„ნაციონალების“, როგორც ოპოზიციის არსებობაც კი, ჩვენ სასიცოცხლო ენერგიას გვაკარგვინებს“

„ნაციონალების“, როგორც ოპოზიციის არსებობაც კი, ჩვენ სასიცოცხლო ენერგიას გვაკარგვინებს“

„იმედი მაქვს, სააკაშვილის მხარდამჭერი ელიტა გლობალურ დონეზე მარცხს განიცდის და, შესაბამისად, ჩვენც გავთავისუფლდებით ისეთი ავანტიურისტისგან, როგორიც სააკაშვილია“, - აცხადებს For.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი, შავი ზღვის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების პროფესორი თამარ კიკნაძე.

ხელისუფლება არ უფრთხის მოზღვავებულ საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ ჩარტერულ რეისებს სთავაზობს და მკაცრ სანქციებს აწესებს ამომრჩევლის იძულების, დაშინების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე, რაც ყველა ხელისუფლების აქილევსის ქუსლი იყო ყოველ არჩევნებზე. ეს ნიშნავს, რომ ამ ხელისუფლებას მოგება გარანტირებული აქვს?

- თუკი მიმდინარე მოვლენებს გადავავლებთ თვალს, აშკარაა, რომ კოვიდის ფაქტორმა და ხელისუფლების მიერ ბოლო ხანს განხორციელებულმა ქმედებებმა მოსახლეობაში გარკვეული მოწონება ჰპოვა. ამ ფონზე ალტერნატივაა ოპოზიცია, რომელიც დაქსაქსულია, ბევრ რამეზე ვერ თანხმდება და ხელისუფლებისადმი მათი ოპონირებაც უარყოფითია. მათ ხელმოსაკიდი ისეთი არაფერი აქვთ, რეალურად აკრიტიკონ ხელისუფლება. შეიძლება მოსახლეობის ნაწილს არ მოსწონს ხელისუფლება, არც არის ეს გასაკვირი, რადგან არც ერთ ქვეყანაში არავის არ მოსწონს ხელისუფლება, მაგრამ არჩევანია გასაკეთებელი და ოპოზიცია გაცილებით უარესია, ვიდრე ხელისუფლება. მმართველ გუნდს დამკვირვებლები რომ ჩამოჰყავს, მე ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ, რადგან ხელისუფლება დარწმუნებულია თავის გამარჯვებაში. მე ვთვლი, რომ მათ გაყალბებაც არ დასჭირდებათ. რომელიღაც კონსტრუქციული ახალი ძალა რომ იყოს, მაშინ შეიძლება გველაპარაკა იმაზე, მიიღებდა თუ არა ხალხი იმ ახალ ძალას, რომელიც ისეთ მესიჯებს და შესაძლებლობებს აგრძნობინებდა ხალხს, რომ შესაძლოა, ამ ხელისუფლებას ნაკლები შანსი ჰქონოდა, მაგრამ დღევანდელ სიტუაციაში ეს ხელისუფლება ნამდვილად მოგებული იქნება და ეს იქნება ძალა, რომელიც, ჩემი აზრით, უმრავლესობით გავა პარლამენტში, სადაც, სავარაუდოდ, იქნებიან მცირერიცხოვანი პარტიებიც. ყოველ შემთხვევაში, „ნაცმოძრაობამ“ და მისმა მეორე ფრთამ ისეთი ქმედებები განახორციელეს, რომ ამან ნამდვილად არ მოუტანა მათ დივიდენდები. მათ ჰყავთ არამრავალრიცხოვანი სტაბილური მხარდამჭერები, ვერ მოახერხეს ელექტორატის გაზრდა, რადგან ხალხს ჯერ კიდევ ახსოვს მათი მმართველობის ძალიან მწარე პერიოდი. ამ დროს პირიქით, დღევანდელ ხელისუფლებას ედავებიან 9-წლიანი რეჟიმის ავტორები. შესაძლოა, ხალხის წყრომა გამოწვეულია იმით, რომ სათანადოდ არ გაეცა ნაციონალების მმართველობას პასუხი. ამ არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსი“, ალბათ, გავა უფრო მეტი რაოდენობით, რადგან მათი მესიჯები ხალხისთვის მისაღებია.

თუმცა „პატრიოტების“ არჩევნებიდან მოხსნას მოითხოვენ ნაცები და „პატრიოტთა ალიანსის“ მხრიდან რუსეთისგან მიღებულ ფინანსურ სარგებელზე ამახვილებენ ყურადღებას.

- ამის შესახებ ჩვენ არაერთხელ გვილაპარაკია, რომ ნაცები ერთს ლაპარაკობენ, მეორეს აკეთებენ, მათი რიტორიკა დამღუპველია საქართველოსთვის, თავიანთი ქმედებით მათ ისეთი კოჭი გაუგორეს რუსეთს და ისეთი შედეგები დადეს, ტერიტორიების დაკარგვით, კოდორის, ახალგორის გადაცემით, რომ ამას დიდი პოლიტოლოგობა არ სჭირდება, მივხვდეთ, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული ძალა არ არის და საქართველოს კეთილდღეობისთვის არ იბრძვის. უბრალოდ, მას აქვს ანტირუსული რიტორიკა, მაგრამ ძალიან ცუდ ქმედებებს ახორციელებს საქართველოს საწინააღმდეგოდ.

ოპოზიციის დაქსაქსულობა უკვე სახუმარო თემად იქცა, რადგან ოპოზიციამ მთავარ სამიზნედ ივანიშვილის ნაცვლად ჯერ გიორგი ვაშაძე გაიხადა, ახლა კი მთლიანი ოპოზიცია დაირაზმა ნაცების წინააღმდეგ, რადგან მათ შეთანხმება დაარღვიეს, საკუთარი კანდიდატურა წამოაყენეს ისანში ხატია დეკანოიძის სახით. ამას გიგი უგულავაც გამოეხმაურა, „ძალა ერთობაშია, თუ გადაღუნვაში“? ეს წვრილ-წვრილი შეცდომებიც ხომ არ გახდა იმის განმაპირობებელი, რომ ოპოზიცია არასერიოზულად წარმოჩნდა ამომრჩევლის თვალში?

- სხვათა შორის, „ოცნებამ“ იმოქმედა ჭკვიანურად და კვალიფიციურად საარჩევნო კანონთან, პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, არსებობს რაღაც კანონზომიერება და ის, რაც დღეს ხდება ოპოზიციაში, ადრეც უნდა მომხდარიყო, მაგრამ ნაციონალებს გარეშე მხარდაჭერის გამო გაუხანგრძლივდათ ძირითად ოპოზიციად ყოფნა. ღმერთი არსებობს კიდევ და ეს არ არის ქართული ძალა, პირველ რიგში, ნაციონალები მყავს მხედველობაში და, თუ ისინი პოლიტიკური სცენიდანაც გაქრებიან, კარგი იქნება, რაც პრემიერმაც თქვა ძალიან კარგად პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას. გავიხსენოთ, რაზე კეთდებოდა აქცენტები ნაციონალების მხრიდან? რაღაც სისულელეებზე და არა ქვეყნის კეთილდღეობაზე. ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელიც საკუთარ კეთილდღეობაზეა ორიენტირებული და არა ქვეყნის კეთილდღეობაზე, ამიტომ მე ვთვლი, რომ მათი, როგორც ოპოზიციის არსებობაც კი ჩვენ სასიცოცხლო ენერგიას გვაკარგინებს მათთან ბრძოლაში. თუ ისინი პოლიტიკური სცენიდან გაქრებიან, მე მგონი, ქვეყანა დაიწყებს ნორმალურ ფუნქციონირებას და ხელისუფლებაც ხალხის კეთილდღეობაზე უფრო მეტად იზრუნებს. ეს ხალხმაც უნდა მოსთხოვოს ხელისუფლებას და არა ის კინკლაობა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, როცა ჩვენს ენერგიასა და ყურადღებას მათთან ბრძოლაში ვხარჯავთ.

თქვენ ნაციონალების პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრობაზე საუბრობთ, მაგრამ სააკაშვილი გაქრობას არ აპირებს, ის ქართველ ხალხს 9-წლიანი რეჟიმის გამო ბოდიშს უხდის, მაგრამ, ამავდროულად, უგზავნის მესიჯს „მე ვბრუნდები“. ოთარ კახიძე მის ნათქვამს ახმოვანებს და ამბობს, შეცდომები იყო, მაგრამ არა სააკაშვილის მიერ, არამედ წინა ხელისუფლების მხრიდან დაშვებული. ეს ერთგვარად ჩამორეცხვაა სააკაშვილისთვის იმ დანაშაულების, რაც ხდებოდა? რაც დაახლოებით იგივეა, რომ სტალინი არაფერში იყო დამნაშავე, რასაც მისი ხელქვეითები სჩადიოდნენ?

- მე სააკაშვილს სტალინს ვერ შევადარებ, რადგან სტალინი სულ სხვა ფენომენია და იმედი მაქვს, ისტორია თავისას იტყვის. რაც შეეხება სააკაშვილს, მას მომავალი საქართველოში ნამდვილად არ აქვს. მისი განცხადებებიც საქართველოში დაბრუნების თაობაზე შედეგის მომტანი არ არის. როგორც გითხარით, ნაციონალებს რამდენიმე ათასი კონსტანტა, მუდმივი მხარდამჭერი ჰყავთ, მაგრამ ამ ხელისუფლებას მოუწევს სერიოზული მუშაობა იმისთვის, რომ გაანეიტრალოს ნაციონალების ქმედებები. მაგალითად, ბევრ უმაღლეს სასწავლებელში ნაციონალების დროინდელი ჩინოვნიკები ასწავლიან სტუდენტებს, შესაბამისად, ტვინს ურეცხავენ. თუ ეს ხელისუფლება ამას გაითვალისწინებს და ამაზე სერიოზულად იფიქრებს, კარგი იქნება. სააკაშვილი არის გლობალური მასშტაბის ავანტიურისტი, დღეს ისე მიდის საქმე, რომ გლობალური ელიტის შიგნითაც არის განხეთქილება. ვისურვებდი და იმედი მაქვს, რომ სააკაშვილის მხარდამჭერი ელიტა გლობალურ დონეზე მარცხს განიცდის და, შესაბამისად, ჩვენც გავთავისუფლდებით ისეთი ავანტიურისტებისგან, როგორიც სააკაშვილია.

Maverick მანანა ნოზაძე: "თქვენ ნაციონალების პოლიტიკური ავანსცენიდან გაქრობაზე საუბრობთ, მაგრამ სააკაშვილი გაქრობას არ აპირებს, ის ქართველ ხალხს 9-წლიანი რეჟიმის გამო ბოდიშს უხდის, მაგრამ, ამავდროულად, უგზავნის მესიჯს „მე ვბრუნდები“. ოთარ კახიძე მის ნათქვამს ახმოვანებს და ამბობს, შეცდომები იყო, მაგრამ არა სააკაშვილის მიერ, არამედ წინა ხელისუფლების მხრიდან დაშვებული. ეს ერთგვარად ჩამორეცხვაა სააკაშვილისთვის იმ დანაშაულების, რაც ხდებოდა? რაც დაახლოებით იგივეა, რომ სტალინი არაფერში იყო დამნაშავე, რასაც მისი ხელქვეითები სჩადიოდნენ?"

შვილო, მანანა!
დაანებე თავი ექსტრავაგანტურობას, ლიბერტარიანულ გადახვევებს, ტროცკისტობას და ჭურნალისტობას კარგად გაგცა პასუხი, სააკაშვილი უნდა შეადარო ცრუ ნერონს, კომოდუსს, კალიგულას, და სხვა დესპოტებს!
3 წლის უკან