2020 წლის არჩევნებზე თქვენი თანადგომით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ და ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბათუმში განაცხადა, სადაც მმართველმა პარტიამ ადგილობრივ მოსახლეობას პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარუდგინა.
„ბათუმი საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია, რომელსაც ზღვა, გადამწვანებული მთები, დიდებული კულტურული მემკვიდრეობა და, რაც მთავარია, აქ მცხოვრები ადამიანები განსაკუთრებულ კოლორიტსა და ხიბლს სძენენ. ბათუმელები ძალიან მშრომელი, საკუთარ კუთხესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანები ხართ და მე, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეც, მიხარია, რომ ვიმყოფები ამ ულამაზეს ქალაქში და მინდა ბათუმიდან მივესალმო სრულიად საქართველოს. აჭარა და ბათუმი სამაგალითოა ტოლერანტობის, სხვადასხვა ერისა და რელიგიური კუთვნილების ადამიანების მშვიდობიანი თანაცხოვრების ტრადიციით, სადაც გმირი ადამიანები დიდი საქმეებით თუ ყოველდღიური საქმიანობით ჩვენს სამშობლოს აერთიანებდნენ და აძლიერებდნენ. ბათუმის თითოეულ მცხოვრებს, თითოეულ ქრისტიანს, თითოეულ მუსლიმს, თითოეულ ბერძენს, ებრაელს თუ უკრაინელს ამ ქალაქის და ამ ქვეყნის სიყვარული აერთიანებს. არანაირი განსხვავებულობა ამ სიყვარულზე მაღლა არასდროს მდგარა და ვერც ვერასდროს დადგება, რადგან ჩვენ ყველა ერთნი ვართ, საერთო სამშობლო გვაქვს და საერთო საქმე გვაქვს გასაკეთებელი“, - განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან ქვეყანაში სახელმწიფოებრიობის, თავისუფლების, სამართლიანობისა და ღირსების განცდა დაუბრუნა მოქალაქეებს და დღეს სახელმწიფო აღარ ცდილობს დათრგუნოს, აღარ ართმევს, არ ატერორებს და ეს ყველაფერი ჩვენ ერთიანი ძალისხმევით ჩავაბარეთ წარსულს.
„საქართველოში არასდროს დაბრუნდება ის წლები, როდესაც ადამიანები იჩაგრებოდნენ. პირიქით, დღეს სახელმწიფო ცდილობს მათ დახმარებას და ამის ყველაზე მკაფიო მაგალითი გლობალური პანდემია და სახელმწიფოს მხრიდან ამ ურთულეს პირობებში გატარებული პოლიტიკაა. ჩვენმა გუნდმა პანდემია ეფექტურად მართა და ქვეყანას ზიანი მაქსიმალურად აარიდა, თუმცა ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენი ქვეყანა მაინც დაზარალდა. განსაკუთრებით ეს ეხება ტურისტულ სექტორს, რომელიც ბათუმისა და ბათუმელებისთვის შემოსავლების ძალიან მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ხელისუფლებამ ტურისტული სექტორის აქტიური სტიმულირება დაიწყო, რითაც ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს მცირედით მაინც შეუმსუბუქა ზიანი. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ხალხისა და ქართული ეკონომიკის გვერდში დგომას და ყველა საჭირო ზომას მივმართავთ, რაც კრიზისის მართვისთვის იქნება საჭირო. დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით ჩვენ ყველაფერს შევძლებთ. ყველას გვახსოვს, როგორი დამოკიდებულება იყო განსხვავებული აზრისა თუ პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ 2012 წლამდე. ჩვენ ყველამ ეს საკუთარ თავზე, ოჯახზე, ახლობლებსა და მეგობრებზე გამოვცადეთ ეს ყველაფერი, თუმცა, საბედნიეროდ, ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი გზით წარსულში დაგვეტოვებინა ყველაფერი ცუდი, რაც ხდებოდა. ახლა მთავარია, გავერთიანდეთ, და მე დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წლის არჩევნებზე თქვენი თანადგომით ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ „ქართული ოცნების“ გამარჯვება, ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენი მშობლებისთვის, შვილებისთვის, მომავალი თაობებისთვის“, - განაცხადა კალაძემ.