"არსებობს ორი სქემა, რითაც მერაბიშვილის უწყება ძვირადღირებულ მანქანებს იგდებდა ხელში. პირველი მეთოდი იყო ასეთი: თითქმის ყველა ბიზნესმენს ავალდებულებდნენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ძვირადღირებული ავტომანქანები შეეძინა ან გადაეცა. ბიზნესმენი ბოჭორიშვილი ამჟამადაც დევნილობაში იმყოფება. მას სოსო თოფურიძის საშუალებით უთვლიდნენ , რომ ეყიდა რამდენიმე 2010-11 წლის ძვირადღირებული მოდელის ავტომობილი და კუდ-ისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა განყოფილებების მაღალჩინოსნებისთვის ეჩუქებინა. ამაზე მან უარი განაცხადა, რასაც მოჰყვა ის, რომ მის წინააღმდეგ რამდენიმე საქმის "შეკერვა" ერთდროულად დაიწყეს. ასევე საინტერესოა კომპანია "ბურჯისთვის" ჩამორთმეული ავტომანქანების ისტორიაც. ეს მანქანები ვითომ აუქციონის წესით იყიდა ორი დღის შექმნილმა კომპანიამ და გაასხვისა ვიღაც მფლობელზე. ამ მფლობელმა, თავის მხრივ, ტენდერით, ავტომობილების დიდი ნაწილი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიჰყიდა", - აცხადებს მოძრაობა "არას" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩიტაძე გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "არსებობს ორი სქემა, რითაც მერაბიშვილის უწყება ძვირადღირებულ მანქანებს იგდებდა ხელში".
"მეორე სქემა, რომლითაც ძვირადღირებულ ავტომობილებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იგდებდა ხელში, ტენდერის გაყალბება იყო. მოკლედ, შინაგან საქმეთა სამინისტრო ავტომობილების შესყიდვისთვის აცხადებდა ტენდერს. ტენდერში იმარჯვებდა კომპანია, რომელიც ისევ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს ჰქონდათ შექმნილი და ფულის "მოჭრაზე" უკვე ის "ჩალიჩობდა". ავტომობილის ფასად, რომელიც უცხოეთიდან შემოჰქონდათ და რეალურად ღირდა, ვთქვათ, 120-130 ათასი დოლარი, 20-30 პროცენტით ნაკლებ თანხად აფორმებდა. საქმეში არ იდებოდა ანგარიშ-ფაქტურა, სადაც ავტომობილის რეალური თანხა იყო დაფიქსირებული და ამ კომპანიის დაწერილი ღირებულება უნდა დაგეჯერებინა. ამ ფორმით ათეთრებდნენ დიდძალ ფულს ავტომობილებით", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ჩიტაძე.
"ძვირადღირებულ ავტომობილებს "საჩუქრად" აძლევდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ თანამშრომლებს, რომელთაც სერიოზულ უკანონობებს ავალებდნენ, ამით ხდებოდა მათი მოსყიდვა. როცა ამ მანქანებზე მათ რაიმე უფუჭდებოდათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფასოდ უკეთებდა ავტომანქანებს და საწვავსაც უფასოდ აძლევდა. არადა, ეს ძვირადღირებული ავტომანქანები საკმაოდ დიდი ოდენობის საწვავს წვავს. წარმოიდგინეთ, რამდენი საწვავია მარტო ამ კუთხით მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში არამიზნობრივად გაცემული. ალბათ, ყველას ახსოვს, 2010-11 წლის დასაწყისში სააკაშვილი გამოვიდა და თქვა, ყველა ძვირადღირებულ ავტომობილს ვყიდით, რომელიც ბევრ საწვავს მოიხმარს. ეს განცხადება სააკაშვილმა, როგორც ყოველთვის, პოლიტიკური ქულების დასაწერად გააკეთა. სინამდვილეში ძველი მოდელის მანქანები გაყიდეს და ახლებით შეავსეს ავტოპარკი", - განაგრძობს რესპონდენტი.
"მერაბიშვილის მინისტრობის პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროში მომუშავე მაღალჩინოსნების კიდევ ერთი ბრალდება, პოლიციის შენობების კორუფციული სქემით მშენებლობა იქნება. პოლიციის შენობების მშენებლობისას მოქმედებდა ძალიან მარტივი და ამასთანავე, უსაფრთხო სქემა, რომლითაც თეთრდებოდა ასტრონომიული თანხები. ამ შენობების სამშენებლო მასალის ყველაზე დიდი ნაწილი, შუშა თურქეთიდან შემოდიოდა. იქ მათ შექმნილი ჰქონდათ შუშის შემსყიდველი კომპანია, რომელთანაც ქართული მხარე ოფიციალურ ხელშეკრულებას აფორმებდა. მაქინაციის ფორმა კი ასეთი იყო: როცა რაღაც ოდენობის შუშა სჭირდებოდათ, მას ამ კომპანიას ავალებდნენ. ის ყიდულობდა ასევე თურქეთში არსებული მწარმოებლისგან 50 პროცენტით იაფად, ვიდრე ჩვენს ოფიციალურ მხარეს აძლევდა. ასეც ჭრიდნენ შს სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები მილიონებს", - დასძენს ლევან ჩიტაძე.