მერიამ ომის ვეტერანებზე ხელი აიღო

მერიამ ომის ვეტერანებზე ხელი აიღო

ომის ვეტერანების ჯანმრთელობაზე მერია აღარ იზრუნებს.  მერიის ბიუჯეტში ვერ გამოინახა თანხა ამ ადამიანების, თუნდაც გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დასაფინანსებლად. მას შემდეგ, რა მერიამ კომუნალური გადასახადები გაზარდა, ტრანსპორტი და პარკირება გააძვირა, დაინვალიდებული ადამიანები ყველაზე მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებას ეს ხალხი პიარის გასაკეთებლად მხოლოდ 9 მაისს ახსენდება. ამ დროსაც ვეტერანები, მინიმალურ ერთჯერად დახმარებებს იღებენ და ზოგ რაიონში მათ რესტორანში ეპატიჟებიან.

 

„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერ ირაკლი ალასანიას მტკიცებით, ხელისუფლებამ ვეტერანებზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი ადასტურებს, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლიდან აღარ დაფინანსდება ვეტერანთა ერთადერთი ჰოსპიტალი, რომელიც ყოველწლიურად 5-7 ათას ვეტერანს ემსახურება.

 

„ამისთვის ხელისუფლებამ ვერ გამონახა 800 ათასი ლარი.  არსებობს მთავრობის წარმომადგენელთა ზეპირი დაპირება, რომ ვეტერანებს თავდაცვის სამინისტრო მოემსახურება, თუმცა ეს არ არის ასახული სამინისტროს ხარჯებში შესაბამისი მუხლით. სამწუხაროდ, ხელისუფლებამ 77 ათასამდე, მათ შორის, თბილისში მცხოვრებ 22 ათასამდე ვეტერანის ჯანმრთელობის დაცვაზე უარი თქვა“, - განმარტა ალასანიამ.

 

მისი ითქმით, ცინიკურია ისიც, რომ სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში მარჩენალდაკარგულებს დაეხმარება, რომლებმაც დაკარგეს 2 ან მეტი შვილი, მაგრამ თეთრს არ გაიღებს ერთი შვილდაკარგული დედის დასახმარებლად. ხელისუფლებამ არ აღადგინა ადრე გაუაზრებლად გაუქმებული სამედიცინო და სოციალური დახმარების ისეთი მიკროპროგრამები, როგორიცაა: გადაუდებელი და გეგმიური ოპერაციები, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებები, ბალნეოთერაპიული მკურნალობა. ხელისუფლებამ თავის თავზე ვერ აიღო ვეტერანების კიდურების პროტეზებით, ეტლით, სმენის აპარატებით, ყავარჯნებით უზრუნველყოფა.

 

„თავისუფალი დემოკრატები“ ხელისუფლებისაგან ვეტერანებისათვის ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების განხორციელებას ითხოვენ. პარტიის წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მათ საკრებულოს მიმართ 9 მოთხოვნა გააჩნიათ.  კერძოდ, მერიამ შეიმუშავოს მუნიციპალური პროგრამა სპეციალური საწარმოს შექმნის მიზნით, სადაც ვეტერანთა სამედიცინო-ტექნიკური ინვენტარი დამზადდება - ეტლი, ყავარჯენი, პროტეზი, ხელჯოხი, გადასააადგილებელი სკამი. ასევე, შემუშავდეს მექანიზმი, დამტკიცებული ბიუჯეტის ფარგლებში, კადრების მომზადებისა და გადამზადების პროგრამებში ვეტერანთა ჩართვის მიზნით.

 

კიდევ ერთი, „თავისუფალი დემოკრატები“ მოთხოვენ, რომ მერიის არქიტექტურულმა სამსახურმა შეიმუშაოს სათანადო აქტები, რომლის მიხედვითაც ახალმშენებლობებში ვეტერანებისთვის სპეციალური მისასვლელები გაკეთდება.

 

ზურაბ აბაშიძის განცხადებით, მერიამ, თუნდაც ნაწილობრივ უნდა შეასრულოს ვეტერანებისათვის მიცემული წინასაარჩევნო დაპირება პარკირების ფასების შენარჩუნების შესახებ და მათზე გაავრცელოს 50%-იანი შეღავათები. ასევე, I და II ჯგუფის ინვალიდი ვეტერანებისათვის შეიმუშაოს რეფერალური და ურგენტული მკურნალობის სისტემა.

 

ასევე, გამოინახოს შესაძლებლობები ვაზიანსა და ისანში კომპაქტურად ჩასახლებული ვეტერანების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისათვის. ამ მიზნით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში, მერიის ფონდიდან ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული მებრძოლების ოჯახებისთვის გამოიყოს თანხები ერთჯერადი მატერიალური დახმარებისთვის და ასევე შემუშავდეს და რეალურად ამოქმედდეს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახის წევრთა უმაღლეს სასწავლებლებში სწავლების საფასურის მუნიციპალური თანაგადახდის მექანიზმი.

 

როგორც ზურაბ აბაშიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ მომავალი წლის ქალაქის ბიუჯეტი დამტკიცებულია, არსებობს გარკვეული სახსრები, რითაც შესაძლებელია მათი მოთხოვნების გათვალისწინება, თუ დედაქალაქის ხელისუფლებას ამის სურვილი ექნება.

 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ირაკლი ნადირაძის განცხადებით, ოპოზიციის ყველა მოთხოვნა, რომელიც საკრებულოს შესაბამისი ფორმით მიეწოდა, შესაძლებლობისდაგვარად იქნება გათვალისწინებული. თუმცა, ნადირაძეს არ დაუკონკრეტებია, რა შესაძლებლობა აქვს მერიას და კონკრეტულად რა შეღავათების დაწესება შეიძლება ვეტერანებისთვის.

 

გარდა ამისა, საპარლამენტო უმცირესობის ნაწილი ომის ვეტერანების 140-ლარიანი სადაზღვევო პაკეტით უზრუნველყოფას მოითხოვს. „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის განცხადებით, ომის მონაწილე ქართველი ვეტერანები მსოფლიოში ყველაზე დაუცველი არიან, რაც მათთვის შეღავათების გაუქმებითაა გამოწვეული. ახვლედიანის თქმით, ვეტერანებს ჯანდაცვის დაზღვევის გარდა, კომუნალურ მომსახურეობასა და ტრანსპორტით სარგებლობაზე შეღავათები კვლავ უნდა აღუდგეთ.

 

ასე რომ, ადამიანები, რომლებმიც საკუთარი ოჯახებისა და სხვების კეთილდღეობისთვის დაინვალიდნენ, ხელისუფლებისგან იგნორირებულები და მიტოვებულები აღმოჩნდნენ. პოლიტიკოსების განცხადებით, ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში ხდება.