ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და რაც შეიძლება მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითად ჩვენი არჩევნები, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება თავისუფალ, დემოკრატიულ არჩევნებს ჩაატარებს.
„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს და მეტმა დამკვირვებელმა შეაფასოს დადებითად ჩვენი არჩევნები და დაინახოს, რომ საქართველო ნამდვილად აძლიერებს თავის დემოკრატიას და ატარებს დემოკრატიულ არჩევნებს, არსებითად პროპორციული სისტემით. ამისთვის ჩვენ ორი თვის წინ შევქმენით სამუშაო ჯგუფი, კანონმდებლობაში შევიტანეთ ცვლილებები, რომლის მიხედვითაც პანდემიის პირობებში განვსაზღვრეთ უსაფრთხოების ძირითადი პრინციპები, გადავანაწილეთ პასუხისმგებლობები. შესაბამისად, არსებობს სრული მზადყოფნა, რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებლის ჩამოსაყვანად ქვეყანაში. ჩვენ ამისთვის უკვე უზრუნველყოფილი გვაქვს უსაფრთხოების სპეციალური პროგრამა და პირობები. საკოორდინაციო საბჭო, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, ხელისუფლება მზადაა, დავნიშნოთ ჩარტერული რეისებიც კი, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი საერთაშორისო დამკვირვებელი ჩამოვიყვანოთ. ეს ყველაფერი ორი თვის წინ დავგეგმეთ, მივიღეთ გადაწყვეტილებები და ამ კუთხით სრული მზადყოფნაა. როგორც კი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიები და ორგანიზაციები გააკეთებენ განაცხადს და მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ დამატებითი წარმომადგენლები ჩამოიყვანონ, მოგეხსენებათ, წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება უკვე დაწყებულია, მაშინვე ხელისუფლება ამას სათანადო ნაბიჯებით უპასუხებს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.