ვახტანგ ძაბირაძე:

ვახტანგ ძაბირაძე: "ნაციონალურმა მოძრაობამ" ისნის გარდა, შესაძლოა, კანდიდატები ვაკეში, საბურთალოსა და მთაწმინდაზეც დააყენოს

საპარლამენტო არჩევნებში ისნის გარდა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“, შესაძლოა, კანდიდატები ვაკეში, საბურთალოსა და მთაწმინდაზეც დააყენოს. ამის შესახებ “2020NEWS”-ს პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა, ვახტანგ ძაბირაძემ განუცხადა.

„ გიორგი ვაშაძის ქმედებით „ნაციონალურ მოძრაობას“  მიეცა საშუალება იმის განცხადების,  რომ შეთანხმება დაირღვა. სწორედ ამიტომ, დააყენეს ისანში კანდიდატურა. „ნაციონალები“ ირწმუნებიან, რომ დანარჩენ ოლქებში იგივე არ გააკეთებენ, თუმცა გულწრფელად რომ გითხრათ,  მე ამაში დარწმუნებული არ ვარ. ეს პირველი ეტაპია, ამას გადალახავენ. საბურთალოზეც და შესაძლოა,  სხვაგანაც ძალები მოსინჯონ, რადგან ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებთა შორის საკმაოდ მძაფრი დაპირისპირება მიმდინარეობს - ამომრჩევლის გადაქაჩვის პროცესია. ამ შემთხვევაში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ევროპულმა საქართველომ“ რამდენიც უნდა ილაპარაკოს ერთობაზე,  უფრო მეტად კონკურენტები არიან (მათ ვაშაძეც მიემატათ), ვიდრე დავუშვათ თანამოაზრეები. სწორედ ამიტომ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საკუთარი კანდიდატურები წარადგინა. თუ ეს დაპირისპირება გამწვავდა, არ გამოვრიცხავ, რომ ნაციონალებმა საკუთარი კანდიდატურები სხვაგანაც დაასახელონ. შესაძლოა,  ეს არ მოხდეს ნაძალადევში და შალვა ნათელაშვილს არ დაუპირისპირდნენ, მაგრამ საბურთალოზე, მთაწმინდასა და შესაძლოა,  ვაკეში თავიანთი კანდიდატები დაასახელონ. ობიექტურად „ნაციონალურ მოძრაობას“ კანდიდატების დასახელება ხელს აძლევს, ვიდრე ის, რომ სხვა კანდიდატებს მხარი დაუჭირონ“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ის „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის გიგა ბოკერიას განცხადებასაც აფასებს, სადაც ის აღნიშნავს, რომ ისანში მაჟორიტარი კანდიდატურის დასახელების გამო, ამომრჩეველი „ნაციონალურ მოძრაობას“ დასჯის.  პოლიტიკის ექსპერტის თქმით, ეს მხოლოდ პოლიტიკური განცხადებაა და მის უკან სხვა რეალობა იმალება.

„გიგა ბოკერია პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა,  საკმაოდ ჭკვიანია იმისათვის,  რომ  ამ ნათქვამის თავად სჯეროდეს. მან კარგად იცის, რომ  „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს ამომრჩეველი, რომელიც ამ პოლიტიკურ ძალას ყველა შემთხვევაში მხარს დაუჭერს. ისანში ისეთი სიტუაცია შეიქმნა, რომ დარწმუნებული ვარ,  ვაშაძე უკეთეს შემთხვევაში,  მეოთხე ადგილს დაიკავებს. ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი,  ვინც უნდა ყოფილიყო,  ის ვაშაძეს მოუგებს, იმიტომ, რომ ის ელექტორატი, რომელიც ნაცებს უჭერდა მხარს და რომლის იმედიც ვაშაძეს ჰქონდა,  ახლა მხარს ხატია დეკანოიძეს დაუჭერს. ამას ვერ ხვდებოდეს ბოკერია,  გულუბრყვილობაა. მშვენივრად იცის ეს, მაგრამ სხვა რა უნდა განაცხადოს? ჩემი აზრით, ოპოზიციას ყველაზე რეიტინგული კანდიდატი ვაკეში ელენე ხოშტარიას სახით ჰყავს, მაგრამ თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ვაკეში საკუთარ კანდიდატს დაასახელებს (ვინც უნდა იყოს) ჩათვალეთ, რომ ხოშტარიას ძალიან დიდი პრობლემა შეექმნება“, - განაცხადა ძაბირაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადახვაობა მოყვა.  „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოში გაერთიანებულ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმება დაარღვია და გიორგი ვაშაძეს კონკურენტი კანდიდატი დაუყენა.

შეგახსენებთ,  რომ ისნის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ - კახი კახიშვილი, კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ - გიორგი ვაშაძე, „ლელო საქართველოდან“ - ლანა გალდავა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკვე ხატია დეკანოიძე იბრძოლებენ. საპარლამენტო არჩევნები მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.