდის შეუთანხმებენ ერთმანეთს, მერე დაიწყება თანამდებობების განაწილება, ბიუჯეტის მეშვეობით ფინანსების გადანაწილება, გავლენიანი ბიზნესსექტორების თავის დაქვემდებარებაში გადატანის სირთულეები... იმდენი კოშმარული ამბავი წარმოიშობა, რომ თვალნათელი გახდება, მმართველობის საპარლამენტო მოდელი საქართველოსთვის ნაადრევი იყო. ამისთვის საქართველო მზად არ არის, მზად არ არის არც ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, არც პოლიტიკური ისტებლიშმენტი, არც პარტიები, რომლებიც მნიშვნელოვანი სუბიექტები არიან საპარლამენტო მმართველობის პირობებში. რომელი პარტიაა, რომელსაც სერიოზული ადამიანური და ფინანსური რესურსი აქვს? საბიუჯეტო დაფინანსება, ფაქტობრივად, არაფერს არ ჰყოფნის და ლიდერების პირად ინტერესთა მიღმა არ მიდის ეს მწირი დაფინანსება. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ვერც ერთი ბიზნესმენი ვერც ერთ ოპოზიციურ პარტიას ვერ დააფინანსებს, იმ წამსვე რეპრესიების ქვეშ აღმოჩნდება. ასე რომ, მთელი რიგი პრობლემებია მომავალი არჩევნების წინ.

როდესაც ისრაელში მსგავსი სიტუაცია შეიქმნა და გამარჯვებული პარტია ხანგრძლივად ვერ აკომპლექტებდა მთავრობას, პრობლემები შეიქმნა, მაგრამ არც ისე რთული და სერიოზული, რადგან ისრაელის დემოკრატია გაცილებით წინ წასულია, იქ პოლიტიკური სუბიექტები რეალურია, პოლიტიკური სპექტრი გამჭრიახი ადამიანებითაა დაკომპლექტებული და, როგორც იქნა, ბოლოს და ბოლოს, შეთანხმდნენ რაღაცაზე. საქართველოში კი, ფაქტობრივად, თუ რომელიმე ძალამ, ან თუნდაც მყარმა კოალიციამ ვერ დააკომპლექტა მთავრობა არჩევნების შემდეგ, აქ უხელისუფლებობის, უმთავრობის პერიოდი დაიწყება, რომელიც კოვიდპანდემიის და ეკონომიკური ურთულესი პრობლემების პირობებში შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს ჩვენი სუვერენიტეტისთვის.