„ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმების გატარების შემდეგ, ჩვენ ვდგამთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად. „ქართული ოცნება” გამოდის ინიციატივით, საარჩევნო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის თანახმადაც მკაცრი სანქციები განისაზღვრება ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე;
საარჩევნო კოდექსშივე მიეთითება, რომ მსგავსი ქმედების ჩადენის შემთხვევაში, პირს დაეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა; ანალოგიური ცვლილება შევა სისხლის სამართლის კოდექსშიც. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის მიზნით, ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, ჩადენილი სხვადასხვა ფორმით, გამოიწვევს ჯარიმას ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით სამ წლამდე. შესაბამისი ცვლილებები მომზადებულია და დღეს დარეგისტრირდება საქართველოს პარლამენტში.
ამ ცვლილებებით როგორც ხედავთ კიდევ უფრო მკაცრდება პასუხისმგებლობა საარჩევნო პროცესში შესაძლო სამართალდამრღვევთა მიმართ და იზრდება ამომრჩევლის, მისი თავისუფალი არჩევანის და ამ არჩევანის ფარულობის დაცვის ხარისხი.
ჩვენი მიზანია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტით. ჩვენ პატივს ვცემთ და ვენდობით ჩვენი საზოგადოების თავისუფალ არჩევანს, გვჯერა ჩვენი მხარდამჭერების და გვჯერა, რომ „ქართული ოცნება” სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება.
ასეთი აკრძალვა სავსებით სამართლიანია, მაგრამ საინტერესოა რატომ აქვს უმაღლესი სასწავლებლის ლექტორს, სამსახურებრივი ფუნქციის შესრულებისას, ანუ სააუდიტორიო პროცესში, საარჩევნო აგიტაციის უფლება შენარჩუნებული. ლექტორი რომელიც ამ უფლებით სარგებლობს საერთოდ არ არის შესაშვები აუდიტორიაში. პროფესორი, ლექციაზე თუ საარჩევნო აგიტაციას ეწვა, აბა სალექციო თემას როდის განიხილავს?
პოლიტიკოსების დიდი ნაწილი სწორედ სალექტორო საქმიანობას ეწევა და წარმოიდგინეთ რა ლექციები ექნებათ. თუ ვიმე ფიქრობს არ იკადრებენო, მართლა ნეტარ ყოფილან მორწმუნენი.
ნამდვილად საინტერესოა ამ უფლების სასარგებლოდ რა არგუმენტები არსებობს.