თელავის მუნიციპალიტეტის ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფელ ყარაჯალაში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი „ნაციონალურ მოძრაობას“ ზეწოლასა და მუქარაში ადანაშაულებს. 70 წლის აღაჯალა ოღუჯოვის მტკიცებით, იმის გამო, რომ მმართველი პარტიის მხარდამჭერია და მათ სასარგებლოდ სოფელში აგიტაციას ეწევა, გვიან ღამით უცნობი პირები სოფლის ცენტრში დახვდნენ და პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტისკენ მოუწოდეს.
ოღუჯოვი „ნაციონალური მოძრაობის“ ახმეტა-თელავი-ყვარელი-ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს, გიორგი ბოტკოველს ახსენებს და ფიქრობს, რომ მისი დაშინება სწორედ ბოტკოველის და მისი გარემოცვის ინტერესებში შედის.
„მეჩეთიდან სახლში ვბრუნდებოდი, როდესაც ჩემთვის უცნობმა პირებმა მანქანა გააჩერეს. სამი ადამიანი იჯდა ავტომობილში, ბნელოდა , ამიტომ სახეები ვერ გავარჩიე. მითხრეს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა და ამ პარტიის აგიტაცია უნდა შემეწყვიტა. „დადექ შენ ადგილზე“ ზუსტად ასე მითხრეს. დამემუქრნენ, რომ მალე ისინი მოვიდოდნენ ხელისუფლებაში და სოფელში დარჩენის სურვილი აღარ მექნებოდა. მე არაფრის მეშინია, რადგან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ამ სოფელში მხოლოდ უკანონოდ მიწების გასხვისება შეძლო, მათ შორის სოფლის საძოვრები. ახლა ყველა მშვიდად ვართ და არც მათი მეშინია“, - ამბობს აღაჯალა ოღუჯოვი.
აღაჯალა ოღუჯოვი განმარტებით, სოფელში პატივს სცემენ და აქვს ავტორიტეტი, ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები მისი მისამართით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც მან გიორგი ბოტკოველი ამომრჩეველთა მოსყიდვაში ღიად დაადანაშაულა.
„მე რაც ხმამაღლა დავიწყე საუბარი რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სოფელ ყარაჯალაში თანხას არიგებდნენ და ხმებს ამ ფორმით ყიდულობდნენ. მას შემდეგ დაიწყო ჩემ მიმართ მსგავსი მუქარები. მაინც ვერაფერს გახდებიან“, - ამბობს ოღუჯოვი.
„ეს ჯგუფი მთელი 9 წლის განმავლობაში რა ზეწოლას, მუქარასა და შანტაჟს ახორციელებდა, ამ სტილს მაინც არ მოეშვნენ. ესენი არიან მგლები ბატკნის ქურქში“, - ამ სიტყვებით გამოეხმაურა მომხდარს თელავის საკრებულოს წევრი და სოფელ ყარაჯალაში „ქართული ოცნების“ დეპუტატი. ზურაბ მუსაევი სამართლებრივ რეაგირებას არ გამორიცხავს და ოპოზიციას მოუწოდებს შეწყვიტოს მსგავსი მუქარებისა და დაშინების პოლიტიკა.
„70 წლის კაცს სამ ადამიანს რომ მიუგზავნი, ხან ტონს აუწევ, ხან მშვიდად ელაპარაკები, რაღაც ხრიკებით რომ გინდა ადამიანზე განახორციელო ზეწოლა , კითხვას ვსვამ - რამე რომ მოსვლოდა ამ ადამიანს ნერვიულობით ვინ აგებდა ამაზე პასუხს? ოპოზიციას მოვუწოდებ ამგვარი ქმედებების შეწყვეტისკენ, ეს კანონით დასჯადია. თუ ამ ყველაფერს არ მოეშვებიან, მე დიდი იმედი მაქვს, ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასება მიეცემა“, - ამბობს ზურაბ მუსაევი.
აღაჯალა ოღუჯოვი თქმით, თუ მუქარა ისევ გაგრძელდება, პოლიციას სამართლებრივი რეაგირებისთვის მიმართავს.