საახალწლო ნომრის სტუმრად საგანგებოდ ავირჩიეთ - ხომ შესანიშნავია, მეკვლედ ქვეყნის ფინანსთა მინისტრი რომ გეყოლება, თანაც ახალი, "მეოცნებე", იმედიანი და თანაც - ნოდარ ხადური?! მართალია, სასაუბროდ 2012 წლის მიწურულს შევხვდით, მაგრამ თქვენს ოჯახებს ხომ 2013 წლის დასაწყისში ესტუმრა. ესე იგი, სრულუფლებიანი და საგანგებო მეკვლეა, მარჯვენა ფეხით შემოვიდა, თითოეულ ოჯახზე ფინანსურ ვალდებულებებს იღებს და იმედია, გაამართლებს კიდეც. მისი იმედიანი განწყობა ჩვენც რომ გადმოგვედოს, საქმიან ადამიანს, უპირველესად, საქმიანად მივმართეთ.
- ორი თვეა, ფინანსთა სამინისტროს ხელმძღვანელობთ. როგორია სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის საახალწლო მოსავალი?
- ვმუშაობდით ცაიტნოტში და მაინც, პარლამენტის პირველივე შეკრებაზე დეპუტატებს უკვე ხელთ ჰქონდათ ძალიან მოკლე პერიოდში ნაცმოძრაობის მიერ მომზადებული ბიუჯეტის მნიშვნელოვნად კორექტირებული, რადიკალურად შეცვლილი 2013 წლის ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი. ამ პროექტით საქართველოს ბიუჯეტი ერთეულების ფუფუნების ბიუჯეტიდან ხალხისთვის ზრუნვის, მათი კეთილდღეობის ბიუჯეტად იქცა. გპირდებით, რომ წელს საქართველოში, სულ ცოტა, 6-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა გვექნება, ფასები მნიშვნელოვნად არ მოიმატებს, ინფლაცია 3 პროცენტს არ გადააჭარბებს, - ასეთია სავალუტო ფონდის გათვლა. რაც მთავარია, მაკროეკონომიკური სტაბილურობისაკენ კიდევ ერთი სერიოზული ნაბიჯი გადავდგით - მთლიანი შიგა ბლოკების მიმართ ბიუჯეტის დეფიციტი მხოლოდ 2,8 პროცენტი იქნება.
მოკლედ, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოსახლეობის ყველა წინასაარჩევნო დაკვეთა შევასრულოთ.
- ოჯახმა არაფერი დაგიკვეთათ წინასაახალწლოდ?
- საახალწლო ფერხულში ჩასაბმელად ნაკლებად მქონდა დრო, ასე რომ, ნაძვის ხე აწყობილი დამხვდა: მეუღლემ მორთო ჩვენს 8 წლის მარიამთან და 5 წლის ნიკოლოზთან ერთად. საკმაოდ დიდი ნაძვის ხე გვაქვს, ყოველ შემთხვევაში - ჩემი სახლისთვის, ბავშვებზე მაღალიც კია (იცინის). პატარა ბინაა და ოთახის კუთხეში მივამწყვდიეთ, გვერდით კი პატარა თოვლის ბაბუაც დავუყენეთ. მიყვარს ახალი წლის დადგომა. სხვა ოჯახების მსგავსად, რაღაც ტრადიციები ჩვენც გვაქვს, თუნდაც ახალი წლის ოჯახში შეხვედრის, მეკვლეობის და ა.შ. ვისურვებ, რომ არც ჩემმა შვილებმა მოშალონ ეს ტრადიციები.
- თქვენ იმდენ ციფრსა და მონაცემს იმახსოვრებთ, საახალწლო ლექსებიც გემახსოვრებათ. "ყველა სიახლის" ნაძვის ხესთან არაფერს იტყვით?
- ლექსები კარგად მახსოვს და შვილებსაც ვასწავლი, თუ დრო მაქვს. სხვათა შორის, მარიამს უყვარს წიგნები და მეც ყოველთვის ვყიდულობ მისთვის საინტერესო ლიტერატურას. ნიკოლოზს კი მანქანები უყვარს, თუმცა მამაჩემის მოყოლილ ზღაპრებს და საგანგებოდ მისთვის დაწერილ ლექსებს სიამოვნებით ისმენს ხოლმე. გგონიათ, ლექსებს მეც ვწერ? გადაჭრით ვამბობ, - არა! თუმცა გარითმვა, ცხადია, შემიძლია. "ბალახი" და "ტალახი" რომ ერითმება ერთმანეთს, ნოდარ დუმბაძის არ იყოს, კი ვიცი, მაგრამ პოემა რომ დავწერო ფინანსებზე ან სხვა თემაზე - არა... არასდროს არაფერი დამიწერია... აი, წიგნის კითხვა კი ძალიან მიყვარს.
- მე მაინც ლექსის წაკითხვას გთხოვთ, თუნდაც, ერთი სტროფის. ახალი წელია, მეკვლე ხართ...
- მაგრამ, ბავშვი აღარ ვარ და არა მგონია, აუცილებელი იყოს, ახლაც წაგიკითხოთ (იცინის, მე კი არ ვეშვები - ი.ხ.)...
მაინცდამაინც უნდა მათქმევინოთ, არა?...
- ის მაინც მითხარით, პოეტური უფრო ხართ თუ...
- უფრო ბიუჯეტური (იცინის და უცებ იწყებს - ი.ხ.)... "...უსიყვარულოდ მზე არ სუფევს ცის კამარაზე,/ სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება სასიხარულოდ./ უსიყვარულოდ არ არსებობს არც სილამაზე,/ არც უკვდავება არ არსებობს უსიყვარულოდ..." მაინც მათქმევინეთ, ხომ (იცინის)? "ო, ენავ ჩემო, დედაო ენავ..." ძალიან მიყვარს ირაკლი აბაშიძის "ხმა კატამონთან"... და
საერთოდაც, პოეზია მიყვარს ძალიან, მერე რა, რომ ეკონომისტი ვარ...
- ისე, ეკონომისტები ეკონომიურები ხართ?
- ეგ ლეონიდ ბრეჟნევმა თქვა და, მგონი, თვითონაც არ იცოდა, რას გულისხმობდა. სინამდვილეში, ეკონომიკა არის მეცნიერება შეზღუდული რესურსებით ჩვენი შეუზღუდავი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების შესახებ. ასე რომ, ეკონომიკაში ყველა რესურსი არის შეზღუდული და ამ ჩვენი შეზღუდული რესურსებით მაქსიმალურად უნდა შევეცადოთ, ეფექტიანად მოვიქცეთ. ასევეა ბიუჯეტიც - რა დიდი და ძლიერი ქვეყნისაც უნდა იყოს, მაინც შეზღუდულია. ამიტომ ბიუჯეტში პრიორიტეტები უნდა გამოძებნო და შეზღუდული რესურსი ისე დახარჯო, რომ საზოგადოებამ, ეკონომიკამ და ქვეყანამ მაქსიმალური სარგებელი ნახოს.
- ოჯახში როგორი ფინანსისტი ხართ?
- ოჯახში ფინანსთა მინისტრი სხვა არის. მიხვდით, ხომ? - ჩემს მეუღლეზე ვამბობ, რადგან არასდროს მქონდა დრო, საოჯახო ფინანსებით დავკავებულიყავი. ჩემი სახელფასო ბარათი აქვს მეუღლეს... გიკვირთ, ასე რომ ვენდობი? - მეუღლეს შვილებს ვანდობ და ფინანსებს არ ვანდობ (იცინის)? სხვათა შორის, ძალიან ეფექტიანი საოჯახო ფინანსთა მინისტრია. შეზღუდული რესურსებით ხანდახან შეუძლებელსაც კი აკეთებს... ისიც გაინტერესებთ, ფინანსური კრიზისისას ალტერნატიულ გზებს როგორ პოულობს? კი ბატონო, გეტყვით. რამდენიმე წლის წინ ბუნებრივი აირი რომ შემოგვეყვანა ბინაში, ბანკი "რესპუბლიკიდან" კრედიტი ავიღეთ და მგონი, ბოლო გადახდა ახლა მიწევს. ასე რომ, ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. ხელფასი ყოველთვის ნორმალური მქონდა, თუმცა ზედმეტი ფუფუნების უფლებას თავს არასდროს ვაძლევდით.
- ბატონო ნოდარ, თქვენც მიგაჩნიათ, რომ ახალი წლის ღამე ჯადოსნურია?
- ზუსტად არ მახსოვს, 1982 წელი იყო თუ 1983, იმ პერიოდში საბავშვო გაზეთი გამოდიოდა, "ნორჩი ლენინელი". ჩემი ფოტო სწორედ იმ გაზეთის ფურცელზე დაიბეჭდა პირველად - აეროპორტში, თვითმფრინავის ტრაპზე გადაგვიღეს ბავშვებს, სტატიას კი ერქვა: "იოცნებეთ, ყმაწვილებო, იოცნებეთ გაბედულად!" აი, შარშან მეც "ვიოცნებე", თუმცა იმხანად, ახალი წლის ღამეს პოლიტიკოსობაზე არ მიფიქრია, მაგრამ ოცნებების ახდენა მაინც დაიწყო - 2012 წელს ერთი ნაწილი ახდა, ამ საქმეში მეც ჩავერთე და ახლა დანარჩენი ოცნების რეალობად ქცევისთვის ვზრუნავთ...
- რადგან საოჯახო ტრადიციების დამცველი ხართ, მეკვლეც მუდმივი გეყოლებათ.
- ასეც არის - მეკვლე ჩემი მეუღლეა, რომელსაც ახალი წლის დადგომამდე სადარბაზოში ან ეზოში ვუშვებთ და შემდეგ კანფეტებითა და ხანდახან ხურდით ხელში პირველად სწორედ ის შემოდის შინ. ახალი წელი საოჯახო დღესასწაულია, ამიტომ ოჯახის ყველა წევრი შინ უნდა შეხვდეს ამ დღეს. ჩვენ მრავალრიცხოვანი ოჯახი გვყავს. სამი თაობა ერთად ვცხოვრობთ: ჩემი მშობლები, ჩვენ და შვილები. ახალი წლის ღამეს მამა დაილოცება, დედა თაფლსა და გოზინაყს მოგვაწვდის, - ასე ტკბილად დამიბერდითო და ეს არის ჩვენი ტრადიცია. მერე კი სტუმრად წასვლაც შეიძლება თუმცა მაინც შინ, ჩემს ოჯახთან ვარჩევ ყოფნას. მერე ვუყურებთ ტელევიზორს, გასართობ გადაცემებს და ფილმებს, თუნდაც ქართულს ან დაუვიწყარ ფილმს - "ბედის ირონია, ანუ გაამოთ".
- სხვათა შორის, მაგ ფილმში ერთი საახალწლო ტრადიცია ყველაფერს თავდაყირა აყენებს... წარმოგიდგენიათ, თქვენთანაც რომ დაირღვეს ტრადიცია და ვთქვათ, თქვენი მეუღლის ნაცვლად მეკვლედ მიხეილ სააკაშვილი გეწვიოთ?
- ცუდ სიზმარშიც არ მინდა, ეგ მოხდეს, მაგრამ თუ მოვა, სტუმარი ღვთისაა. ახალ წელსაც სახელმწიფო მოხელე ხომ არ ვარ? ამ დღეს, უპირველესად, ჩემი ოჯახის შვილი ვარ: ჩემი შვილების მამა, ჩემი მშობლების შვილი, ჩემი ბებიის შვილიშვილი და ჩემი მეუღლის მეუღლე, ასე რომ, აუცილებლად გავუმასპინძლდები. თუმცა... მე კი ვიცი, როგორ მოვიქცევი და რას ვეტყვი, მაგრამ არ ვიცი, თვითონ სააკაშვილმა რა უნდა მითხრას.
- აი, თურმე როგორი ხართ ბატონი ნოდარი, ხადური... უი, მართლა, ბატონო ნოდარ, ვანო ჯავახიშვილის ხუმრობები ხომ არ გაბრაზებთ?
- არა, რატომ უნდა ვბრაზობდე (იცინის)? რაკი ხშირად მახსენებს, ეს ნიშნავს, რომ ყოველთვის ვახსოვარ.
- მაინც როგორია ნოდარ ხადური? დაგვიხასიათეთ.
- აქვს უზარმაზარი პასუხისმგებლობა, არის ძალიან მშრომელი და ყველა დაწყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
- რას ელით 2013 წლისგან?
- ჩემი ოჯახის წევრების მხარში დგომას, რადგან მათი მხარდაჭერა - შვილების სითბო და მოფერება, მეუღლის გვერდით ყოფნა, მშობლების რჩევა-დარიგება, ბებიის ჯანმრთელად ყოფნა - ეს ყველაფერი ძალიან მჭირდება. მოველი ჩემს ქვეყანაში ბევრი პრობლემის გადაჭრას. ბავშვობაში ბევრს ვმოგზაურობდი საქართველოს კუთხეებში, ახლაც ვაპირებ, ხშირად ვეწვიო ამ კუთხეებს, იმასაც, რომელიც არ მინახავს, ვაპირებ, კამერების გარეშე მოვინახულო და მოვუსმინო ხოლმე ადამიანებს, რომლებიც შეიძლება სამინისტროებამდე ვერ გვაწვდენენ ხმას, არადა, ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ამისათვის თვეში ერთ დღეს მაინც გამოვძებნი. საზოგადოება ხელისუფლებისგან მეტ ტყუილს ვეღარ აიტანს და რაც პრემიერმა ბრძანა, მეც იმავეს გავიმეორებ: ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეტს, ვიდრე დაგპირდით! ამიტომ "იოცნებეთ, ყმაწვილებო, იოცნებეთ გაბედულად" და თქვენი ოცნებები აუცილებლად შესრულდება. გილოცავთ ყველას ახალ წელს და მერწმუნეთ, 2013 წელი აუცილებლად ოცნებების ასრულების წელი იქნება!