ვლადიმერ პუტინი: თუ ბელარუსში ექსტრემისტური ელემენტები ზღვარს გადალახავენ, რუსი ძალოვნები ბელარუსს დახმარებას გაუწევენ

ვლადიმერ პუტინი: თუ ბელარუსში ექსტრემისტური ელემენტები ზღვარს გადალახავენ, რუსი ძალოვნები ბელარუსს დახმარებას გაუწევენ

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ბელარუსში ექსტრემისტული ელემენტები ზღვარს გადალახავენ, რუსი ძალოვნები ბელარუსს დახმარებას გაუწევენ.

ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ რუსეთმა უკვე შექმნა ბელარუსისთვის ძალოვნების რეზერვი, თუმცა ამ ეტაპზე მისი ამოქმედება არ მოხდება.

„რუსეთი იქედან გამომდინარეობს, რომ ბელარუსში ყველა პრობლემა მშვიდობიანი გზით გადაწყდება. რუსი ძალოვნების გამოყენების აუცილებლობა ჯერ არ არის და ვიმედოვნებ, რომ არც იქნება. ალექსანდრე ლუკაშენკომ სამართალდამცველების გარკვეული რეზერვის ფორმირება მთხოვა. მე ეს გავაკეთე“, - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც, ლუკაშენკომ ხმათა 80 პროცენტი მიიღო. დემონსტრაცია სამართალდამცველებმა ძალის გამოყენებით დაშალეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა.

17 აგვისტოს ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყანაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება კატეგორიულად გამორიცხა და განაცხადა: „ვიდრე არ მომკლავთ, სხვა არჩევნები არ გაიმართება“.

მან ასევე აღნიშნა, რომ განმეორებითი არჩევნების ჩატარება მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ ქვეყნის კონსტიტუცია შეიცვლება.