თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 21 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ

ჩვენს ცენტრში გვყავს 21 დადასტურებული პაციენტი, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში ერთი კრიტიკულად მძიმე და 2 მძიმე პაციენტი ჰყავთ.

„სამივეს მდგომარეობა უკვე სტაბილურია, მათთან აღარ შეინიშნება დაავადების პროგრესირება“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1436 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1150-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6018 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 249.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.