გია ხუხაშვილი: ისნის ოლქის ირგვლივ ზედმეტი შარი-შურია, თუმცა მეორე ტური გარდაუვალია

გია ხუხაშვილი: ისნის ოლქის ირგვლივ ზედმეტი შარი-შურია, თუმცა მეორე ტური გარდაუვალია

საპარლამენტო არჩევნებში ისნის სამაჟორიტარო ოლქში ხელისუფლება და ოპოზიცია მეორე ტურისთვის უნდა მოემზადოს, თორემ ხატია დეკანოიძის კანდიდატურას დააყენებდნენ თუ არა,  ეს „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა სამზარეულო საკითხია. ამის შესახებ “2020NEWS” -ს პოლიტიკის საკითხებში ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ისნის ოლქში ზედმეტად დრამატულად ვითარდება მოვლენები,  თითქოს, არჩევნების ბედი სწორედ ამ ოლქში წყდება.

„ხატია დეკანოიძის კანდიდატურის დაყენება არის მათი შიდა სამზარეულს ამბავი. ნუ გახდიან ისე, თითქოს არჩევნების ბედი ისნის ოლქში წყდება. ასე არ არის, ეს კარგად უნდა გვესმოდეს. ჩემი აზრით, ამ ოლქის ირგვლივ ზედმეტი შარი-შურია და დრამატიზმით ვითარდება მოვლენები. ვფიქრობ, რომ ყველა შემთხვევაში, ისნის ოლქში, მეორე ტური გარდაუვალია. ხელისუფლების კანდიდატის გარდა, იქ არის საკმაოდ ძლიერი კანდიდატი დავით ჭიჭინაძის სახით, აქედან გამომდინარე, ზედმეტი ხმაურია. ჯობია,  ოპოზიციამ იმაზე კი არ ილაპარაკოს,  ვის რამდენი კანდიდატი ეყოლება პირველ ტურში, არამედ იმაზე,  თუ როგორ მოახდინონ კოორდინაცია, რომ მეორე ტურში გასულ ოპოზიციურ კანდიდატს კონსოლიდირებულად მხარი დაუჭირონ. ეს იქნება სწორი მიდგომა, თორემ დეკანოიძე დადგებოდა თუ არა კანდიდატად, ან დააყენებდა თუ არა ვინმე ისნის ოლქში,  ამისთვის არც არავის ცხელა და არც არავის ცივა. ისანში მეორე ტური გარდაუვალია. ვნახოთ, ვაშაძე გავა მეორე ადგილზე, ჭიჭინაძე თუ დეკანოიძე. ოპოზიციამ მხარი ამათ უნდა. ეს იქნება სწორი და ადექვატური,  საღი აზრით,  მიღებული გადაწყვეტილება. ძალიან ტრაგიკომიკულად გამოიყურება ოპოზიციის ერთმანეთში კინკლაობა,  ნაცვლად იმისა, რომ ძალები მთავარ პრობლემისკენ - ხელისუფლებისკენ მიმართონ“, - განაცხადა ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ საპარლამენტო არჩევნებში ისნის მაჟორიტარობის კანდიდატად ხატია დეკანოიძე დაასახელა. აღნიშნულ გადაწყვეტილებას აზრთა სხვადახვაობა მოყვა. „ლეიბორისტული პარტიის“ ეზოში გაერთიანებულ ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ამით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმება დაარღვია და გიორგი ვაშაძეს კონკურენტი კანდიდატი დაუყენა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ისნის მაჟორიტარობისთვის „ქართული ოცნებიდან“ - კახი კახიშვილი, კოალიცია „სტრატეგია აღმაშენებლიდან“ - გიორგი ვაშაძე, „ლელო საქართველოდან“ - ლანა გალდავა და „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკვე ხატია დეკანოიძე იბრძოლებენ. საპარლამენტო არჩევნები კი, მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გაიმართება.