საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მის მიერ გაკეთებული ემოციური განცხადების მიუხედავად, სავარაუდოდ, დარჩება უკრაინაში და რეფორმების ნაციონალური საბჭოს ხელმძღვანელის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
უკრაინელი მაღალჩინოსნების აზრით, სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადება საქართველოში და ქართულ პოლიტიკაში დაბრუნების შესახებმხოლოდ მისი ექსცენტრიულობის გამომხატველია.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმერ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა განაცხადა, რომ სააკაშვილის უკრაინიდან წასვლა და მის მიერ რეფორმების ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელის პოსტის დატოვება არაა მოსალოდნელი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქს-უკრაინა" იუწყება.
„მიხეილ ნილოკოზის ძე (სააკაშვილი - რედ.) ძალიან ემოციური პიროვნებაა, კატეგორიული, სწრაფად და მკვეთრად რეაგირებს ბევრ რამეზე. ის სწორედ ამითაა ცნობილი", - განაცხადა პოდოლიაკმა.
მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისთვის, რომ სააკაშვილის „ემოციური პოსტების გამო ტრადიციული კონსპიროლოგიური გარჩევები დაიწყოს".
შეგახსენებთ, რომ 27 გვისტოს საქართველოს მესამე პრეზიდენტმა თავის „ფეისბუქ" გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეომიმართვა, რომელშიც საჯაროდ მოიხადა ბოდიში მისი მმართველობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის და განაცხადა, რომსაქართველოში დაბრუნებას აპირეს.
თუმცა მეორე დღეს მან ამავე გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომელშიც დაწერა, რომ ორივე ქვეყანაში აპირებს მოღვაწეობის გაგრძელებასა და ბრძოლას. თუმცა კონკრეტულად არ უთქვამს, ტოვებს თუ არა უკრაინას და ბრუნდება თუ არა საქართველოში.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის მაღალჩინოსნების მხრიდან სააკაშვილის პოსტს გამოხმაურება არ მოჰყოლია.
ოფიციალური პირებიდან მხოლოდ ზელენსკის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხეილ პოდოლიაკმა დააფიქსირა თავისი მოსაზრება და დასძინა, რომ სააკაშვილის უკრაინიდან წასვალაში არაა დარწმუნებული.