ლევან ბერძენიშვილი:

ლევან ბერძენიშვილი:"ოცნებას ვერავის დავუშლით, ჰოდა, იოცნებოს სააკაშვილმა"

"რაც შეეხება სააკაშვილის ინიციატივას, ეს საკითხი ჯერ არ განგვიხილავს, სავარაუდოდ, ამაზე პრემიერს და მთავრობას პასუხი ექნებათ, მაგრამ მე ამას შევაფასებდი ერთი ანდაზით - "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდა". სააკაშვილის ეს ხუთი წინადადება არის ხუთი ტყუილი. ლაპარაკობს პოლიტიკურ დევნასა და მედიაზე ზეწოლის შეწყვეტაზე, მისი ხელისუფლების მიღწევების დაკნინებაზე და გვაბრალებს ათას აბდაუბდას. მე აქედან ასეთი აზრი გამოვიტანე - სააკაშვილი გვეუბნება, კი დავმარცხდი, ვაღიარებ ამ მარცხს, მაგრამ ძალაუფლება მაინც მე უნდა დამრჩესო... ასე არ გამოვა, ამიტომაც ამ ინიციატივაზე ლაპარაკი მაინცდამაინც საინტერესო არ მგონია. სააკაშვილის ინიციატივა უფრო პოლიტიკურ აგონიაში მყოფი ადამიანის გადაწყვეტილებას ჰგავს. არა მგონია, აქ ვინმემ კონსტრუქციულობა დაინახოს", - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი გაზეთ "ყველა სიახლისთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "პრეზიდენტის ინიციატივა უფრო პოლიტიკურ აგონიაში მყოფის გადაწყვეტილებას ჰგავს" / "ოცნებას ვერავის დავუშლით, ჰოდა, იოცნებოს სააკაშვილმა".

"ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თავი დავაღწიეთ პოსტსაბჭოთა ეპოქას. საბჭოთა კავშირი კარგა ხნის წინ დაინგრა, მაგრამ საქართველო პოსტსაბჭოთა პერიოდში იმყოფებოდა მას შემდეგ, რაც "ვარდების რევოლუციით" მოვიდა სააკაშვილი. დღეს კი, მისი დამარცხების შემდეგ, პოსტსაბჭოთა ეპოქა საქართველოში დასრულდა, თანაც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენ ის დავამარცხეთ კლასიკურად, არჩევნებით. ისე, თუ დააკვირდებით, სააკაშვილს დღემდე არ სჯერა, რომ დამარცხდა. ხომ ხედავთ, რა დღეშია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი დასავლელი მეგობრები ბევრს ელაპარაკნენ, აუხსნეს, რომ თუ წააგებ, უნდა წახვიდეო. უხსნიდნენ, რომ ასეთ შემთხვევაში კარგ კაცად და პოლიტიკოსად დარჩებოდა და დაიწყებოდა თანაცხოვრება. პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილმა კოაბიტაცია ასე წარმოიდგინა: ძველი ხელისუფლების დანაშაულები არ იქნებოდა გამოძიებული და პასუხს არავინ აგებდა. მისი ეს ბოლო ინიციატივაც ამის მაჩვენებელია. ასევე, როგორც ჩანს, ის ფიქრობდა, რომ კოაბიტაციის პირობებში ყველა მითვისებულ უფლებასა და პრივილეგიას შეინარჩუნებდა. მაგრამ, გაირკვა, რომ ასე არ არის, კოაბიტაცია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ თუ ზურაბ ადეიშვილმა ბევრი დააშავა, შერჩება. მოკლედ, ჩვენ უსამართლობასა და დანაშაულზე თვალის დახუჭვას არ ვაპირებთ და ეს არ მოსწონს სააკაშვილს. ჩვენ კი გვქვია "ქართული ოცნება", მაგრამ ოცნებას ვერავის დავუშლით, ჰოდა, იოცნებოს სააკაშვილმა!" - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ლევან ბერძენიშვილი.



"სააკაშვილმა გვითხრა, 180 პოლიტპატიმარი ბევრია, როგორ შეიძლება ჩვენთან ამდენი იყოს, როდესაც ჩრდილოეთ კორეას თერთმეტი პოლიტპატიმარი ჰყავსო?! სააკაშვილის გასაგონად ვიტყვი, ეს არის უწიგნური ადამიანის ნათქვამი. კორეაში ათასობით პოლიტიკური პატიმარია, უბრალოდ, დახურული ქვეყანაა და მხოლოდ თერთმეტი კაცის გვარი გაიგო მთელმა მსოფლიომ. ჩვენ 180 შემთხვევა ცალ-ცალკე შევისწავლეთ და დავადგინეთ, რომ ყველა ამ ადამიანს პოლიტიკური მოტივით წარუდგინეს სხვადასხვა ბრალი. რაც შეეხება სააკაშვილის ნათქვამს, პედოფილები გამოუშვესო, ერთი სახელი და გვარი დაასახელოს, ინიციალები მაინც. არადა, თვითონ შეიწყალა პოლიციელი, რომელმაც ბავშვი გააუპატიურა. უმცირესობიდან გვეხვეწებოდნენ, კოჭოიას ნუ შეიყვანთ პოლიტპატიმართა სიაშიო, მაგრამ შევიყვანეთ, გვეხვეწებოდნენ, ოთანაძეს ნუ შეიყვანთო და ბოლოს სააკაშვილმა თვითონ შესთავაზა ოთანაძეს, მაგათი გამოშვება არ გინდა, მე გაგიშვებო. სადაა აქ ლოგიკა?" – განაგრძობს რესპონდენტი.

"მცირე პოლიტიკური რყევების გარეშე არც ერთი ქვეყანა არ არსებობს. მაგრამ საქართველოში უახლოეს მომავალში სერიოზული პოლიტიკური კრიზისის საფუძველი არ არსებობს. ის, რომ ნაციონალები დაბრუნდებიან ხელისუფლებაში, არის ყოვლად უსაფუძვლო მოლოდინი. ცოტა ხნის წინ ენ-დი-აიმ ჩაატარა კვლევა, რომლის მიხედვითაც "ნაციონალურ მოძრაობას" 10% აქვს, რაც რეალურად ნიშნავს, რომ მათ სულ 2% აქვთ, რადგან ჩვენ არაერთხელ ვნახეთ ენ-დი-აი როგორ ანგარიშობს ამ პროცენტებს. "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერთა რიცხვი თვალსა და ხელს შუა დნება. ამის ნათელი მაგალითი პარლამენტია: უმცირესობიდან პრეზიდენტის წინადადებას ხმა 24-მა კაცმა მისცა. 59 კაცი რომ გყავს და ამაზე მეტ ხმას ვერ მოაგროვებ, ეს რას ნიშნავს? რას ნიშნავს, დარბაზში რომ ზის ბატონი როლანდ ახალაია და წინააღმდეგს რომ არ აჭერს ხელს, ლევან ბეჟაშვილმა რომ არ დააჭირა, ეს შეგნებულად მოხდა, მაგრამ ახალაია, ნახეთ, რა ჭკუაზე მოსულა?! ასე რომ, "ნაცმოძრაობის" რიგები დნება. რამდენიმე კაცმა კი, რომლებიც არ გამოსულან მაგ ორგანიზაციიდან, ხმა მისცა ვეტოს დაძლევას", - ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

"სააკაშვილს უფლება აქვს, დაითხოვოს მთავრობა, მაგრამ კანონის მიხედვით, ამისთვის შესაბამისი პირობებია საჭირო. თუ მიხეილ სააკაშვილი მოძებნის ფორმას პარლამენტის დასათხოვნად, მაშინ პარლამენტი მოძებნის კონტრთამაშის გზას. მაგალითად ასეთს: საქართველოს კონსტიტუციაში წერია, რომ ქვეყნის პრეზიდენტს ირჩევენ 5 წლით, ეს ხუთი წლის ვადა მას გასდის ა.წ. 5 იანვარს, აქედან გამომდინარე, შეიძლება დავსვათ მისი სახლში გაშვების საკითხი. ამისთვის ხმების მოგროვება პარლამენტში, არა მგონია, ძალიან გაგვიჭირდეს. ეს ჩვენ არ გვინდა და იმედია, სააკაშვილიც ხვდება, რომ ეს მას ხელს არ აძლევს. პრეზიდენტს არ შეუძლია გამოიწვიოს იმგვარი კრიზისი, რომლის შედეგადაც ხელისუფლებაში დაბრუნდება", - დასძენს ლევან ბერძენიშვილი.