დავით ზარდიაშვილი: მე მაინც მგონია, რომ ეს ბანერი

დავით ზარდიაშვილი: მე მაინც მგონია, რომ ეს ბანერი "პატრიოტთა ალიანსის" თვითშემოქმედებაა

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი, სოციალურ ქსელში წერს: 

რუსეთთან მტრობა - საქართველოს არ აურჩევია, ეს იმთავითვე, საქართველოს სახელმწიფოებრიობის  თუნდაც ოდენ იდეის მიმართაც კი,  რუსეთის ურყევი არჩევანია! რუსეთის მტრული და აბსოლუტურად შეურიგებელი დამოკიდებულება საქართველოს სახელმწიფოებრიობის მიმართ, საუბედუროდ, ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად არსებული ობიექტური მოცემულობაა; ამ მოცემულობას, მხოლოდ ჩვენი ნება-სურვილით ვერასგზით ვერ შევცვლით;  ამიტომაც -სხვა გზა, გარდა რუსეთის, რომელიც ისევ და ისევ ვერაგულად და მტრულად გვეპყრობა, შეკავებისა ჩვენ არა გვაქვს; სწორედ ეს ფუნდამენტური გარემოებაა საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების ურყევი არგუმენტი, რაც თვალსაწიერ მომავალში გადასინჯვას არ ექვემდებარება!

ე.წ. ნეიტრალიტეტი ამ პირობებში, როცა რუსეთი ჩვენი ნებისგან დამოუკიდებლად სტრატეგიულად გვმტრობს, არა მხოლოდ საშიში და მავნე ილუზიაა, არამედ საბოლოო ჯამში - სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმაც;

მეორეს მხრივ:

რუსეთის მტრობის, რაც ვიმეორებ - თავად რუსეთის ანტი-ქართული სტრატეგიაა,  საპირისპიროდ - თურქეთან პარტნიორობა  ორივე ქვეყნის კეთილგონივრული არჩევანია;

არის თუ არა ამ პარტნიორობაში აჭარის რეგიონის "ეკონომიკური ან კულტურული ექსპანსიის" რისკი?! დიახ, თუკი რომელიმე მხარე პარტნირობის ფარგლებიდან გავა,  უდავოდ არის. მაგრამ ეს როდი ნიშნავს, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვის მოტივით პარტნიორი მტრად ჩვენვე ვაქციოთ; ეს სრული უგუნურებაც იქნება და რუსეთის მტრული ინტერესების საუკეთესო ხელშეწყობაც. თურქეთან პარტნირობა ისე უნდა განვითარდეს, რომ რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს ორივე ქვეყანამ, მაგრამ არა ერთი-მეორეს ეროვნული ინტერესების ხარჯზე. პარტნიორობა სწორედ ამას ნიშნავს და მტრობისგანაც ხომ სწორედ ამით განსხვავდება!

არა მგონია, ქართველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ობიექტური რეალობით განპირობებულ ამგვარ საერთაშორისო პოზიციონირებას რაიმე ალტერნატივა ჰქონდეს;

რასაკვირველია, ამ ობიექტური მოცემულობის უკუღმა შებრუნება და საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების საპირისპირო "ინტერ-სუბიექტური რეალობის" ხელოვნურად  შექმნა პარტიული წინასაარჩევნო ბანერით - ყოვლად შეუძლებელია;

ხოლო აჭარის "გაწითლება" და მაშასადამე, პარტნიორი თურქეთის იმავე რანგის მტრად, როგორიც რუსეთია, წარმოჩენა იმ მასშტაბის სიბრიყვეა, რაც, თუკი საქართველოს გარეთ  დაიგეგმა, ნამდვილად მხოლოდ ერთადერთ ქვეყანაში - რუსეთში შეიძლება მომხდარიყო. დედამიწის ზურგზე სხვა ქვეყანა, ამგვარი ყოვლად უაზრო მცდელობისთვის არც დროს დაკარგავდა და არც რაიმე რესურსს არ დახარჯავდა. თუკი ეს რუსეთში მოხდა, რასაც ირიბად თავად "პატრიოტთა ალიანსის" მესვეურებიც არ უარყოფენ - რუსული ფიარ-კომპანია ჩვენი ერთ-ერთი კონსულტანტიაო, რომ აღიარებენ, მაშინ არც თუ ცუდად ყოფილა საქმე, რადგან რუსებს სახეირო არაფერი არ უსწავლიათ და იგივე ჩლუნგებად დარჩენილან, როგორებიც ყოველთვის წარმოგვიდგენია.

მე მაინც მგონია, რომ ეს ბანერი "პატრიოტთა ალიანსის" თვითშემოქმედებაა; ეს არა საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირებას,არამედ - პოლიტიკური ძალების წინასაარჩევნო პოზიციონირებას ნამდვილად ცვლის! "პატრიოტთა ალიანსი", შიდა პოლიტიკურ რუკაზე იგივე ფერშია, როგორც თავად აჭარა დახატეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ფერებში.

დიახ: საქართველოს შიდა პოლიტიკურ რუკაზე წითელი - მტრული ძალის, ნაცების ფერია. ამიერიდან, ჩემთვის სამწუხაროდ - "პატრიოტთა ალიანსის" ფერიც იგივე იქნება, რადგან, ვიცი - ეგენი მტრები კი არ არიან, მაგრამ თავიანთი ყეყეჩობის გამო, სირცხვილით უნდა გაწითლდნენ!

ზოგადად კი ესაა სათქმელი: ნაცებთან დაპირისპირება არ ნიშნავს საქართველოს საერთაშორისო პოზიციონირების, რაც ობიექტურადაა განპირობებული, გადასინჯვას და მით უმეტეს - უკუღმა ამოტრიალებას. ამგვარი "ანტი-ნაცობა" თვით ნაცობაზე არანაკლებ დიდი უბედურებაა!

Aburjga Tasmanieli ე.ი. რუსეთია ქართული სახელმწიფოებრიობის მტერი, ხოლო თურქეთი პარტნიორი ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობაში?! რომ არა რუსეთის ფაქტორი და პრეტენზიები, შიში რუსეთის წინაშე თურქეთი რა ხანია სამხედრო ძალით დაიკავებდა ახალციხეს, ბათუმს, ქობულეთს, ოზურგეთს და ფოთს! რაც არაერთხელ გაუკეთებია. ამ ამბავს კი სოროსის დაჯგუფებები ნატოს ასპირანტურიდან ნატოს დოქტორანტურაში შესვლად მონათლავდნენ! მათ შორის ქართული ოცნების სოროსის სკოლა გამოვლილი ლიბერალების დამრტყმელი ჯგუფი!
4 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ეს დაახლოებით იგივე ამბავი იქნებოდა რასაც თურქეთი ჩრდილოეთ სირიაში აკეთებს! ხოლო საქართველოში არაერთგზის გაუკეთებია!
4 წლის უკან
Katana . "თურქეთი არის საქართველოს ისტორიულად მეგობარი ქვეყანა!.. " - მიხეილ სააკაშვილი.
4 წლის უკან
Katana . აი, რაზე ატყდა ეს ქარიშხალი ჭიქაში, რომ საზოგადოებას საშუალება ჰქონოდა "პატრიოტთა ალიანსის" ლანძღვა-გინებისა!.. თითქოს დაიხოცა ის ხალხი, და პასუხის გამცემი აღარვინ დარჩა!
ბმული
4 წლის უკან