როდის გასდის ვადა პრეზიდენტს?

როდის გასდის ვადა პრეზიდენტს?

არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილი 4 იანვარს პრეზიდენტის სასახლესთან, მიხეილ სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით, გამაფრთხილებელი აქციის გამართვას აპირებს. აქციის ორგანიზატორთა თქმით, მასშტაბური გამოსვლები დაიწყება 20 იანვარს, როცა ხუთი წელი შესრულდება 2008 წლის რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტ სააკაშვილის გამარჯვებიდან. არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისათვის“ მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი უნდა გადადგეს და, კონსტიტუციის შესაბამისად, მისი უფლებამოსილება ოქტომბრის არჩევნებამდე პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა შეასრულოს. ვინ და რატომ ითხოვს პრეზიდენტის გადადგომას?

არასამთავრობო ორგანიზაცია „ერთსულოვნება ადამიანის უფლებებისათვის“ ხელმოწერებს, პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით, 2012 წლის ოქტომბრიდან აგროვებს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი მიხეილ ანდღულაძე მიიჩნევს, რომ 2013 წლის 20 იანვარს, ანუ ფიცის დადების მეხუთე წლისთავზე, სააკაშვილს პრეზიდენტობის ვადა ეწურება:

„დღეს ერთი პიროვნება უშლის ხელს საქართველოს კეთილდღეობას. იგი ჩაბღაუჭებულია პრეზიდენტის სავარძელს და, მიუხედავად მისი ვადის გასვლისა, არ გვანებებს თავს. 4 იანვარს თბილისში ავლაბრის რეზიდენციასთან, რეგიონებში კი გამგეობების შენობებთან დღის 13.00 საათზე ხალხი დააფიქსირებს უდიდეს ერთსულოვნებას სააკაშვილის გადადგომის მოთხოვნით და თუ ხალხის შეძახილი გაუგებელი დარჩება, 20 იანვარს მთელი საქართველო ჩამოვა თბილისში და ერთხელ და სამუდამოდ წერტილს დაუსვამს სააკაშვილის ბოგინს“.

არასამთავრობო ორგანიზაციის მოთხოვნას უერთდება პოლიტიკური მოძრაობა „თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი, რომლის თქმითაც, სააკაშვილის თანამდებობიდან წასვლას საქართველოს კონსტიტუცია ითხოვს:

„არაფერს განსაკუთრებულს არ ვითხოვთ. 20 იანვარს მთავრდება ხუთი წელი სააკაშვილის მეორე პრეზიდენტობის ვადისა. დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ შევასრულოთ და დავიცვათ საქართველოს კონსტიტუცია. ხუთწლიანი ვადა დასრულდა და უნდა დასრულდეს პრეზიდენტობაც. თუ რაიმე გასასწორებელია, პარლამენტი იმისთვის არის, რომ შეიტანოს ცვლილება კონსტიტუციაში“.

 თემურ შაშიაშვილის თქმით, პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, კონსტიტუციის 76-ე მუხლის შესაბამისად, ანუ პრეზიდენტის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან საქართველოს პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობას შეასრულებს პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა, როგორც პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა თავის უკანასკნელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მმართველი პარტია არ აპირებს პრეზიდენტის უფლებმოსილების ვადამდე შეწყვეტის პროცედურების დაწყებას:

„მე პირადად პოლიტიკური ნიშნით ამას აღარ ვითხოვ, იგივე ვუთხარი ჩემს პოლიტიკურ გუნდს და მინდა ხალხიც გაგებით მოეკიდოს ამას, რათა ქვეყანას იმიჯი შევუნარჩუნოთ. ძალიან გაგვიჭირდება პრეზიდენტის იმპიჩმენტის ახსნა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის, იმდენად რთულია ვადების შემცირებისათვის იმპიჩმენტის გამოცხადება. არადა, მოახერხეს და კონსტიტუციაში შექმნეს კაზუსი. გაცილებით ადრე ეწერა, რომ პრეზიდენტის ვადა განისაზღვრება 5 წლით. ამავე ხალხმა შემდეგ ჩაწერა, რომ არჩევნები ჩატარდება მხოლოდ ოქტომბერს და ამის შედეგად გამოვიდა არა ხუთწლიანი ვადა, არამედ 5 წელი და 10 თვე“.

პრობლემის სირთულეზე საუბრობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე, რომელიც საკითხის ფორმალურ და დოქტრინულ შემადგენლებზე ამახვილებს ყურადღებას.

„ჩვენს კონსტიტუციაში არსებულ ჩანაწერში ფორმალური წინააღმდეგობა არ არის, რადგანაც ორივე არის კონსტიტუციური ნორმა. პირველი ის, რომ უფლებამოსილების ვადა არის 5 წელი და მეორე ის, რომ არჩევნები იმართება იმ წლის ოქტომბრის თვეში, რომელ წელსაც იწურება უფლებამოსილების ვადა. მაგრამ აქ არის დოქტრინული წინააღმდეგობა. დოქტრინული ნორმა არის ის, რომ უფლებამოსილების ვადა უფრო მეტი არ უნდა იყოს, ვიდრეს ეს კონსტიტუციითა და კანონით არის განსაზღვრული“, უთხრა ვახტანგ ხმალაძემ რადიო თავისუფლებას.

ვახტანგ ხმალაძის თქმით, დოქტრინული ხასიათის წინააღდმეგობის გასასწორებლად საჭიროა ცვლილების შეტანა კონსტიტუციაში, რათა რიგგარეშე არჩევნების შემთხვევაშიც პრეზიდენტის ან პარლამენტის უფლემოსილების ვადა არ აღმოჩნდეს კონსტიტუციით განსაზვრულზე მეტი. ვახტანგ ხმალაძე იმედოვნებს, რომ კონსტიტუციის ამ ხარვეზის გასწორებაში დაეხმარებიან საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომელთა თანადგომის გარეშე მმართველი პარტია ვერ მოაგროვებს საკონსტიტუციო ცვლილებისთვის საჭირო ხმების რაოდენობას, თუმცა, რადიო თავისუფლების მცდელობის მიუხედავად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი პოზიციის დაფიქსირება არ ისურვა.