რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრი განცხადებას ავრცელებს და სასულიერო პირის, იოანე ჯალაღონიას შესახებ არსებულ ინფორმაციას ეხმაურება.
მეუფე იობის ეპარქიაში განმარტავენ, რომ ჯალაღონია არასდროს ყოფილა მღვდელმსახური და ის ეპარქიამ უმაღლესი საეკლესიო კანონით დასაჯა.
რაც შეეხება მის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებას, არასრულწლოვნის შანტაჟისა და მოტყუებით, შიშველი ფოტოების ფოტოების გადაგზავნის შესახებ, რუის-ურბნისის ეპარქიაში ამბობენ, რომ ეს უკვე საერო ხელისუფლების პასუხისმგებლობის ნაწილია.
გვინდა ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ მონაზონი იოანე ნამდვილად ირიცხებოდა რუის-ურბნისის ეპარქიის სამონაზვნო დასში, როგორც აღკვეცილი მონაზონი, მისდამი იყო გამოხატული მზრუნველობა და კეთილგანწყობა.
საეკლესიო კანონმდებლობით მღვდელმთავარზე მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე, მონაზონ იოანეს არაერთგზის მიეცა მკაცრი გაფრთხილება, საეკლესიო კანონების უხეში დარღვევისთვის, მღვდელმთავართან შეუთანხმებლად მონასტრის თვითნებური დატოვებისა და ეპარქიაში შფოთის შემოტანისთვის, ამ და სხვა საეკლესიო წესდებათა დარღვევისთვის ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრების მე-4 კანონისა და ამავე კრების მე-8 კანონის საფუძველზე განკანონდა და აეკრძალა წმიდა ზიარების მიღება, რაც არის მონაზვნისთვის უმაღლესი სასჯელის ფორმა.
მას შემდეგ, რაც მან თვითნებურად დატოვა ეპარქია, შევიტყვეთ რომ იგი აბრკოლებს მორწმუნე ერს, ეწევა უკანონო და უმადლო მღვდელმოქმედებას, რისი უფლებამოსილებაც მას არ გააჩნია, ვინაიდან იგი არასდროს ყოფილა მღვდლად ხელდასხმული!
შეგახსენებთ, რომ საეკლესიო კანონმდებლობით, ადგილობრივმა მღვდელმთავრმა გამოიყენა მონაზვნისთვის საეკლესიო სასჯელის უმკაცრესი ფორმა. რაც შეეხება ბრალდებებსა და ბუნდოვანებებს, რომლებიც მონაზონ იოანეს ირგვლივ გაჟღერდა, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება სამოქალაქო და სახელმწიფო კანონის დამცველ შესაბამის უწყებებს, რამეთუ მონაზვნის წინააღმდეგ საეკლესიო სასჯელთა უკიდურესი კანონიკური ფორმები მყისიერად იქნა მიღებული.
რაც შეეხება ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ დოკუმენტს, რომელშიც საუბარია მონაზონ იოანეს დიდსა და ანგელოზებრივ სქემაში აღკვეცასთან დაკავშირებით, ვადასტურებთ, რომ ეპარქიის სამდივნოს ხსენებული დოკუმენტი არასოდეს გაუცია და ვიზუალური ფორმით არც შეესაბამება ეპარქიის ტიტულიან ფურცელს და არც პროტოკოლის ნომერი აქვს მინიჭებული.
რუის-ურბნისის ეპარქია და ეპარქიაში არსებული საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, იღებს სულიერ პასუხისმგებლობას იმ პირთა წინაშე, რომელთა სულიერ დაბრკოლებას შეეცადა მონაზონი იოანე და გამოვთქვამთ კეთილ მზაობას, ამგვარი ადამიანების არსებობის შემთხვევაში, მათი სულიერი დაპურებისა და დახმარების თაობაზე“, – ნათქვამია რუის-ურბნისის ეპარქიის განცხადებაში.