ხელისუფლებას გირავნობის პროცესის გამარტივება სურს, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ამ „გამარტივების“ შემდეგ დამგირავებული მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს კი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, თავად უმრავლესობის წარმომადგენლებისთვისაც კი გაუგებარია.
გირავნობის პროცესის გამარტივებასთან დაკავშირებით ცვლილება „სამოქალაქო კოდექსში“ შედის. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან. ავტორი კი იუსტიციის სამინისტროა.
რაც შეეხება თავად ცვლილებას, დღეს მოქმედი ნორმით, გირავნობის თაობაზე გარიგებაში აუცილებლად უნდა აღინიშნოს, მისი შედგენის თარიღი, მონაცემები მოგირავნის, დამგირავებლის, შესაძლო მოვალე მესამე პირის შესახებ; გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერა, ისე, რომ შესაძლებელი იყოს მისი განსაზღვრა; უზრუნველყოფილი ძირითადი მოთხოვნის ზოგადი ან კონკრეტული აღწერა და მაქსიმალური თანხა, რომლის ფარგლებშიც უნდა დაკმაყოფილდეს უზრუნველყოფილი მოთხოვნა.
კანონპროექტით ცვლილება შედის, ერთის მხრივ, გირავნობის საგნის ზოგადი ან სპეციფიკური ნიშნებით აღწერის ნაწილში და საგნის მხოლოდ ზოგადი აღწერის ვალდებულება რჩება. მეორეს მხრივ კი თავად გირავნობის ნაყოფზე.
აღსანიშნავია, რომ ორივე ცვლილება საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს, მაგრამ ინიციატორებმა ცვლილებების შინაარსიც კი არ იციან და ვერანაირ განმარტებებს ვერ აკეთებენ. ყოველ შემთხვევაში, ზვიად კუკავამ და კახა ანჯაფარიძემ კომენტარზე უარი იმ არგუმენტით თქვეს, რომ მათ შინაარსი არ იცოდნენ.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილები გირავნობის პროცესის გამარტივებით არის ახსნილი. თუმცა, ეს განმარტება თავად უმრავლესობის წარმომადგენლებისთვისაც კი არ არის დამაჯერებელი. როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი აცხადებს, მას მთავრობის ლოგიკის არ ესმის და მეტ ინფორმაციას ითხოვს.
როგორც კუბლაშვილი განმარტავს, ზოგადი აღწერა არ არის საკმარისი დაგირავებულ ნივთზე წარმოდგენის შესაქმნელად. მისი თქმით, თუკი მოხდება სურათის დაგირავება, რომელიც არის ჩარჩოში ჩასმული, დღეს მოქმედი კანონმდებლობით, უნდა მოხდეს ამ სურათის მაქსიმალურად ზუსტი აღწერა თუ ვისი დახატულია, რა არის გამოსახული, როგორ ჩარჩოშია და თუ გააჩნია დამატებითი დეტალები.
ცვლილებების შემდეგ კი მხოლოდ ის ჩაიწერება, რომ დაგირავებულია სურათი ჩარჩოთი, რაც მისი თქმით საკმარისი არ არის და მთავრობისგან დამატებითი არგუმენტების წარდგენას ითხოვს.
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი კიმიიჩნევს, რომ იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება მოსახლეობაზე უარყოფითად იმოქმედებს და „მხოლოდ ცალკეული ადამიანების ჯიბეების გასქელებას ემსახურება“.
„კიდევ კარგი, რომ თავად კუბლაშვილი დაეჭვდა, ამის მიღება რატომ უნდათ. არ ვიცი, თავისი სულიერი ლიდერების გადაწყვეტილებაში ეჭვი რატომ შეაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინიციატივა საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. ადამიანი ნივთს აგირავებს იმიტომ, რომ მას ფული სჭირდება და, შესაძლოა, მან ეს ნივთი ვეღარც კი დაიბრუნოს. ამიტომ გირავნობისას მაქსიმალურად უნდა იყოს მფლობელი დაცული, რომ სათანადო თანხა მაინც აიღოს.
გაითვალისწინეთ, რომ ნივთის დაგირავებისას მის საბაზრო ფასს მაინც არავინ იძლევა. თუკი არ მოხდება ნივთის დეტალური აღწერა, მისი ფასიც დაიკლებს. იგივე კუბლაშვილის მიერ მოტანილი მაგალითი რომ მოვიშველიოთ, სხვა არის თუ ვიტყვით, რომ გირავდება სურათი ჩარჩოთი და სხვა - სურათი ოქროს ჩარჩოთი, ანტიკვარული, ამა და ამ წელს დახატული, ამა და ამ ავტორის მიერ“, - აცხადებს ცაგარეიშვილი.
სწორედ ამიტომ იგი საკითხის სესიაზე განხილვას ელოდება, რათა მოისმინოს ხელისუფლების არგუმენტები. თუმცა, იმასაც აცხადებს, რომ „ხელისუფლებას სათქმელი არაფერი ექნება და ვნახოთ, უმრავლესობის ეს წევრები ამ ცვლილების მიღებას შეუშლიან თუ არა ხელს“.