2020 წლის სექტემბერში რუსეთი მასშტაბური სამხედრო სწავლება „კავკაზ-2020“-ის ჩატარებას გეგმავს, რომელში მონაწილეობასაც ჩინეთის, პაკისტანისა და ბელარუსის სამხედრო ნაწილებიც მიიღებენ. მათ რიცხვში ინდოეთიც უნდა ყოფილიყო, მაგრამ კორონავირუსის ეპიდემიის გამო ქვეყანამ საკუთარი 200-კაციანი სამხედრო კონტინგენტის გაგაზავნაზე ოფიციალურად თქვა უარი. ყველაზე საყურადღებო კი ის არის, რომ ამ სწავლების არეალი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსაც მოიცავს და ჩინელი თუ პაკისტანელი ჯარისკაცები შესაძლოა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ვიხილოთ.
„რეზონანსი“ შეეცადა იმის გარკვევას, თუ რა სცენარი აქვს ამ მასშტაბურ სწავლებას, საქართველოს ისტორიის რომელ მძიმე ეტაპთან არის ის დაკავშირებული და რა პოზიცია აქვს ამასთან დააკავშირებით ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს.
რას გულისხმობს „კავკაზ-2020“ და ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას
„რეზონანსთან“ საუბრისას სამხედრო საკითხებში ექსპერტმა, ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა სამხედრო სწავლების მიზნებსა და მის სტრუქტურაზე:
„ეს არის ფართომასშტაბიანი წვრთნები, რომელსაც რუსები ყოველ წელს მართავენ. დაიწყება 5 ან 6 სექტემბერს და გაგრძელდება 30 სექტემბრამდე. მონაწილეობას მიიღებს 120 ათასი სამხედრო მოსამსახურე, რაც დაახლოებით ერთი არმიის ტოლია. შესაძლოა, სხვა ოპერატიულ-სტრატეგიული სარდლობებიდანაც გადმოისროლონ ჯარები, მაგალითად ცენტრალური ან აღმოსავლეთ სარდლობებიდან.
„ყველაზე საშიში ისაა, რომ ამ წვრთნებში რუსეთმა მოიწვია ოთხი ქვეყანა: ბელარუსი, ჩინეთი, პაკისტანი და ინდოეთი. ინდოეთმა უარი თქვა, ოფიციალურად კორონავირუსის პანდემიის გამო, მაგრამ რეალური მიზეზი ისაა, რომ სწავლებებში მოაწილეობენ ჩინეთი და პაკისტანი - ინდოეთი მტრები“, - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
მისივე თქმით, ალბათობა იმისა, რომ რუსულის გარდა წვრთნებში მონაწილე სხვა ქვეყნების არმიის ნაწილები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, საკმაოდ მაღალია.
„ბუნებრივია, რომ ამ წვრთნების ნაწილი ჩატარდება ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რესპუბლიკების ტერიტორიებზე. იმედია, რომ სამხედრო სწავლებებში მონაწილე ქვეყნები არ გადმოვლენ და არ მიიღებენ მონაწილეობას იმ წვრთნებში, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტარდება, მაგრამ წვრთნების სცენარის მიხედვით, ეს ალბათობა მაინც არსებობს“, - განაცხადა მაისაიამ.
საგარეო საქმეთა ქმეთა სამინისტროს პოზიცია
„რეზონანსი“ამ საკითხზე საქართველოს ოფიციალური პოზიციის გასარკვევად საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა მათ მიერ მოწოდებულ ოფიციალურ განცხადებაში მხოლოდ რუსეთის დესტრუქციულ ქმედებებზეა აქცენტი გაკეთებული.
„რუსეთის ფედერაციის მიერ მასშტაბური სამხედრო წვრთნების გამართვა, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უკანონოდ განთავსებული სამხედრო შენაერთების ჩართულობით, წარმოადგენს მოსკოვის მხრიდან საერთაშორიოსო ვალდებულებების დარღვევის მორიგ უხეშ ფაქტს და პროვოკაციულ ქმედებას, რომელიც საფრთხეს უქმნის რეგიონში უსაფრთხიების გარემოს.
„აღნიშნული წვრთნები, ისევე როგორც რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოებული დესტრუქციული ქმედებები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, მათ შორის ბოლოს დროს ჰიბრიდული ომის ელემენტების გახშირებული გამოყენება და რეგიონში გამალებული მილიტარიზაცია ხელს არ უწყიბს მშვიდობას.
„ქართული მხარე მოახდენს საერთაშორისო თანამეგიბრობის კონსოლიდაციას რათა სათანადო რეაქცია მისცენ მოსკოვის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო სამხედო ხასიათის აქტივობებს“, - გვატყობინებს უწყების პრეს-სპიკერი მარი ნარჩემაშვილი.
პირველად ამ სწავლებებს 2008 წლის აგვისტს ომი მოჰყვა
ამ სამხედრო წვრთნებს 12-წლიანი ისტორია აქვს. ვახტანგ მაისაიამ გაიხსენა, თუ რა შედეგი მოჰყვა პირველი წვრთნების დასრულებას და ვინ მონაწილეობდა მაშინ სამხედრო მანევრებში:
„როდესაც პირველად, 2008 წელს ჩაატარეს ასეთი წვრთნები, ამას საქართველოში რუსეთის პირდაპირი ინტერვენცია და აგრესია მოჰყვა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასეთი წვრთნების ჩატარება საქართველოს პირდაპირ სამხედრო საფრთხეს უქმნის.
„მაშინ სამხედრო წვრთნაში რუსეთის გარდა სხვა ქვეყნები არ მონაწილეობდნენ. როგორც ვიცი, წელს ჩასატარებელ სამხედრო წვრთნებში სხვა ქვეყნების ჩართვა პირველად ხდება“, - განმარტა „რეზონანსთან“ მაისაიამ.
რა შეიძლება მოჰყვეს ამ სწავლებებს
ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა რუსეთის მიერ ამ სამხედრო სწავლების შესაძლო რეალურ მიზნებზე და დასძინა, რომ ფედერაცია „რბილი“ ძალის გამოყენებას განაგრძობს:
„რუსეთი იყენებს სამხედრო რბილ ძალას. დღეს პაკისტანი და რუსეთი არიან სამხედრო-სტრატეგიული მოკავშირეები. ჩინელების ჩართვა საკმაოდ საშიშია ჩვენთვის, რადგან ჩინეთი ჩვენი სრატეგიული მოკავშირეა - მასთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული.
„ეს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ არაღიარების მნიშვნელოვანი შემადგენელია და თუ ჩინეთმა აღიარა სეპარატისტული რეჟიმების „დამოუკიდებლობა“, მაშინ საკმაოდ სერიოზული გამოწვევის წინაშე დადგება საქართველო. სწორედ ამიტომაა, რომ, როგორ ჩანს, რუსეთი სამხედრო რბილ ძალას იყენებს და ჩინელებს გვიპირისპირებს ჩვენ.
„ბელარუსის ჩართვაც ძალიან საინტერესოა ამ სამხედრო წვრთნებში. როგორც ჩანს, ბელარუსის სამხედრო ძალების ჩართვით პუტინი ცდილობს აიძულოს ლუკაშენკო, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა აღიაროს“, - თქვა ანალიტიკოსმა.
რა უნდა მოიმოქმედოს საქართველოს ხელისუფლებამ
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის ყოფილი მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ რუსეთის მიერ ინიცირებულ სამხედრო სწავლებაში ჩართული სახელმწიფოები არ შევლენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიმბოლური სწავლბების ჩასატარებლადაც კი:
„გამოვრიცხავ იმას, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ქვეყნების ჯარები შევიდნენ. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ნატო-ც და სხვებიც მიმართავენ ამ ქვეყნებს.
„არც კი ვფიქრობ იმის შესახებ, რომ ეს ქვეყნები დაუშვებენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დროებით და სიმბოლურად არათუ ჯარებით, არამედ დროშებით შესვლასაც. იქ მათი არც ერთი ჯარისკაცი არ შევა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. მე გამოვრიცხავ ამას“, - თქვა ზაქარეიშვილმა.
მისივე აზრით, საქართველოსა და საერთაშორისო პოლიტიკური ორგანიზაციების მხრიდან ამას რეაგირება უნდა მოჰყვეს, რათა მსოფლიოსთვის თვალსაჩინო გახდეს, რომ პრობლემა უყურადღებოდ არაა დატოვებული:
„როდესაც რუსეთი ახორციელებს ფართომასშტაბიან წვრთნებს საქართველოს საზღვრების გასწვრივ ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს ხელისუფლებამ ყოველთვის და აუცილებლად უნდა გააკეთოს განცხადება. შესაძლოა ვინმეს გაეცინოს ამაზე, მაგრამ ამაზე საუბრის შეწყვეტა უარესი იქნება და იფიქრებენ, რომ მიტოვებულია სიტუაცია.
„ბუნებრივია, რომ საქართველომ ამ შემთხვევაშიც უნდა გააკეთოს განცხადება და მოუწოდოს თავის მეგობარ-პარტნიორ ქვეყნებს - ნატოს, ეუთო-სა და ეროკავშირს, რომ გააკეთონ განცხადება ამასთან დაკავშირებით“, - განახადა ზაქარეიშვილმა.